ბელარუსში მიმდინარე პროტესტის „ექო“ - ავტორიტარი ლიდერების შეშფოთების საფუძველი

0
ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვება“ ალექსანდრ ლუკაშენკოს პირველი ჩინეთის პრეზიდენტმა მიულოცა. მას მოჰყვა ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერთა მილოცვები. მეექვსე ვადით (1994 წლიდან) გაპრეზიდენტებული ლუკაშენკოს მისამართით გაგზავნილი „თბილი სიტყვების“ უკან, საკითხის სპეციალისტები სხვა მნიშვნელოვან გზავნილებს ხედავენ: პირველი - როგორ შეძლონ ავტორიტარმა ლიდერებმა საკუთარ სახელმწიფოებში მყარი ძალაუფლების შენარჩუნება; მეორე - რა ქმედებები განახორციელონ, პოტენციურად ძლიერი საზოგადოებრივი მუხტის საპირისპიროდ; ბელარუსში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების განმეორება განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და აზერბაიჯანის მთავრობებს არ სურთ. მათი მხრიდან, ლუკაშენკოს მისამართით გაგზავნილი „დაუყოვნებლივი მილოცვა“ იმაზე მეტყველებს, რომ მათ ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ „სოლიდარობის გამოხატვის“ მცდელობა აქვთ, რადგან ბელარუსში მიმდინარე პროტესტი „ნეგატიურ სიგნალს“ გზავნის მათ შიდა საზოგადოებებში. ამ ტიპის ლიდერებს საკუთარ სახელმწიფოებში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პრობლემები აქვთ - კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული უკმაყოფილებისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ზოგიერთი ლიდერისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველი უკრაინაში განხორციელებული „მაიდანის“ ექოა. თავად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2013-2014 წლებში, უკრაინაში დაწყებულ სისხლიან საპროტესტო აქციებს „ყალბი“ და დასავლეთის მიერ ინსცენირებული უწოდა. ე.წ. ფერადი რევოლუციების მიმართ შიში კრემლშიც საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, როგორც რუსეთს, ასევე რეგიონის ავტორიტარ მმართველებს ყოველთვის სურთ „მაიდანის“ ან „ფერადი რევოლუციების“ სავარაუდო გამეორების თავიდან არიდება მათი ქვეყნების ტერიტორიებზე. ოფიციალურ მოსკოვს სტრატეგიულ დოკუმენტშიც კი აქვს პირდაპირ მითითებული, რომ მისი საზღვრების სიახლოვეს „ფერადი რევოლუციები“ კრემლისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, რეგიონის ყველა ავტორიტარი ლიდერი მაქსიმალურად ეცდება მხარდაჭერა გამოუცხადოს ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს, რათა „მაიდანის“ ან „ფერადი რევოლუციის“ სცენარი თავიდან აირიდონ და ღია, დემოკრატიული ტიპის საზოგადობების ჩამოყალიბებას ხელი შეუშალონ თავიან სახელმწიფოებში. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Belarus #Lukashenko #elections #protest #maydan #colored #revolution #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0