ფრიდრიხ ნიცშე, როგორც ზე ადამიანი

0
გენიოსთან ანუ ისეთ არსებასთან მიმართებით, რომელიც ჩასახავს ან შობს, – ორივე სიტყვის უფართოესი აზრით, – სწავლული, მეცნიერული საშუალო ადამიანი, ყოველთვის რაღაცით ჩამოჰგავს შინაბერას: მისთვის, ისევე, როგორც ამ უკანასკნელისთვის, უცნობია ადამიანის ორი ყველაზე ღირებული ფუნქცია. მართლაც, ორივეს, სწავლულსაც და შინაბერასაც, თითქოს კომპენსაციის სახით აღიარებენ პატივისცემის ღირსად. ასეთ შემთხვევებში იმას უსვამენ ხაზს, რომ ისინი პატივისცემის ღირსნი არიან. თუმცა, ასეთ იძულებით აღიარებას თანაბარი ხარისხით ერწყმის უკმაყოფილება. მოდით, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი: რას წარმოადგენს მეცნიერული ადამიანი? უპირველეს ყოვლისა, ეს არის არაარისტოკრატიული წარმომავლობის ადამიანი, რომელიც არაკეთილშობილური (ანუ არაგაბატონებული), ავტორიტეტისა და, ასევე, თვითკმაყოფილების არმქონე ადამიანთა სახეობის ღირსებებს ფლობს. იგი შრომისმოყვარეა, შეუძლია, მოთმინებით იდგეს მწყობრში, მისი უნარი და მოთხოვნილებები თანაბარი და ზომიერია, მას აქვს ინსტინქტი, იგრძნოს თავისი მსგავსები და მათი მოთხოვნილებები: მაგალითად, დამოუკიდებლობის ის მტკაველი და მწვანე საძოვრის ის ნაგლეჯი, რომელთა გარეშე შეუძლებელია მშვიდად მუშაობა; ის პრეტენზია პატივსა და აღიარებაზე, რაც, პირველ რიგში და უმთავრესად აღიარებას და ცნობადობას გულისხმობს; კარგი რეპუტაციის შარავანდედი; საკუთარი ღირებულებისა და სარგებლიანობის განუწყვეტელი მტკიცება, რომლითაც მუდმივად უნდა გადაილახოს შინაგანი უნდობლობა, რომელიც ყველა დამოკიდებული ადამიანისა და ჯოგური ცხოველის სულის სიღრმეშია მოქცეული. სწავლულისთვის, როგორც მოსალოდნელია კიდეც, ასევე, დამახასიათებელია არაარისტოკრატული სახის ავადმყოფობები და ცუდი ჩვევები: იგი მდიდარია წვრილმანი შურით და ფოცხვრის თვალებით შეჰყურებს ისეთ ადამიანთა მდაბალ თვისებებს, რომელთა სიმაღლეს ის ვერ მიაღწევს. იგი მიმნდობია, თუმცა მხოლოდ როგორც ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს სიარულის (და არა სწრაფვის) ნებას რთავს. სწორედ დიადი სწრაფვების მქონე ადამიანის წინაშეა იგი კიდევ უფრო ცივი და ჩაკეტილი. ასეთ დროს მისი მზერა უღიმღამო, გაყინულ ტბას ემსგავსება, რომელშიც უკვე არც აღტაცება და არც თანაგრძნობა აღარ კრთება. ყველაზე საშიში და ცუდი, რისი გაკეთებაც სწავლულს შეუძლია, მისი მოდგმისთვის დამახასიათებელი საშუალოობის ინსტინქტიდან მომდინარეობს. ეს არის სიმდარის ის იეზუიტიზმი, რომელიც ინსტინქტურად მუშაობს არაჩვეულებრივი ადამიანის განადგურებაზე და ყოველი დაჭიმული მშვილდის გაწყვეტას (ან, – კიდევ უფრო უკეთესი, – მოშვებას!) ცდილობს. რა თქმა უნდა, იგი ცდილობს, წინდახედულად, ფრთხილი ხელით, მიმნდობი თანაგრძნობით მოუშვას. ეს იეზუიტიზმის ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომელსაც ყოველთვის შეეძლო საკუთარი თავის წარმოდგენა თანაგრძნობის რელიგიის სახით.
0