1918 წლის 11 ივნისის ხელშეკრულებით აფხაზეთის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლამ, გამოიწვია საბჭოთა რუსეთის გაღიზიანება, რომელმაც დაიწყო სამხედრო კამპანია აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის. ბოლშევიკებმა პლაცდარმად აირჩიეს სოჭის ოლქი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა. სოჭში ჩამოყალიბდა შავიზღვისპირეთის შტაბი ნ. პოიარკოს ხელმძღვანელობით. ეფრემ ეშბამ და ნესტორ ლაკობამ ერთი პოლკი შეადგინეს მაიკოპში - დაახლოებით 2000 კაციანი შევსება მიიღეს სოჭისა და ადლერიდან სოჭის აღმასკომის თავმჯდომარის, გ. კრიშტოფის ხელმძღვანელობით.
ამ დროისთვის ქართული სახალხო გვარდიის ნაწილები გახმობილი იყო დუშეთის მაზრაში ბოლშევიკური აჯანყების ჩასახშობად და გუდაუთას იცავდა მხოლოდ 150 კაციანი გარნიზონი პორუჩიკ ლევ ნოვიკოვის მეთაურობით.
17 ივნისს რუსებმა ალყა შემოარტყეს გუდაუთას. გარნიზონმა სამდღიანი ბრძოლის შემდეგ გაარღვია ალყა და უკან დაიხია. 70 კაცი ტყვედ ჩავარდა, 24 გადარჩა და სოხუმში ჩავიდა. 20 ივნისს ბოლშევიკებმა აიღეს ახალი ათონი. მათ დაატყვევეს 100 ადამიანი, აქედან 11 აწამეს.
აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიმართა საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის. 18 ივნისს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. სამხედრო მინისტრის, გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით, აფხაზეთში გაგზავნილ იქნა რეგულარული არმიიის ნაწილები. მაზნიაშვილი მისი შტაბის უფროს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი თუხარელთან ერთად იმავე დღეს ფოთიდან გემით გაემგზავრა სოხუმში. მის განკარგულებაში იყო 500 ქვეითი, 300 ცხენოსანი აფხაზი, ერთი საარტილერიო ბატარეა, ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი სამი კატარღა და ორი ქვემეხით აღჭურვილი ხომალდი „წმინდა მიხეილი“. ამ დროისთვის რუსები ახალ ათონში იყვნენ გამაგრებული და სოხუმზე შეტევას აყოვნებდნენ, რამაც მაზნიაშვლს მომზადების დრო მისცა.
მაზნიაშვილმა შეტევა დაიწყო 22 ივნისს, აიღო ახალი ათონი და შემდეგ დღეს — გუდაუთა. წითელმა რაზმებმა დაიხიეს მდინარე ბზიფზე. ქართული ჯარის შეტევას ზღვიდან საარტილერიო ცეცხლით მხარს უჭერდა ფლოტი. რუსეთის ჯარმა უკან დაიხია, გაიარეს ბელორეჩენსკი, მაიკოპი, ნევინომისსკი და შეუერთდნენ ყუბან-შავიზღვისპირეთის რესპუბლიკის რაზმებს. ტყვედ იქნა აყვანილი ნესტორ ლაკობა, ხოლო ეფრემ ეშბა და გეორგ ათარბეგოვი ჩამოშორდნენ აფხაზეთს და საქმიანობა გააგრძელეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.
24 ივნისს აფხაზეთის სასხალხო საბჭომ მიიღო დადგენილება სოჭისა და ტუაფსეს დაკავების შესახებ. ეს გამოწვეული იყო ერთი მხრივ სასურსათო კრიზისით — საქართველოში იყო ხორბლის და ნავთობის მწვავე უკმარისობა, რომლის გადაჭრა შეეძლო ტუაფსეს ნავსადგურს — და მეორე მხრივ იმით, რომ ტუაფსეს ოლქი წარმოადგენდა აფხაზეთში რუსეთის ჯარების შეჭრის პლაცდარმს. ქალაქ სოჭიდან მაზნიაშვილს ატყობინებდნენ, რომ მოსახლეობა ელოდა ქართულ ჯარს და ქალაქი მზად იყო, გამოეყვანა 2000 კაცი. 28 ივნისს მაზნიაშვილის ჯარებმა აიღეს გაგრა, გადალახეს მდინარე მეხადირი, შევიდნენ პილენკოვოში და მიადგნენ მდინარე ფსოუს.
