როგორ არეგულირებდა 1921 წლის კონსტიტუცია ეთნიკურ უმცირესობათა განათლების საკითხს ?

0
საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 8 მაისის სხდომა კვლავ ენის საკითხს მიეძღვნა. აქ გამოვყოფთ ლევან ნათაძის მოსაზრებებს, სადაც ის დედა-ენის სწავლების არა ვალდებულებას, არამედ უფლებას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ პედაგოგიკის ელემენტარული მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაწყებით სკოლებში სწავლების უფლება მხოლოდ დედა-ენაზე უნდა წარიმართოს: “ძველი რეჟიმის პოლიტიკა ამ უდიდეს პრინციპს ებრძოდა და ჩვენ კი ამ პოლიტიკას ვებრძოდით. სწავლა-განათლების საანბანო განმარტებაა, რომ პირვედაწყებით სკოლებში საგნების შესწავლა მაშინა რის ნაყოფიერი, თუ სწავლება დედა-ენაზე ხდება.სახელმწიფო ენის შესწავლა უნდა დაიწყოს შემდეგ საფეხურზე, უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებლებში”.[15] გარდა ამისა, სახელმწიფო ენის სწავლებაც სავალდებული იქნებოდა. კონსტიტუციის მე-12 თავი “სწავლა-განათლება და სკოლა” ეძღვნება განათლების კონსტიტუციურ დონეზე დარეგულირების საკითხებს: 1) ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია: სახელმწოფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. 2) პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა. საზოგადო სკოლების სისტემა ერთს ორგანულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც პირვედაწყებითი სკოლა საფუძველია საშუალო და უმაღლესი სკოლისა. 3) სწავლა-განათლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა. 4) სახელმწიფო მიზნად ისახავს: პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავალის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველ წლიურად. 5) კერძო თაოსნობით დაარსებული სკოლა ემორჩილება საერთო სასკოლო კანონს.[16] ეროვნულ უმცირეობათა უფლებანის შეფასებისა და ანალიზის პროცესში მეტად მნიშვნელოვანია კონსტიტუციის პროექტის მე-14 თავის განმარტებითი ბარათი: “კონსტიტუციის პროექტის მე-14 თავის დედა-აზრი არის ისევ ის, რომელიც სათავეში უდევს ამავე პროექტის მე-12 თავს, (“სწავლა-განათლება და სკოლა”). კულტურის გაძლიერება და კულტურული დონის ამაღლების ხელშეწყობა, მხოლოდ ეს იდეა მე-14 თავში შეფარდებულია საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრებ არა-ქართველ ერთა საჭიროებასთან”.[17] სახელმწიფო მოხელეებს სწამდათ კულტურული მრავალფეროვნების იდეისაქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და მას საერთო სახალხო კუთვნილებად თვლიდნენ. “რამდენადაც უფრო მრავალფეროვანია მთელი სახელმწიფო კულტურა, იმდენად უფრო ღრმავდება და მძლავრდება კულტურა თვითოეული ერისა”.[18] შესაბამისად, კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა, ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების კულტურული წინსვლა, პირველ რიგში, ქართველი მოსახლეობის კულტურულ განვითარებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ, არა ქართველი მოსახლეობის ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს, როგორც ეროვნული სახელმწიფოს მოსახლეობის უმეტესობას ქართველობა წარმოადგენს. ეს არის ნაციონალური, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების საფუძვლები.[19] განმარტებით ბარათზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ქართული ნაციონალური პროექტი 1918-1921 წლებში, ქართველი და სხვა ერების ნაციონალური და ეთნიკური თვითგამორკვევის პროცესში კულტურას, განათლებას, დედა-ენას, თვითმმართველობების განვითარებას, ეროვნული კავშირების დაარსებას, კულტურულ ავტონომიას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ანიჭებს უპირატესობას. ეს ბარათი შესაძლებელია მივიჩნიოთ ქვეყნის მოწყობა-განვითარების პატარა მოდელად. რაც მთავარია, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაწყებული კულტურული ნაციონალიზმის ბუნებრივი გაგრძლება 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობაა და კულტურული ნაციონალიზმიდან ერი-სახელმწიფოს ფორმირებისაკენ მიმართული ეტაპია. საქართველოს, როგორც ერი-სახელმწიფოს კონცეფცია თანმიდევრულად იქნა გატარებული 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავების დროს. გათვალისწინებული იყო ყველა ის გარემოება, როდესაც დემოკრატიულ რესპუბლიკას მთელი სამი წლის მანძილზე, უწევდა ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ეროვნულ უმცირესობათა საკითხის აქტუალიზაცია უდიდეს სახელმწიფოებრივ ინტერესად იქნა მიჩნეული. საბოლოო ჯამში, ამგვარი სახის მსჯელობები დაედო საფუძვლად 1921 წლის კონსტიტუცის მე-14 თავს, ეროვნული უმცირესობების უფლებებს, რომელიც ცხრა მუხლისგან შედგება. აქედან ექვსი მუხლი ეთმობა მათ კულტურულ, საგანმანათლებლო, ენობრივი არჩევანისა და ადგილობრივი სათემო, საერობო და საქალაქო გაერთიანებების უფლებებს. კერძოდ: 1) არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედა-ენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა. ყველას აქვს უფლება სწეროს, ჰბეჭდოს და ილაპარაკოს დედა ენაზე. 2) ეროვნულ უმცირესობებისგან შემდგარი ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულების (თემი, ერობა, ქალაქი) უფლება აქვთ შეერთდნენ და დაარსონ ეროვნული კავშირი თავის კულტურულ-განმანათლებელი საქმეების უკეთ მოსაწყობად და გასაძღოლად კონსტიტუციისა და კანონის ფარლგებში. ეროვნულ უმცირესობას, რომელსაც ასეთი თვითმმართველობის ორგანოები არ მოეპოვება, შეუძლია ამის გარეშეც შეადგინოს ეროვნული კავშირი ამ მუხლში აღნიშნული უფლებითა და კომპეტენციით.ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ-განმანათლებელ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო და თვითმმართველობათა ბიუჯეტიდან გადაიდება ფინანსური საშვალებები პროპორციულად მცხოვრებთა რაოდენობისა. 3) ეროვნულად ნარევი ადგილობრივი მმართველობა ვალდებულია სწავლა-განათლებისათვის გადადებული თანხით დაარსოს საკმაო რიცხვი სკოლების და კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებებისა მოალაქეთა ეროვნული შემადგენლობის პროპორციის მიხედვით. 4) ეროვნულ უმცირესობის სკოლაში სწავლება სწარმოებს ბავშვის სალაპარაკო ენაზე. 5) ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში, სადაც რომელიმე ეროვნული უმცირესობა აღემატება ყველა მოქალაქეთა 20%-ს, ამ ეროვნულ უმცირესობის მოთხოვნით მსჯელობა და საქმის წარმოება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან ერთად მის დედაენაზეც. 6) არა ქართველ დეპუტატს, რომელმაც სახელმწიფო ენა საკმაოდ არ იცის, შეუძლია პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვას დედა-ენით, რომელიც სწორ თარგმანს წინასწარ წარუდგენს პარლამენტის პრეზიდიუმს. დაწვრილებით წესს განსაზღვრავს კანონი.[20] წყარო: არქივი
0