რეალური დახმარება ჩვენი მოქალაქეების და მეწარმეების და სახსრების გათავისუფლება ბიუჯეტიდან მოხდება ამ წინადადებით - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს. შედეგად, დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მლნ ლარი დარჩება, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ.
"იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას მაინც განიხილავენ სერიოზულად, იმიტომ რომ რეალური დახმარება ჩვენი მოქალაქეების და მეწარმეების და სახსრების გათავისუფლება ბიუჯეტიდან მოხდება ამ წინადადებით. დღეს ბუნებრივია, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეზე, მთელს მსოფლიოში ასეა და მინდა, რომ ჩვენი გუნდის სახელით მადლობა ვუთხრა და მხარდაჭერა გამოვუხატო ამ სფეროს ყველა წარმომადგენელს, ვინც ახლა ამ ყველაზე საპასუხიმგებლო ფრონტზე არის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ კაცობრიობა და ჩვენი ქვეყანა ამ ძალიან სახიფათო გამოწვევას დაძლევს და ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკა და ჩვეულებრივი მოქალაქეების თუ მეწარმეების კეთილდღეობა და მომავალი, " - ამბობს ბოკერია.
კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს. შედეგად, დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მლნ ლარი დარჩება, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ.
"მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას; სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად. ეს ყველაფერი მეტ ფულს დაუტოვებს მოქალაქეებს, დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის ტემპზე და შეაცერებს ფასების ზრდას" - აღნიშნულია განცხადებაში.