შენს ძებნაში
შენს ძებნაში, რად დავაცვითავ
ულაყს, ფაფარაშლილს ფოლადის ნალებს,
თუ კოშკის კარებს არ გამიღებ და
არ შემომაყრი საცერა თვალებს.
თუ ვერ იგრძნობ და ვერ დაინახავ,
გულში დანთებულ მხურვალე ალებს,
თუ ჩემთან ერთად არ შემოივლი
აბიბინებულ მდელოს და ჭალებს.
თუ არ მანახვებ–დამათვლევინებ
ღვთაებრივ ტანზე დაბნეულ ხალებს,
თუ ვერ მიხვდები რად ვეფერები
შენად მომგვანო ვარდისფერ ქალებს.
მშვენიერების შენის ცქერისთვის
თუ კვლავ დამადებ უთვალავ ვალებს,
თუ სამუდამოდ დაახშობ ჩემთვის
უბის ღილკილოს და გულის კარებს.
თუ არ მიშველი, რომ გავუმკლავდე
სულის ქარიშხლებს, გულის გრიგალებს,
მაშინ მიბრძანე, დღესვე გავლესავ
შხამში ჩაწებულ სამღარა დანებს,
ხორცს მივაბარებ მშობლიურ მიწას,
სული შენს მკერდზე თუ დაივანებს.
აკაკი ზოდელის ლექსი
#ხელოვნება