თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და საქმეების ელექტრონულად რეგისტრაცია უფასო გახადეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გაცილებით მეტი სარჩელი შეიტანეს, ვიდრე ჩვეულებრივ შეჰქონდათ ხოლმე. სარჩელები ვალების გადაუხდელობას ეხება.
„სასამართლოს მიერ არაერთგზის გაჟღერებული თხოვნისა და მოწოდებისა, რომ მოქალაქეებმა და მათმა წარმომადგენლებმა შეამცირონ და შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები, შპს , , გლობუსმა“ და შპს , , ფინანსურმა ბიურომ“ გაზარდა სასამართლოსადმი მომართვიანობა“, - წერია სასამართლოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, მას შემდგომ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, აღნიშნულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს, ვიდრე ჩვეულებისამებრ.
„თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით – ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, იდება/გადავადდება სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვები.
„იმედს ვიტოვებთ, რომ საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ. აქვე გაცნობებთ, რომ სასამართლოში ყოველდღიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტი“, - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.