სასამართლო რეფორმის შესახებ ოპოზიციამ მემორანდუმი გააფორმა

ByM.m.m.Georgia
0
ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც ახალი მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული მემორანდუმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხებისა და ერთიანი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ძალაში უნდა შევიდეს. მემორანდუმს უცვლელად გთავაზობთ: პოლიტიკურ პარტიათა შეთანხმება სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე ქვემოთ ხელმომწერი პარტიები ვთანხმდებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განვახორციელებთ შემდეგ რეფორმებს და დავისახავთ შემდეგ ამოცანებს: 1. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს; 2. 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე; 3. საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით - 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება. 4. უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ; 5. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება.
#პოლიტიკა
#ოპოზიცია
#სასამართლო
#პარლამენტი
#რეფორმა
#მემორანდუმი
#politics
#თბილისი
#საქართველო
ByM.m.m.Georgia
0