ცხოვრების 5 პრინციპი

0
ჩვენ მიჩვეულები ვართ ვიხელმძღვანელოთ ნეგატიური დებულებებით. ასე გვასწავლიან საგანმანათლებლო, სამართლებრივ თუ სასულიერო სივრცეში. ჩვენ კარგად ვიცით რისი გაკეთება არ შეიძლება, რა აგვიკრძალეს, რისი უფლება არ მოქვცეს და შემდეგ მთელი ცხოვრება ვცდილობთ ეს წესები დავარღვიოთ. და ასე შემდეგ; სიცოცხლე არ სვამს კითხვებს, არც კრძალვას, პირიქით ყველა ფორმა თუ შინაარსი დადებით კონტექსტშია მოწოდებული. ადამიანს შეუძლია აკეთოს; შეუძლია მიაღწიოს; შეუძლია იყოს-უბრალოდ როგორც ყოფიერების ნაწილი. როდესაც აქცენტები პოზიტიურადაა დასმული საუბარში, აზროვნებაში, ქცევაში თუ ურთიერთობებში, რაღაც საოცარი ძალით რეალობაც ამ ენერგეტიკის არეკვლას იწყებს. ეს სამყაროს კანონია, რომელიც შესაბამისობაში მოდის ადამიანის ფსიქოლოგიურ თარგთან. სწორედ ამიტომ მგონია განუზომლად დიდია მნიშვნელობა ნათქვამი სიტყვის და შერჩეული პრინციპების, რომლებსაც შენი ცხოვრების მეგზურებად აირჩევ. მილტონ ერიქსონის ხუთმა პრინციპმა საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას, პიროვნული განვითარების ახალ ეტაპს, რომლის ცენტრშიც ადამიანია-როგორც უზენაესი ფასეულობა. ადამიანი, როგორც თვითკმარი და შემდგარი არსება, რომელიც კეთილშობილია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით: 1. OK-პრინციპი, რაც გულისხმობს რომ ადამიანი არ საჭიროებს შეკეთებას, განწმენდას, გადაკეთებას, გაუმჯობესებას. ის გაჩნდა ისეთი როგორიც საჭიროა და მას ყველაფერი „ო’ქეი“ აქვს! 2. თითოეული ადამიანი რესურსულია! -ეს იმას ნიშნავს რომ ყველა ის სურვილი თუ წამოწყების ვნება რაც ადამიანშია შესაბამისობაში მოდის მასში არსებულ პოტენციალთან. ხშირია და ბევრჯერ მსმენია დაჩივლება, რომ კი მინდა რაღაცის დაწყება, გაკეთება, მაგრამ... და ათასი მიზეზი რატომ-ვერ! სინამდვილეში ეს მალიმიტირებელი წარმოდგენებია, რომლებიც უკვე წინასწარვე ზღუდავს ყველა შესაძლებლობას და ადამიანს წაგებულის, უუნაროს ფსიქოლოგიას უვითარებს. რა თქმა უნდა ფესვები ისევ აღზრდაში უნდა ვეძებოთ:თუკი დაითვლით მშობელი რამდენ „ვერ შეძლებ! არ შეიძლება!“-ს ამბობს აღარ გაგიკვირდებათ ჩვენი ამგვარი განპირობებულობა. თუმცა ეს გამოსწორებადია და უკვე ზრდასრულ ასაკში კრიტიკული აზროვნებით და საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომით შესაძლოა არსებული არასახარბიელო დინამიკა შეიცვალოს. 3. მე-3 და ყველაზე მეტად საკამათო: მილტონ ერიქსონის აზრით თითოეულ ქმედებას პოზიტიური განზრახვა უდევს საფუძვლად! მაშინაც კი თუკი ერთი შეხედვით ასე არ ჩანს. ადამიანი მიდრეკილია აკეთოს კარგი, თუნდაც ვერ მიიღოს პოზიტიური შედეგები - თავდაპირველი განზრახვა მაინც პოზიტიურია! მე მომწონს ასეთი ხარისხის ნდობა ადამიანის მიმართ, ეს საშუალებას იძლევა ძალიან ბევრ სიტუაციაში კი არ გავბრაზდეთ მეორე ადამიანზე და შურიან, ბოღმა თუ ბოროტ არსებად წარმოვიდგინოთ ის, არამედ მისი ქმედებების მიღმა კეთილი განზრახვა ამოვიცნოთ, რაც სწორი და ეფექტური კომუნიკაციის საშუალებას მოგვცემს. 4. მე-4 ჩემი ფავორიტია! რამდენი დრო და ენერგია დაიზოგება თითოელმა ჩვენგანმა რომ ეს ბოლომდე გავიაზროთ და ამ პრინციპით ვიხელმძღვანელოთ ხოლმე ცხოვრებაში! რამდენი საათი, დღე თუ კვირა გადის წარსულის „შეცდომების“ ანალიზში;უშედეგო თვითგვემაში და დაუსრულებელ გადასინჯვებში-თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო „უკეთესად“! სწორედ აქ შემოდის ერიქსონის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფორმულა: ადამიანის გონება ყოველ მოცემულ სიტუაციაში საუკეთესო არჩევანს აკეთებს!- ეს იმას ნიშნავს რომ „დაშვებული შეცდომები“ ჩვენი ილუზიებია, მეცნიერულ საფუძველს მოკლებული ვარაუდებია: „ასე რომ ყოფილიყო?!“, „ისე რომ ყოფილიყო?!“... 5. ცვლილებები გარდაუვალია!- დიახ, მაშინაც კი როცა გვეჩვენება რომ ვშრომობთ, ვირჯებით და არაფერი იცვლება... მეორე საკითხია რომ ცვლილებს დანახვა სჭირდება, დანახვა და ამოცნობა; ამისთვის კრიტერიუმების განსაზღვრაა საჭირო ქვეყნის თუ პიროვნების მასშტაბით-მკაფიო კრიტერიუმების. ეს პრინციპები აპრობირებულია მოწინავე, განვითარებულ ქვეყნებში; მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით და ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნებია, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ, სტრუქტურირებულად აძლევს ადამიანს საშუალებას შექმნას და გავლენა იქონიოს საკუთარ მომავალზე! სადავეები თითოეული ჩვენგანის ხელშია, თუმცა ამგვარი პასუხისმგებლობა ყველასთვის არაა-მხოლოდ რჩეულთათვის! ამავე დროს თითოელი პრინციპი ჰუმანურ საწყისებზეა აგებული და საზოგადოების ერთიანობის და დაკავშირებულობის განცდას აღვივებს! ეს სრულიად ახალი, ინოვაციური ხედვაა და ზუსტი სვლა სასურველ რეზულტატამდე!
0