7 votes
comments
shares
Save
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო
30 reads
Pirveliradio Ge
Tbilisi · 4 months ago

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.

სხდომისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ასევე, დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები.

საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი.

გარდა ამისა, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის.

როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოთხი განზომილება, რომლის ეფექტიანი მართვაც საბოლოო ჯამში არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაზე აისახება. ესენია – ჯანდაცვა; ეკონომიკა; ლოგისტიკა და მარაგების მართვა; საზოგადოებრივი წესრიგი. თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი პროფილის მინისტრი.

გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე პრემიერმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და საჭიროების შემთხვევაში, კლინიკების მზადყოფნის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 33 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობაის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე, კარანტინში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 54 პირი.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ხშირად დაიბანონ ხელი, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ და რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში და ასევე მითითებულია, რომ საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 4 months ago
7
Write a comment