კორონავირუსის გამო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების მუშაობის წესი იცვლება. დროებით შეიზღუდება საპარლამენტო სხდომებზე მედიის წარმომადგენლების უშუალო დაშვება. ბიუროს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება.
საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გამოყოფილია გადამღები ჯგუფების მუშაობის კონკრეტული ლოკაციები. რესპონდენტების ჩასაწერად პარლამენტის სამ ლოკაციაზე განთავსდა ტრიბუნები:
A კორპუსი - მე-3 სართულის ფოიე
B კორპუსი - მე-2 სართული, ბიუროს ოთახის მიმდებარე ფოიე
B კორპუსი - მე-3 სართული, პლენარულ სხდომათა დარბაზის მიმდებარე ფოიე
"აღნიშნულ ლოკაციებზე უზრუნველყოფილია ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს შორის შესაბამისი უწყებების მიერ რეკომენდებული დისტანციის დაცვა", - ამბობენ პარლამენტში.
ამასთან, პრესსამსახური აღნიშნავს, რომ სასურველია პარლამენტის სასახლეში დღის განმავლობაში ერთი მედიიდან მხოლოდ ორი სამუშაო ჯგუფი იყოს წარმოდგენილი.
პარლამენტში განმარტავენ, რომ მიზანი ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციაა.