0
გაზაფხულის მოსვლა ქალების დღესასწაულებთან ასოცირდება, სამი მარტი - დედის დღეა, რვა მარტი კი ქალთა საერთაშოდისო დღედ აღინიშნება მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის საიდან იღებს სათავეს ეს დღე, რადგან უმეტეს წილად ჩვენ ქვეყანაში ქალთა დღეს ყვავილებისა თუ რიგი აქსესუარების ჩუქებითა და დაპოსტვით აღნიშნავენ. ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი. მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა. 1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. ქალთა სოლიდარობის სახელით, მომდევნო წლის 8 მარტს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით მოაწყვეს სამშვიდობო მსვლელობა 1913 წლის 8 მარტს. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი გახდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით ორგანიზებული დემონსტრაცია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკმა ალექსანდრა კოლონტაიმ დაითანხმა ლენინი, რომ ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გამხდარიყო, თუმცა ის სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმედ გამოცხადდა „საბჭოთა ქალთა უდიდესი დამსახურების გამო კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში სამშობლოს დაცვისას ფრონტსა და ზურგში, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში“. დიახ, ქალებს უხსოვარი დროიდან გვიწევდა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, რასაც რვა მარტის საერთაშორისო დღესასწაულად ჩამოყალიბების ისტორიაც ცხადყოფს. დღეს 15 მარტია და სტატისტიკური მომაცემების თანახმად ყოველი მეოთხე ქალი გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლია. ქალებო, არ მივცეთ არავის ჩვენზე ძალადობის უფლება!
#არაძალადობას
#ყველადღეჩვენია
0