აჭარის მაუწყებელში გათავისუფლებათა სერია გრძელდება.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, თეონა ბაკურიძე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
“დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე (გაუგებარი, მოგონილი, მიზანმიმართული) დირექტორმა სამსახურიდან გამათავისუფლა” - წერს წამყვანი და თან ურთავს ბრძანების ამსახველ ფოტოებს.
გათავისუფლებამდე, თეონა ბაკურიძე გიორგი კოხრეიძემ, აჭარა ტვ-ს ახალმა დირექტორმა, დროებით მოხსნა დაკავებული თანამდებობიდან და დისციპლინარული მოკვლევა დაიწყო.
ეს არ არის დირექტორის მხრიდან პირველი საკადრო ცვლილება. არასამთავრობო ორგანიზაციები და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა ნაწილი ცენზურის საშიშროებაზე საუბრობენ.
4 მარტს გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დანიშნა. აღსანიშნავია, რომ აბაზაძე სოციალურ ქსელში ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებებით გამოირჩევა. მისი დანიშვნა ცენზურის ახალ მცდელობად განიხილება. აღნიშნულმა საკადრო ცვლილებამ ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ თეონა ბაკურიძე იყო.
#აჭარა
#აჭარისტელევიზია
#ტელევიზია
#ცენზურა
#პროტესტი
#batumidaily