ფრიდრიხ ნიცშე / სიკეთისა და ბოროტების მიღმა

0
იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე მორჩილება ადამიანთა შორის ყველაზე დიდხანს და ყველაზე საუკეთესოდ ხორციელდებოდა და ინერგებოდა, შეგვიძლია სამართლიანად ვივარაუდოთ, რომ მორჩილების მოთხოვნილება ახლა საშუალოდ ყველა ადამიანისთვისაა თანდაყოლილი, როგორც ფორმალური სინდისის ნაირსახეობა, რომელიც ბრძანებს: „შენ რაღაც უნდა აკეთო უპირობოდ და რაღაც ცალსახად არ უნდა აკეთო“, ერთი სიტყვით: „შენ ვალდებული ხარ“. ეს მოთხოვნილება ესწრაფვის საკუთარ დაკმაყოფილებას, საკუთარი ფორმის შინაარსით შევსებას. ამასთანავე, საკუთარი ძალის, დაძაბულობისა და მოუთმენლობის გამო, – ნაკლებ მომთხოვნი, უხეში გემოვნების მსგავსად, – ის ყველაფერს ეჭიდება და ასრულებს ყველაფერს, რაც არ უნდა ჩასძახოს მას ყურში ამა თუ იმ მბრძანებელმა – მშობელი იქნება ეს, მასწავლებელი, კანონი, წოდებრივი ცრურწმენა, თუ საზოგადოებრივი აზრი. ადამიანის განვითარების უცნაური შეზღუდულობა, მისი მერყეობა, მომაბეზრებლობა, ხშირი დაბრუნება უკან და ერთი ადგილის ტკეპნის თვისება ემყარება იმას, რომ მორჩილების ჯოგური ინსტინქტი მემკვიდრეობით უკიდურესი წარმატებით – და მბრძანებლობის ხელოვნების საზიანოდ – გადაეცემა. თუკი დავუშვებთ, რომ ეს ინსტინქტი ოდესმე თავის უკიდურეს ზღვარს მიაღწევს, მაშინ საერთოდ აღარ იარსებებენ მბრძანებელი და დამოუკიდებელი ადამიანები; ან კიდევ მათ სინდისი გასტანჯავთ და იმისთვის, რათა მბრძანებლობა შეძლონ, საკუთარი თავის მოტყუება მოუწევთ, კერძოდ, თავის მოჩვენება, თითქოს ისინიც მხოლოდ მორჩილებენ.
0