მხატვრულ ტექსტებში ამბის არსი "უჩინარი სიტყვების" დახმარებით იქმნება — კვლევა

0

როგორც კი ადამიანებმა ამბების მოყოლა დავიწყეთ, თითქმის მაშინვე ამ ამბავთა დეკონსტურქციით დავინტერესდით. საუკუნეების განმავლობაში თეორეტიკოსები, ფილოსოფოსები თუ სწავლულები ნარატიურ სტრუქტურებს მარტივ მამრავლებად შლიდნენ, რათა ის ფუნდამენტური ელემენტები ეპოვათ და გამოეყოთ, რომლებიც სძენენ ამბებს ფორმასა და მნიშვნელობას. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში არისტოტელე ამბის სტრუქტურებს სწორედ ასე იკვლევდა. რა თქმა უნდა, ოცდამეერთე საუკუნეში მეთოდები შეიცვალა — კომპიუტერული მეცნიერების განვითარებამ იმის უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, რომ არა თუ ცალკეული ტექსტის შიდა ლოგიკა ვიკვლიოთ, არამედ მთლიანი ლიტერატურული ტრადიციების მასშტაბით გამოვკვეთოთ სქემები. ამ მიზნით, რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა ენის ანალიზის ტექნიკა 1,700 მხატვრული ნაწარმოების გამოსაკვლევად გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ ყველაზე პოპულარულ ტექსტებში იკვეთებოდა ექვსი ძირითადი ემოციური განვითარება — ამბის სვლის ტრაექტორიები, რომლებიც ემოციური მუხტის გაძლიერებითა და შესუსტებით წარმოიშობა და მთლიანი ნარატივის საფუძველს ქმნის. თუმცა ამბის არსი მხოლოდ ემოციური აღმასვლა-დაღმასვლით არ შემოიფარგლება. მეცხრამეტე საუკუნეში გერმანელმა მწერალმა, გუსტავ ფრაიტაგმა კლასიკური ტრაგედიის დრამატურგიული სტრუქტურის არისტოტესეული დაყოფა გამოიყენა და შეიმუშავა სისტემა, რომელსაც დღეს "ფრაიტაგის პირამიდის" სახელით ვიცნობთ. "არსებითად, ფრაიტაგის ჰიპოთეზა გვეუბნება, რომ ამბის თხრობაში სამი ძირითადი პროცესია ჩართული", — ხსნიან ახალი კვლევის ავტორები, — "პირველ რიგში, მთხრობელი ამბის კონტექსტს განსაზღვრავს. მას შემდეგ, რაც ამბის ძირითადი ელემენტები სახეზეა, სიუჟეტის განვითარებაც იწყება, რომლის დროსაც პერსონაჟები დროსა და სივრცეში გადაადგილდებიან და მზარდი ინტენსივობით ამყარებენ ერთმანეთთან კავშირს. ამბის კულმინაცია კი ის ცენტრალური კონფლიქტი ან კოგნიტური დაძაბულობაა, რომელთან შეჭიდება და რომლის გადალახვაც პერსონაჟებს უწევთ".

#ხელოვნება #მწერლობა #უჩინარისიტყვები #მათიარსი
Tbilisi
#ხელოვნება
0