მე-ჩემი თავის მშობელი

0
თანამედროვე ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუკი სიყვარულში იზრდება ბავშვი- ის ბუნებრივად იწყებს სამყაროს და თავის თავის ნდობას; სწორედ ნდობას მიანიშნებენ მასაზრდოებლად, რადგან მის გარეშე დარჩენილ სიცარიელეს ეჭვი ავსებს. ეფემერული განუზღვრელობის მიღმა- სიყვარულს მეცნიერული სიზუსტით განმარტავენ: საჭიროებებზე ადექვატური და თანმიმდევრული რეაგირება, რაც შემდგომში ემოციურ სიჯანსაღეს განაპირობებს. აქცენტი ადექვატურობასა და თანმიმედვრულობაზე კეთდება - ეს აერთიანებს თავის თავში მშობლის პასუხისმგებლობასაც (ინგლისური სიტყვა-Responsibility ზუსტად ასახავს არსს : response- able, ანუ რეაგირების შემძლე). გადამეტებული ჩარევა ფსიქოლოგიურ სივრცეში, ისევე როგორც გულგრილობა ან საჭიროებების უგულებელყოფა - პირდაპირი სიგნალია ბავშვისთვის, რომ ის არ უყვართ; რომ მშობელი არ არის სანდო საფუძველი სამყაროს შესასწავლად. აქედან გამომდინარე, განცალკევებაც საფრთხის შემცველი ხდება. საინტერესო ისაა, რომ ადამიანი, რომელმაც ვერ მოახერხა შესაბამის ასაკში განცალკევება, ანუ საკუთარი ცენტრის პოვნა - მუდმივად მისტირის „დაკარგულ მშობელს“ და ეძებს მას ზრდასრულ ურთიერთობებში. „მიღალატა“, „მიმატოვა“, „ მიმტყუნა“, „ ცუდად მომექცა“-ეს ასე ნაცნობი და მრავალჯერ თქმული-დიდი ბავშვების ფრაზებია! როგორ ხდება, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი პიროვნება ამ პასიური მდგომარეობის ობიექტი? სწორედ ასე: თუ არ მაქვს ნაპოვნი ნამდვილი ცენტრი, პასუხისმგებლობას თვითშეფასებაზე თავად არ ვიღებ და სხვა ადამიანს ვაკისრებ „მშობლის“ ფუნქციას, რომელიც განსაზღვრავს ვინ ვარ მე საკუთარ აღქმაში - მისი ემოციები და აზრები ჩემი თვითწარმოდგენის და ემოციების მაპროვოცირებელი ხდება. ეს არის ის წერტილი, როცა სხვის მიმართ ნდობის დაკარგვა საკუთარი თავის დაკარგვის ტოლფასია. აქ იწყება მახინჯი მხარე მოლოდინების და აგრესიაც. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ლამის განადგურებით მემუქრება როცა „არასწორად“ იქცევა და აქვე შემოდის სიტყვა- „მომექცა“! უდავოდ, ურთიერთობას თავისი წესები და საზღვრები აქვს და ეს ჯანსაღიცაა- გარკვეული ფასეულობების ირგვლივ გაერთიანება; ასეთ დროს, ადამიანი იმის მიხედვით ხდება მეგობარი, პარტნიორი, თუ რამდენად ბევრი მაქვს თანაზიარი ინტერესი, მისწრაფება, ენერგეტიკა და არა იმის მიხედვით- როგორ შეასრულა მასზედ დაკისრებული “ნდობით“ აღჭურვილი პირის როლი, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს ჩემზე წარმოდგენები შემიქმნას, საქმიანობა შემირჩიოს, პირადი ცხოვრების მიმართულებები განმისაზღვროს, ჩაცმის სტილი მომიწონოს ან დამიწუნოს. ჩვენი რელიგიური აღზრდაც, რომელიც ოჯახიდან დაწყებული ყველა შემდგომ საგანმანათლებლო და შრომით ინსტიტუციებში თავის გამოძახილს ჰპოვებს ხოლმე, რადგან სრულიად სოციუმია გაჟღენთილი ამ გავლენებით- სწორედ ასეთ ფორმირებას აძლევს ჩვენს წარმოდგენებს : ღმერთი ანუ ის საყრდენი ძალა, რომელიც სამყაროში უზენაესი ძალაა -ჩვენს გარეთაა, სხვაა და მასთან მიმართებაში შემსრულებლები , დამნაშავეები, ცოდვილები, უძლური მონები ვართ. შესაბამისად, მე ჩემში კი არ ვეძებ ძალას, ღმერთს, საყრდენს; მე კი არ ვარ ჩემივე თავის უფალი-ანუ თავისუფალი, პასუხისმგებელი და შემძლე მხარე, არამედ გარეშე ცენტრი კისრულობს ამ ფუნქციას. ეს მოდელი- „ყოვლისშემძლე“ მენტორის და უსუსური ბავშვის- ყველა ურთიერთობაში გადადის, რასაც მეტწილად ბავშვობის დროინდელი გავლენები უწყობს ხელს, როცა ჩვილი მართლაც მთლიანადაა დამოკიდებული მშობელზე - აქ ეყრება საფუძველი საკუთარი ძალაუფლების არაჯანსაღ (ხშირ შემთხვევაში) გაგებას რაც, არცაა გასაკვირი, რომ ბავშვური ცნობიერების, უფრო სწორად- გაუცნობიერებლობის იქით გასაქანს არ გვაძლევს არც ზრდასრულ ასაკში. შემდეგ კი გვიკვირს- სადაა თავისუფალი, ძლიერი, სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანი?
0