პოეზიის სწავლებისას მრავალი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის იმისაც, თუ რა შთააგონებს პოეტს წარმოსახვით შექმნას ახალი პოეტური განზომილება, რომელიც საოცარი მუხტითა და ენერგიით იზიდავს მკითხველს. ამ თემაზე ხშირად პოეტებიც ფიქრობენ და „ამხელენ“ კიდეც თავიანთი შთაგონების წყაროებს.
ლექსი იბადება იდუმალი, ღვთაებრივი წამებიდან, როდესაც ადამიანი განიცდის შემოქმედებით აღმაფრენას (რასაც მუზათა სტუმრობასაც უწოდებენ) და ქმნის რაღაც ახალს, ამოზრდილს განცდებიდან, შთაბეჭდილებებისა თუ გამოცდილებიდან.
Zugdidi Daily-ს რუბრიკის „წარმატებული ადამიანები სამეგრელოდან" დღევანდელი რესპოდენტი საბა გაბედავაა.
საბა ქალაქ ზუგდიდში, 2001 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. ამჟამად თბილისის ღია უნივერსიტეტის ჟუნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს და პარალელურად "საქართველოს კულტურის პალატაშია" დასაქმებული. როგორც თვითონ ამბობს, - ერთი რიგითი "ჯარისკაცია" სამშობლოს სადარაჯოზე.
ღრმა ბავშობიდან ახსოვს პოეზიასთან აქტიური ურთიერთობა. ლექსების წერა მისთვის დიდი განტვირთა ყოფილა, ალბათ, სიყვარულმა აალაპარაკა და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
პოეზია ჩემთვის თავისუფლებას, სულიერ სიმშვიდეს ნიშნავსო, - გვეუბნება საბა და ვთვლი, რომ მართლაც ასეა. პოეზია თავისუფლებაა, რომელიც ჩარჩოებიდან ლექსის მეშვეობით გიხსნის.
საბას ლექსებს თუ გადახედავთ, აშკარად დაინახავთ თუ როგორ უყვარს სამშობლო და როგორ ეამაყება ქართველობა. ლექსებსაც მეტწილად ამ მოტივით წერს.
"მოგეხსენებათ, ვცხოვრობ საქართველოს ერთადერთ კუნძულზე,
რომელიც მოქცეულია მდინარე ენგურსა და რუხის წყალს შორის .
ენგურს გაღმა აფხაზეთია... ბავშვობაში ბევრჯერ მიფიქრია ადიდებულ ენგურთან ჭიდილი, რომ გადამეცურა და ჩემი მიწისთვის მეკოცნა, გულში ჩამეკრო...
ვხედავდი თუ როგორ ახლოს იყო აფხაზეთი, თუმცა ამავდროულად
შორს... მდინარის პირას ჩამომჯდარი იმ გრძნობებს ლექსის სახით გადმოვცემდი, რომელიც ჩემს გულში ცეცხლად ენთო.
გრძნობა, რომელიც აფხაზეთთან ასოცირდებოდა და ასოცირდება ახლაც - დაკავშირებულია ტკივილთან, მწუხარებასა და მოლოდინთან, რომელიც სამშობლოს სიყვარულითაა გამოწვეული!
როგორ შეიძლება ქართველს არ სტკიოდეს საკუთარი ქვეყნის ტკივილი... როგორ შეიძლება ქართველმა საქართველოსთვის არ დაღვაროს სისხლი, მაშინ როდესაც ჩვენი წინაპრები კვლავ ჩვენივე მომავლისთვის იბრძოდნენ თავგამეტებით.
როგორ შეიძლება ისეთი ტრადიციის, კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანა არ გიყვარდეს, როგორიც საქართველოა... მე საქართველოს შვილი ვარ, ლამპრად სიყვარული მაქვს ანთებული და ჩემი ლექსების უმეტესობაც სწორედ ამ სიყვარულის სადიდებლადაა დაწერილი..."
სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდა არც პირად განცდებს ტოვებს გულგრილად და გრძნობებს ამ შემთხვევაში ლექსად ფუთავს. რომანტიკა მიყვარს, მაგრამ არ მიყვარს წვიმაში ცეკვა, მეორე დღეს ფილტვების ანთებით დასნეულებული მთელი კვირა მკურნალობა რომ გიწევსო, - ამბობს საბა, თუმცა არ გვეუბნება ვინ არის ის მანდილოსანი, რომლისთვისაც იწერება მისი ლექსების გარკვეული ნაწილი. "ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ გამოანათეს
ლამაზმა მანდილოსნებმა, ბევრი მათგანი ინსპირაციის წყაროც კი გამხდარა - მადლობა და მოკითხვა მათ ჩემგან, თუმცა ამჟამად ცალმხრივ სიყვარულს ვებრძვი, ხოლო იმას თუ ვინ არის ის - ამას ვერ გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის უმშვენიერესია და ძაან ემოციურად მღერის..."
ლექსის წერა მისთვის ემოციისგან დაცლას ჰგავს, წერს ხასიათის მიხედვით, განცდიდან განცდამდე.
"დაწყებაა ჩემთვის რთული პროცესი, მაგრამ შემდგომი პერიოდი ეს უკვე ენით აღუწერელ გრძნობებთანაა დაკავშირებული."
