საქართველომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტა

ByM.m.m.Georgia
0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობა საგანგებო რეჟიმზე გადაერთო. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული რეკომენდაციები და რეგულაციები ჩვენს ქვეყანაშიც გავრცელდა. სწორედ ამიტომ, საქართველომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარი 10 დღით ჩაკეტა. ჯერჯერობით აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ სამოქალაქო პირებზე იმოქმედებს. ამ ეტაპზე სატვირთო გადაზიდვებსა და სატრანზიტო საშუალებებზე ეს რეგულაცია არ იმოქმედებს - მათ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მეზობელი ქვეყნების კოლეგებთან საკონსულტაციო საუბრის შემდეგ მიიღო. მიუხედავად ამისა, საზღვრის მიღმა დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნება შეუძლიათ - მათ ჩამოყვანას საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, ჩვენს ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა დაფიქსირდა. საბედნიეროდ, საქართველოში ფატალური შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, თუმცა მეზობელ აზერბაიჯანში გუშინ, 12 მარტს, კორონავირუსის შედეგად 51 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.
#საქართველო
#აზერბაიჯანი
#სომხეთი
#კორონავირუსი
#coronavirus
#Georgia
#Armenia
#Azerbaijan
#news
#politics
ByM.m.m.Georgia
0