სტატია არქივიდან - რატომ სდევნიდნენ კომუნისტებს საქართველოდან ?
266 Views
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago

გაზ. ერთობა, 1920 წლის 13 აგვისტო, N182

„რისთვის გვდევნიან!“

ამ საინტერესო საკითხს აყენებს გაზეთი „ახალი კომუნისტი“ და, რა თქმა უნდა, თავისებურად აშუქებს მას. საქართველოს მთავრობა სდევნის კომუნისტებს იმიტომ, რომ კომუნისტების პარტია არის მდაბიო კლასების – პროლეტარიატის და გლეხობის ინტერესების დამცველი, თვით საქართველოს მთავრობა კი გაბატონებული კლასების წარმომადგენელია. ამ აზრს „კომუნისტი“ მეტათ ახირებულათ ასაბუთებს:

„რომელ პარტიას ატყდება უმთავრესად შინაგან საქმეთა სამინისტროს რისხვა? საკმარისია გადავავლოთ თვალი საქართველოს დამოუკიდებლათ არსებობის მოკლე ისტორიას, რომ უდავოთ ვსცნათ შემდეგი დებულება: ერთად-ერთი პარტია, რომელსაც მთავრობა დაუზოგავათ სდევნის, არის ჩვენი კომუნისტური პარტია. არც ერთი სხვა პარტია ან ჯგუფი არავითარ დევნას და შევიწროებას არ განიცდის”.

კომუნისტური პარტია არ არის ბურჟუაზიული პარტია, აღნიშნავს ქვემოთ „კომუნისტი“ და ასეთი დასკვნა გამოჰყავს: ჩვენ გვდევნიან იმიტომ, რომ ჩვენი პარტიაა სოციალისტური და საქართველოს სათავეში მდგომი პარტია კი არის ბურჟუაზიული. ასეთი თავის სინდისის დამამშვენებელი და სხვისის მომხიბვლელია „კომუნისტის“ აზრთა წყობა.

ჩვენ თანახმა ვართ იმის, რომ კომუნისტების პარტია არ არის ბურჟუაზიის კლასიური ინტერესების გარკვეულად დამცველი პარტია. მაგრამ, მიუხედავათ ამისა, ჩვენ მას ვთვლით გარკვეულად რეაქციის მატარებელ პარტიად. ჩვენი პარტია და ჩვენი ქვეყნის დემოკრატია დღიდან რევოლუციის დაწყებისა, მეტადრე დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, დარაჯათ უდგას იმას, რაც დემოკრატიამ მოიპოვა რევოლუციის გზით. უდიდესი ამ მონაპოვართაგანი, რასაც ჩვენ ვთვლით რევოლუციის გამარჯვების ერთად-ერთ პირობათ, არის საქართველოს დაცვა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი. ყველა ის პარტიები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრიან, წარმოადგენენ რეაქციონურ ძალას და ჩვენი დემოკრატია გააფთრებით იბრძვის მათთან.

„კომუნისტი“ გვიკიჟინებს: ბოლშევიკების პარტია ერთათ-ერთი პარტიაა, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში დევნაა აღმართული. ეს მტკნარი ტყუილია. ორი წლის განმავლობაში საქართველო არა ნაკლების გააფთრებით ერბძოდა დენიკინელებს; როდესაც საქართველოს სამხრეთიდან ემუქრებოდა სერვერ-ბეგის შავი ლაშქარი, მთელი ჩვენი დემოკრატია, როგორც ერთი კაცი, ფეხზე დადგა და ბრწყინვალე პასუხი გასცა მტერს. როდესაც ამიერკავკასიის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდა „დაშნაკ-ცუთიუნი“, საქართველოს დემოკრატია ამ პარტიასაც არა-ნაკლების გააფთრებით ებრძოდა, ვიდრე დღეს ებრძვის კომუნისტებს. ყველა ამ პარტიებმა იმდენათ დაიმსახურეს ჩვენი დემოკრატიის რისხვა, რამდენათაც ისინი ემუქრებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.

