მძინარე მზეთუნახავი

0
ჩვენს კულტურაში მიჩნეულია, რომ ქალს არსობრივად არაფერი მოეთხოვება-კი, თუ დიპლომიც გაქვს უკეთესია, მაგრამ ისიც ნომინალურად, სათქმელად, თორემ რეალურ ცხოვრებასთან დამაკავშირებელი ხომ შენი „რაინდია“! „ხოტბა შესასხმელი“ , „ჰაეროვანი არსებაა“ ქალი ჩვენს წარმოდგენაში; „მანდილოსანია“ , რომელსაც მშობლები თვალის ჩინივით უფრთხილდებიან, ელოლიავებიან და ასეთ ემოციურ ფუფუნებაში, „ზღაპრებში“ გაზრდილს შემდეგ „პრინც-რაინდს“ გადასცემენ მოსავლელად და „განჯინაში ჩასაკეტად“ - ავისგან დასაცავად...ნადავლივით არის ქართველი ცოლი !.. რით დავიმსახურეთ ქალებმა ასეთი „პედესტალი“?-ამის საფასური პირადი ფსიქოლოგიური სივრცე, საკუთარი აზრი და გადაწყვეტილებები, საქმე და მისწრაფებები ხომ არ არის? მთელ პასუხისმგებლობას და შესაბამისად „მართვის უფლებების საკონტროლო პაკეტსაც“ „რაინდს“ ვაჩეჩებთ - მერე კი რა გასაკვირია, რომ ის „განკარგავს“ რა, სად და როდის?! რამდენჯერ დაინგრა ეს მითი „მშვენიერ ასულზე და პრინცზე“ და მაინც იგივე გრძელდება. უკეთესი მომავალი და ცხოვრება თუ გვინდა შვილებისთვის და ახლობლებისთვის - რატომ ვიმეორებთ ერთი და იგივე „ზღაპარს“? რა არის დედააზრი? ის რომ „სასწაულების გვჯერა“ და „იქნებ შენ მაინც გაგიმართლოს“? საქმე ისაა, რომ უკვე საკმარისი მაგალითები გაჩნდა თანამედროვე რეალობაში- ქალების, რომლებიც თავად უზრუნველყოფენ თავს, საქმეც აქვთ და საზრუნავიც, მაგრამ რაღაც „სასწაულებრივად“ მათში მაინც ის „პატარა გოგონა“ დომინირებს- ბავშვობაში პირველად „მშვენიერ პრინცზე“ ზღაპარი რომ მოისმინა. ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ და ყურადღება მივაქციოთ აღზრდის პროცესში ჩანერგილ წარმოდგენებს, რომ ისინი მალიმიტირებელ დაბრკოლებებად კი არ იქცნენ, არამედ პირიქით- ცხოვრებასთან ადაპტაციაში და წინსვლაში დაეხმარონ ადამიანს! იქნებ ჯობდეს ოჯახშივე იმ ასპექტების კულტივირება, რომელიც ქალს და მამაკაცს შორის კომუნიკაციის ახალ გზებს აღმოგვაჩენინებს. გადავხედოთ და ამოვიცნოთ ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზები, რომლებიც „მძინარე მზეთუნახავების“ და „რაინდების“ ფსიქოლოგიური პორტრეტის განუყრელი ნაწილია : „სუსტი სქესი“, „ქალური ბედნიერება“, „გათხოვდება და ქმარი მიხედავს“, „ქალს აქტიურობა არ უხდება“, „კაცი არა ხარ?! -ნუ ტირი!“, „კაცური კაცი“, „მამა-ცი“; ეს აღზრდაში ჩადებული სტერეოტიპებია, რომლებიც თავიდან წვეთ-წვეთად და შემდეგ ნიაღვარად ქცეული სრულად განსაზღვრავს ადამიანის საქციელს. შემდეგი ეტაპი და გამიჯვნა სქესის მიხედვით საბავშვო თამაშებში იწყება: ფეხბურთი-ბიჭებისთვის, თოჯინები-გოგოებისთვის! არადა თამაშია ერთ-ერთი ის არეალი, სადაც შესაძლებელია საკუთარი სურვილების წარმოჩენა, ნების გამოხატვა, განსხვავებულის გააზრება, თავისებურებების აღმოჩენა. რაც შეეხება სკოლებს და სწავლებას-მოსწავლეების სწორი და თანაბარი მოტივაცია მასწავლებლების პირდაპირი მოვალეობაა!- ხელსაქმე ბიჭებისთვის ისეთივე სასურველია, როგორც ტექნიკური საგნების კარგად ცოდნა - გოგონებისთვის. შემდეგ აღარ მიიღებს „რაინდი“ გაოცებულ სახეს სახლში ჭურჭელი რომ დახვდება გასარეცხი, თავად შეძლებს გაართვას თავი ამ „საშინაო დავალებას“ და სამსახურიდან დაბრუნებულ „მზეთუნახავსაც“ ექნება საშუალება ტელევიზორის წინ წამოჯდეს კომფორტულად.
0