ლუკაშენკოსადმი გაგზავნილი მილოცვა - ფაშინიანს ქვეყნის შიგნით აკრიტიკებენ

0
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის შიგნით მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებული“ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის გაგზავნილი „ნაჩქარევი მილოცვის“ გამო. ფაშინიანმა 10 აგვისტოს, ლუკაშენკოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია გაგრძელდება ორი ქვეყნის ხალხს შორის მეგობრობის განმტკიცება და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოება, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მიიღო, მაშინ როდესაც ამომრჩეველთა მხოლოდ 10%-მა დაუჭირა მხარი მთავარ ოპოზიციონერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავის მხრივ, ტიხანოვსკაიამ უარი თქვა გამოქვეყნებული შედეგების აღიარებაზე და ადგილობრივი ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულა. ზემოხსენებული გამო, უკვე მესამე დღეა ბელარუსში საპროტესტო აქციები და პოლიციასთან შეტაკებები არ წყდება. ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერმა ქვეყნის ტერიტორია დატოვა და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება. ტიხანოვსკაიას გუნდის წევრების განცხადებით, იგი ქვეყნიდან სამართალდამცავმა ორგანოებმა გააძევეს, რადგან ტიხანოვსკაია გამოქვეყნებული შედეგების გასაჩივრებას აპირებდა. სომხეთის შიდა საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სრულიად მიუღებელია ფაშინიანის მიერ გადადგმული ნაბიჯი და ლუკაშენკოსთვის გაგზავნილი „ნაჩქარევი მილოცვა“, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებაში სწორედ ფართომასშტაბიანი ანტი-სამთავრობო პროტესტის („ხავერდოვანი რევოლუცია“) შედეგად მოვიდა. არსებული მოსაზრებით, დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერმა მილოცვის შეტყობინება არ უნდა გაუგზავნოს ავტორიტარ მმართველს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ საბოლოო, ოფიციალური შედეგები არ გახდება ცნობილი. ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მილოცვა სრულად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლითაც ფაშინიანის გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა. საპირისპიროს აცხადებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შიდა პოლიტიკისგან განსხვავდება, რადგან სახელმწიფოებს სხვა დონეზე აქვთ ურთიერთობები. სომხეთი და ბელარუსი რუსეთის ხელმძღვანელობით არსებული „ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხო) წევრები არიან. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Belarus #Lukashenko #Armenia #Pashinyan #velvet #revolution #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0