ცვლილებების ქარი

0
სიახლეს ყოველთვის განახლების განცდა მოაქვს…ამჯერადაც ასე მოხდა… თითქოს ის დაუგეგმავია ხოლმე, სწორედ ამითაა მიმზიდველი, თუმცა ხანდახან შესაძლებელია ჩვენვე მივცეთ მას ინიცირება, საწყისის საფუძველიც ჩვენვე გავხდეთ… პარადოქსულად ჟღერს, მიუხედავად ამისა რეალობას არაა მოკლებული ეს ამბავი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმის თქმას ვაპირებ რომ მიყვარს ჯერ აუთვისებელი-გამოწვევებს რომ გიქადის ; არ მიყვარს ახალი ამბები ანუ საინფორმაციო გამოშვება და იცით რატომ?-არ მომწონს, როცა სხვა მიყვება და მისაზღვრავს რა არის მნიშვნელოვანი, ყურადღება მისაქცევი და გასათვალიწინებელი. მე თავად მინდა ვეძიო, ვისწავლო, შევიმეცნო-ამას მოაქვს ჩემთვის თვითკმარობის შეგრძნება და იმისიც, რომ ცხოვრება მუდმივი მოძრაობაა, მეც ამ თავგადასავლის ნაწილი ვარ და ცვლილებები გარდაუვალია… ხშირად ადამიანები ვაკორექტირებთ ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ სინამდვილეს. თითქოს ჩვენ უკეთ ვიცოდეთ რა გვინდა და რა გვჭირდება. სამყარომ სიცოცხლე გვაჩუქა, ჩვენზე ზრუნავს დაბადების წამიდან. არა დაბადებამდეც… ამას ბავშვები ხვდებიან ყველაზე უკეთ, როცა ბუნებრივად ენდობიან ცხოვრებას.იღებენ იმას რაც არის როგორც მოცემულობას, საკუთარი შეხედულებების გარეშე… შემდეგ უკვე ზრდასრულ, „გონიერ“ ადამიანებს აღარ გვაქვს ამის „ფუფუნება“… ერთიდაიგივე სიზმარი მესიზმრებოდა ხოლმე იმ დროს: მივრბივარ ფანჯარასთან და ვაღებ, ვაღებ, ვეჯაჯგურები რომ შუქი შემოვუშვა, ჰაერი ჩავისუნთქო, ჩიტების ხმა გავიგონო… მერე იუნგის არქეტიპებში ვიქექებოდი ხოლმე გამოღვიძებული-რაღაცას ვეძებდი სულ- ხან წიგნებში… ხან სიზმრებში… ღრმად ჩავისუნთქე, ისე როგორც წყალში ჩასახტომად ემზადებიან ხოლმე… მერე ამოვისუნთქე- ისე როგორც საყვარელი ადამიანის დანახვაზე შვება გეძლევა … ისევ ჩავისუნთქე და გავახილე თვალები, ისე როგორც ამას ახალშობილები აკეთებენ-შეჭმუნვით, უფოკუსოდ, გაფანტული მზერით, მაგრამ მაინც …გავახილე… -ცვლილებები გარდაუვალია… არ მაცადა სიზმარში დაბერილმა ქარმა, შემოლეწა ფანჯრები, ისე რომ მისვლაც ვერ მოვასწარი, რომ გამეღო თავად. შემაჟრჟოლა ძილში, არ მინდოდა გამოღვიძება.სიზმარი უფრო ტკბილია ხოლმე… ჩიტების ხმაური შემოყვა შემოქანებულ ქარს… -ცვლილებები გარდაუვალია…- რატომ მაშტერდება ასე თვალებში… გადავხედე მეგობარს, თითქოს პასუხს მას ვთხოვდი.მან გამიღიმა: -„კოffი-ბრეიქზე“ გავდივართ, წამოო. ვზივარ ევროპულ სტილში გადაწყვეტილ სასტუმროს ფოიეში, ევროპულ სტილშივე გაწყობილ მაგიდასთან. მარტო არ ვარ- სხვებიც არიან, თუმცა ასეთი სიმყუდროვე მარტოსაც არ განმიცდია არასდროს. ფორთოხლის წვენს ვწრუპავ და ყავა-მომარჯვებულ თანაჯგუფელებს ვუღიმი შორიდან. ევროპულზე გამახსენდა- ორ დღეში ჩაწერაზე მივდივარ რაღაც გადაცემის:ევროპელობა თუ ქართველობა -ამ თემაზე ვისაუბრებთო… მონახაზს ვაკეთებ გონებაში… რას ნიშნავს ? რა განსხვავებაა? რა საერთოა? თანასწორობა, თავისუფლება, ტოლერანტობა-ამ ფასეულობებს ეროვნება აქვს? თუ ეს ჩვენი სულის სიზმრისეულ წიაღში აღმოცენებული და ფესვგადგმული ურყევი ღირებულებებია იუნგისეული არქეტიპებიც რომ არ იცოდე -ნამდვილი ცვლილებების საფუძვლად რომ იქცევა ცხოვრებაში… „ციტრუსი“ -ნათლად იკითხება სასტუმროს ბრენდირებულ შესასვლელზე, რა ირონიულია გავიფიქრე და მივუბრუნდი ფორთოხალს, რომელსაც ცე ვიტამინთან ერთად თავისუფლების გემოც მოაქვს… გარდაუვალი თავისუფლების…
0