ანაკლიაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვიშიანი ქარი იყო, რამაც მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ქვიშა მათ საცხოვრებელ სახლებში აღწევს, ვერ აღებენ კარებს და უფრო მეტიც, გადაადგილება უჭირთ. ისინი შიშობენ, რომ ეს მათ ჯანმრთელობასაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
მოსახლეობის თქმით ქარიან ამინდში სიტუაცია მუდმივად ასეთია. ქვიშაც არ ითქმის, რაღაც წვრილი მტვერია, რომლის ჩასუნთქვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. პრობლემა განსაკუთრებით იმ ოჯახებს ექმნებათ, ვინც პორტთან ახლოს ცხოვრობს. მტვერი 110 ჰექტარზე მოყრილ 5 მილიონ კუბურ მეტრ ქვიშიდან მოდის, რაც სიღრმიდან გრუნტის გამყარების გამო ამოიტანეს. ამ ტერიტორიას ადრე რწყავდნენ, მაგრამ ახლა ამას არავინ აკეთებს.
კონსორციუმის წარმომადგენლის სოფო შამუგიას თქმით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათთან ხელშეკრულება გაწყვიტა, არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ პრობლემის მოსაგვარებლად. “საუბარია 110 ჰექტარზე მოყრილ 5 მილიონ კუბურ მეტრ ქვიშაზე, რაც სიღრმიდან გრუნტის გამყარების გამო ამოიტანეს. მისი დაკონსერვების სამუშაოები ვერ მოესწრო, რადგან 2020 წლის 3 თებერვლიდან ჩვენ არ ვფლობთ ამ ტერიტორიას და არ გაგვაჩნია ბერკეტები. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე ეკისრება სახელმწიფოს“, - ამბობს სოფო შამუგია.
#ანაკლია
#სამეგრელო
#კონსორციუმი
#პორტი
#zugdididaily