ლექსი ზოგიერთი მკითხველისთვის არის მხოლოდ გარითმული სტრიქონები ან ტაეპები, თუმცა, ის ლექსს წერს გულის აჩქარებამდე, სულის დამშვიდებამდე...
ამბობს, რომ დოგმატურობას არ ემხრობა, ყოველთვის წერს იმას, რასაც გრძნობს, წინასწარ არასდროს ფიქრობს თუ რა სტრუქტურა ექნება თავის ლექსს.
"სამწუხაროდ ბოლო პერიოდი შემოქმედებით კრიზისს განვიცდი და
ეს ძაან ცუდად მოქმედებს ჩემზე." - ამბობს საბა.
თუ ბავშვობას დავუბრუნდებით, იმასაც გავიგებთ რომ ახალგაზრდა პოეტი პრეზიდენტობაზე ოცნებობდა. ბავშობის ოცნებები, მოგონებების ჩარჩოში ყველაზე მკრთალ ხაზს ტოვებს ჰო და, ვინ იცის, იქნებ ერთ დროს სამშობლოზე შეყვარებული საბა ქვეყნის პრეზიდენტადაც ვიხილოთ. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, გეტყვით იმასაც, რომ თანამედროვე პოეტებიდან თემურ ელიავას გამოარჩევდა, - ჩემთვის გენიალური ლირიკოსია.
აქვე ვიგებთ იმასაც, რომ გარდა ლექსის წერისა, საბა აქტიურადაა ჩართული მუსიკალურ ცხოვრებაში. მის ბევრ ლექსს იუთუბ სივრცეშიც წავაწყდებით.
"ჰიპ - ჰოპს ჩემ ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ჩემი ამ მიმართულებასთან ურთიერთობა სკოლაში დაიწყო. ხშირად არ ვუსმენდი გაკვეთილს, სულ ფიქრებში ვიყავი - ლექსის წერით გართული. სკოლის პერიოდში თითქმის ყოველდღე ვუსმენდი რეპს
და მეც გამიჩნდა სურვილი ამ სფეროს შევხებოდი. ერთხელაც კლასელებთან წავიკითხე რეჩიტატივი, მათაც მოეწონათ - ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო, ამის შემდეგ გადავწყვიტე სტუდიაში ჩამეწერა სიმღერა, დახმარების ხელი კი ქუთაისელმა რეპერმა პაჯომ (PAJO) გამომიწოდა."
„მე მისი მადლობელი ვარ, რადგან მისგან მივიღე ბევრი რჩევა, რამაც წინსვლის სურვილი გამიღრმავა.“
სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა გეტყვით, რომ მალე მისი ლექსების კრებული გამოიცემა და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
ჩვენი რუბრიკა "წარმატებული ადამიანები სამეგრელოდან" მიზნად ისახავს გაგაცნოთ ის მოქალაქეები, რომლებიც ჩვენი საუკუნის დასაწყისში გამოვიდნენ სამწერლო ასპარეზზე და არამარტო. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვცადეთ მიგვენიშნებინა ძირითადი მაგისტრალური გზები, რომლითაც მიემართება თანამედროვე პოეზია წინ და წინ. ზოგადი შტრიხებით დაგვეხასიათებინა მათი მრწამსი, შემოქმედებითი სტილი და მეთოდი, რომ გაგეცნოთ ისინი თავიანთი პოეტური შემოქმედებით.
* * *
როგორ არ ვიცი...
მეც პოეტივით გავგიჟდი ერთ დროს...
ღამე იყო თუ საუკუნის მახლდნენ დარდები...
ვხედავდი როგორ შორდებოდა
თაფლის'ფერ თვალებს...
ჯერ არ შობილი უსიცოცხლო მუნჯი გრძნობები...
გზა აღარ იყო...
აღარ ჩანდა ...
სულის წიაღი...
არც ზეცის მინდვრებს ამოსვლოდათ
ცისარტყელები...
სადღაც უმიზნოდ ჩერდებოდა
დროის ხომალდი...
სადღაც უდროოდ ბერდებოდა
სოფლის სტუმარი...
სახე'შეცვლილი ღამეების თავ'გასულობა
და მირაჟები უჩვეულოდ მოჩვენებითი...
სახლის კედლებზე ილუზიურ
დროთა სივრცის ცვლა...
მონატრებული შენი სახლი...
შენი ოთახი...
სადაც ბავშობის მოგონება
დღემდე ყვავილობს...
სადაც სარეცელს სუნი აზდის
მღვრიე სიზმრების...
ახლა როდესაც თვალზე ცრემლებს
თავს ვერ ვპატიობ...
მოდი ბოლოჯერ შემომხვიე
შენი ხელები,
რომ მარტოობამ შემისუნთქოს
მიწით ნაშენი...
ვიდრე სიკვდილი აღასრულებს
ნებას უფლისა...
მიდგას ფესვები ღვთისმშობ(ე)ლის
წილხვედრ მხარეში
და ამაყი ვარ, რომ ქართველი
მქვია ოდითგან!
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#პოეზია
#წარმატებულიადამიანებისამეგრელოდან
#წარმატება
#ლიტერატურა
#განათლება
#ახალიამბები
#ხელოვნება
#ინსპირაცია
#ზუგდიდი
#სამეგრელო
#zugdididaily