ნათელი და პირდაპირია ის პოლიტიკური გზა, რომელსაც ადგია ჩვენი დემოკრატია: იგი საქართველოს დამოუკიდებლობას იმიტომ კი არ იცავს, რომ ეს კერპად, სამარადისო ღირებულებად მიაჩნია, როგორც ნაციონალისტებს, არა: საქართველოს დამოუკიდებლობა დღევანდელ ვითარებაში ერთად-ერთი პირობაა დემოკრატიულ წეს-წყობილების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად და მის საშუალებით სოციალიზმისაკენ ფართო გზის გასაკაფავად. საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობა ჩვენს თვალში უდრის დემოკრატიზმის დამხობას და სოციალიზმის გზის დახშობას. ამიტომ ყოველი პარტია, რომელიც იბრძვის ამ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ჩვენს თვალში არის რეაქციის მატარებელი, რევოლუციის მტერი და ეს გვაიძულებს ჩვენ ამნაირ პარტიას ვებრძოლოთ ყოველის საშუალებით.

მაგრამ კომუნისტური პარტია ხომ პროლეტარიატის პარტიაა? გვიკიჟინებს „კომუნისტი“. „ჩვენ გვდევნის საქართველოს მთავრობა, როგორც პროლეტარიატის პარტიას“. საქმე სწორედ იმაში გახლავთ, რომ საქართველოში კომუნისტური პარტია ყველაზე ნაკლებ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს პროლეტარიატის პარტიათ. მთელის ჩვენის პასუხისმგებლობის ქვეშ გადაჭრით ვაცხადებთ: კომუნისტურ პარტიაში ძალიან მცირე ნაწილს შეადგენენ საქართველოს მოქალაქე-მუშები. ამ პარტიის თანაგრძნობთა უმეტესობა არა ქართველები და უცხო სახელმწიფოთა მოქალაქენია. ეს პარტია ეყრდნობაუმთავრესად წვრილ რუს-ჩინოვნიკობას და რუს-ოფიცრობას, რომლებიც რევოლუციამ და მით გამოწვეულმა სახელმწიფო დაწესებულებათა ნაციონალიზაციამ უადგილოთ დასტოვა.მაშასადამე ჩვენებური კომუნისტები ძველი ბიუროკრატიის თანაგრძნობით არიან ძლიერნი. მეორე ძალა, რომელიც ჩვენებურ კომუნისტებს თავის დასაყრდნობათ გაუხდიათ, არის მთაში შეხიზნული არა ქართველი მოსახლეობა, რომელიც ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ნაწილებთან ლამობენ ეროვნულად გაერთიანებას. მაშასადამე ჩვენებური კომუნისტები ნაციონალურ შუღლით ყოფილან ძლიერნი. მაგრმა ყველაზე საიმედო ძალა, ურომლისოდაც ჩვენებური კომუნისტები სრულს არარაობას და შეუმჩნეველს ძალას წარმოადგენენ, არის რუსეთიდან მომდგარი სამხედრო ძალა. ამ დღეებში „კომუნისტმა“ ეს თავისი პირით აღიარა. მაგრამ ეს სამხედრო ძალა არსებითად ისევ ის იმპერიალისტური ძალაა, რომელიც მოდიოდა ჩვენზე დენიკინის დროშის ქვეშ. ჩვენი ქვეყნისათვის ამ ორ ძალას შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. ერთიც მტაცებლური მიზნით იყო გამსჭვალული, არც მეორეა სხვა მიზნებით გამსჭვალული.

ამნაირად ძველი ბიუროკრატია, ნაციონალიზმი, იმპერიალიზმი – აი ის სამი იდეა, რომლის მატარებელიც არის ჩვენებური კომუნიზმი. ეს არის მთავარი ლოზუნგები, რომლებიც მათ დროშაზეა დაწერილი. სამივე ეს ლოზუნგი ისე მტრულია საქართველოს პროლეტარიატის და საზოგადოთ მშრომელი კლასის ინტერესებისათვის, რომ საქართველოს მთელი დემოკრატია გააფთრებით ებრძვის ამ ლოზუნგების მატარებელთ.

არქივიდან - Civil.ge


საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
4
Write a comment