ამ დროს მაზნიაშვილის ჯარებს ვითარება დაეძაბათ ზურგში. 28 ივნისის ღამეს სოხუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე კოდორთან ახლოს გადმოსხმულ იქნა ოსმალეთის 800 კაციანი დესანტი. ოსმალეთის დესანტის გადმოსხმა ბათუმში მყოფ ვეჰიბ-ფაშას სთხოვეს ალექსანდრე შარვაშიძემ და ტატაშ მარშანიამ. ვეჰიბ-ფაშამ ოსმალეთის იმპერსიის მმართველობასთან შეუთანხმებლად გაგზავნა აფხაზეთში დესანტი. ოსმალების დესანტი აღმოაჩინა ქართველების ხომალდმა „წმ. მიხეილმა“ სანაპიროს პატრულირების დროს. დესანტს გაეგზავნა ულტიმატუმი 24 საათში დაეყარა იარაღი და დაეტოვებინა აფხაზეთი. ისინი დათანხმდნენ. ქართულმა მხარემ ხელთ იგდო მილიონ მანეთზე მეტი ღირებულების საბრძოლო ვაზნები და შაშხანები.
29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს მზიმთა და დაიკავეს ადლერი. ქართველებმა მოწინააღმდეგეს მოუკლეს 200, დაატყვევეს 100, ხელთ იგდეს თოფები და ტყვია-წამალი. 2 ივლისს ქართულმა ჯარმა რუსეთის ჯარის არიერგარდს გაუმართა ბრძოლა სოჭის მისადგომებთან. რუსებმა უკან დაიხიეს ქალაქში. ქართული ჯარი დაბანაკდა სოჭიდან 10 კმ.-ზე. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა. ხოსტასთან ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ხელთ იგდეს 6 ზარბაზანი, 8 ტყვიამფრქვევი, 200-მდე ტყვე. დაკარგეს 9 კაცი, მათ შორის ბატალიონის მეთაური პორუჩიკი ფირცხალავა. ხოსტის გათავისუფლებას დიდი სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხოსტასთან რუსებმა მოახდინეს ძალების გადაჯგუფება და მობილიზება, მაზნიაშვილმა გადაწყვიტა დაეწყო შეტევა 6000-იანი შენაერთით. ოპერაციის პირველ ეტაპზე შეტევა დაიწყო საქართველოს მცურავმა საშუალებებმა. „წმ. მიხეილმა“ ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგის საარტილერიო ბატარეას, რომელიც შედგებოდა 5 შორსმსროლელი ქვემეხისგან და მწყობრიდან გამოიყვანა რამდენიმე. ამის შემდეგ შეტევაში ჩაერთო ვალოდია გოგუაძის ჯავშნიანი მატარებელი. რუსეთის ჯარი არაორგანიზებულად იხევდა უკან ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორემდე. ხანმოკლე იერიშის შემდეგ ქართული არმიის მეწინავე რაზმმა აიღო სოჭი. მაზნიაშვილმა ქალაქში მხოლოდ საპოლიციო ფუნქციებით აღჭურვილი მცირე გარნიზონი შეიყავან. ძირითადი ძალებით კი ქალაქგარეთ დაბანაკდა. სოჭის მოსახლეობა სიხარულით შეხვდა ქართული ჯარის შესვლას.
