სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან, ანა აკოფიანთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება. აღნიშნული ინფორმაცია სომეხმა პოლიტიკოსმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გაავრცელა.
როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზია ფაშინიანის ცოლის ვიზიტი ბრაზილიაში, სადაც აკოფიანი ბრაზილიის პრეზიდენტის მეუღლეს შეხვდა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მოგვიანებით ჟაირ ბოლსონარუმ ეს ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ როდესაც ბრაზილიის პრეზიდენტის შესაძლო დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია შეიტყო, მაშინვე ცოლთან ერთად თვითიზოლაციაში გადავიდა.
„როგორც ვიცი, ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი არ სჭირს - ბოლსონარუს ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას ვირუსი არ აქვს. ხვალ დილით მე და ანა ტესტს მაინც გავიკეთებთ, რათა კითხვის ნიშნები აღარ დარჩეს“, - თქვა ფაშინიანმა.
სომხეთში კორონავისურის შემთხვევა 15-ჯერ დაფიქსირდა. საბედნიეროდ, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ვირუსის შედეგად გარდაცვალების ფაქტები არ ყოფილა.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო საქართველომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან სამოქალაქო პირებისთვის საზღვარი 10 დღით ჩაკეტა.
#სომხეთი
#armenia
#ფაშინიანი
#კორონავირუსი
#პანდემია
#politics
#პოლიტიკა