15-26 ივლისს გამართულ ბრძოლებში საქართველოს ჯარმა უკან, ტუაფსესკენ დაახევინა მოწინააღმდეგეს. 23 ივლისს, დილის 9 საათზე ბრძოლა გამართა სოფლებს ლოოსა და გოლოვინკას შორის რუსეთის მთავარ ძალებთან. ბრძოლის დროს, მაზნიაშვილის ცნობით, რუსეთის ჯარი საარტილერიო ჭურვებით ისროდა მომწამლავ ქიმიურ საშუალებებს. მაზნიაშვილის ჯარმა დაამარცხა მოწინააღმდეგე, რომელიც უწესრიგოდ გაიქცა ტუაფსეში. ბრძოლის შედეგად ქართველებმა ხელთ იგდეს ერთი ზარბაზანი, ორი ტყვიამფრქვევი, ერთი ავტომობილი და ტყვიები. მაზნიაშვილის ბრძანებით ჯერ განხორციელდა ტუაფსეს კომუნიკაციების ბლოკირება, ხოლო შემდეგ არხიპო-ოსიპოვკასთან ქართული დესანტის გადასხმის იმიტაცია, რითაც განიზიდა ტუაფსესთან გამაგრებული რაზმების ნაწილი იქნა მიზიდული. ღამით „წმ. მიხეილმა“ დაბომბა მოწინააღმდეგის ქვემეხები და ნოვოროსიისკის შუქურასთან მოწყობილი საარტილერიო ბატარეა, რითაც გზა გაუხსნა ქართული ქვედანაყოფების წინსვლას. მოწინააღმდეგე ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა მაზნიაშვილის ჯარს, რომელსაც ყველა სიმაღლის აღება ბრძოლით უხდებოდა. 26 ივლისს, საღამოს 20 საათზე, 12-საათიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ საქართველოს ჯარი ტუაფსეში შევიდა. რუსეთის 1200 კაციანი ჯარი გადავიდა ჩრდილოეთით, არმავირში. ნაალაფარი შეადგენდა 4 ქვემეხს, 12 ტყვიამფრქვევს, 5 ორთქლმავალს, ავტომობილებს, სხვადასხვა საბრძოლო მასალებს და დიდძალ ქონებას. ქართულმა მხარემ დაკარგა ერთი და დაეჭრა 10 ჯარისკაცი. ქალაქის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გაგრის ფრონტის სარდალი ტარას ვაშაკიძე. ტუაფსეს ნავსადგურში მდგარი 28 ხომალდი გადანაწილდა ფოთის სავაჭრო ნავსადგურსა და სამხედრო ფლოტში.
თბილისიდან მაზნიაშვილმა მიიღო მორიგი ბრძანება, რომ უკან დასდევნებოდა მტერს და ყუბანში გადასულიყო. რუსეთის ძირითადი ჯარი გამაგრებული იყო სადგურ ბელორეჩენსკში. 4 აგვისტოს მაზნიაშვილმა შეუტია რუსეთის მოწინავე რაზმს, რომელიც ტუაფსედან 6 კმ.-ზე იდგა. შეტევისას საქართველოს ჯარი შეხვდა მოწინააღმდეგის ძირითად ძალას, მიხეილისა და მაიკოპის პოლკებს, სამი ზარბაზნით და ჯავშანმატარებლით, საერთო რიცხვით 4 ათასი კაცი, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ანტონოვი. ბრძოლა დაიწყო სოფელ გრეჩესკიდან 4 კმ.ზე. ექვსსაათიანი ბრძოლის შემდეგ ანტონოვის ჯარი დამარცხდა და დაიფანტა, მათ დაკარგეს ორთქლმავალი და ჯავშანმატარებელი. ქართველებმა დააკავეს მატარებლის მთელი პირადი შემადგენლობა, ხელში ჩაიგდეს 20 ზარბაზანი, 30 ტყვიამფრქვევი, ტყვია-წამლის დიდი რაოდენობა, მატარებლების ოთხი შემადგენლობა, საველე სამზარეულო, სურსათი, ცხვრის ფარა. მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურების მიზნით დადევნებულებმა საღამოს 4 საათზე აიღეს სადგური კრივენკოვსკოე და 5 კილომეტრით წაიწიეს წინ.
აგვისტოს დასაწყისში აფხაზეთში გადასხდა კიდევ ერთი ოსმალური დესანტი 1000-მდე კაცის შემადგენლობით. გიორგი თუხარელის ქვედანაყოფებმა ვერ მოახერხეს მასთან ბრძოლა. ოსმალეთის დესანტი 16 აგვისტოს თავს დაესხა მოქვის მონასტერთან სახალხო გვარდიის მცირე, 60-კაციან რაზმს, რომელმაც მოიგერია შეტევა.
სოჭის ოლქთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად მთავრობის რწმუნებულად ამ ოლქში დაინიშნა გიორგი ანჯაფარიძე, აგვისტოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა, ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი ბონებით და სხვადასხვა ვალუტა. ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან შედარებით საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი. ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის სასტუმრო „კავკასიის რივიერაში“ განთავსდა.