დაჟინებით მოვითხოვ, რომ ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტონ ფილოსოფიის მუშაკთა და საერთოდ მეცნიერების ადამიანთა ფილოსოფოსებთან აღრევა იმისთვის, რათა სწორედ აქ მკაცრად მიეგოს „ყველას თავისი“ და რომ პირველთა წილად მეტისმეტად ბევრი არ მოვიდეს, ხოლო უკანასკნელთა წილად – მეტისმეტად მცირე.
ჭეშმარიტი ფილოსოფოსის აღსაზრდელად შესაძლოა, აუცილებელიც იყოს, რომ თავად მასაც ოდესმე გავლილი ჰქონდეს ყველა ის საფეხური, რომელზეც რჩებიან და უნდა დარჩნენ მისი მსახურები, ფილოსოფიის მეცნიერ-მუშაკები.
ალბათ, იგი თვითონაც უნდა იყოს კრიტიკოსი და სკეპტიკოსი და დოგმატიკოსი და ისტორიკოსი და გარდა ამისა, პოეტი და შემგროვებელი და მოგზაური და გამოცანათა გამომცნობი და მორალისტი და წინასწარმჭვრეტელი და „თავისუფლად მოაზროვნე“ და თითქმის ყველაფერი, რათა გაიაროს ადამიანურ ღირებულებათა და ღირებულებათა გრძნობების განსხვავებულ სახეობათა მთელი წრე, რათა შეძლოს, განსხვავებული თვალებითა და სინდისით უმზიროს სიმაღლიდან ნებისმიერ შორეთს, სიღრმიდან – ნებისმიერ სიმაღლეს, კუთხიდან – ნებისმიერ სივრცეს. მაგრამ ეს ყველაფერი მისი ამოცანის წინაპირობაა, თავად ამოცანა რაღაც განსხვავებულს მოითხოვს. ის მოითხოვს, რომ იგი ღირებულებებს ქმნიდეს. ზემოაღნიშნული ფილოსოფიური მუშაკები, კანტისა და ჰეგელის კეთილშობილი თაოსნობით, ვალდებულნი არიან დაადგინონ და ფორმულებში მოაქციონ შეფასებათა დიდი რაოდენობა (ანუ ადრინდელი ღირებულებათა ფორმულირებები და ქმნადობები, რომლებიც ახლა არიან გაბატონებულნი და რომლებსაც გარკვეული დროით „ჭეშმარიტებები“ ეწოდებათ) ლოგიკის, პოლიტიკის (მორალის) თუ ხელოვნების სფეროებში. ამ მკვლევრებმა ცხადად, გასააზრებლად, გასაგებად, მოსახერხებლად უნდა აქციონ ყოველივე მომხდარი და შეფასებული, უნდა შეამცირონ ყველაფერი ხანგრძლივი, თვით „დროც“, და მთელი წარსული გადალახონ. ესაა უზარმაზარი და გასაოცარი ამოცანა, რომლის განხორციელებისკენ სწრაფვას ნამდვილად ძალუძს ყველაზე ნატიფი სიამაყისა და ყველაზე უდრეკი ნების დაკმაყოფილება. ჭეშმარიტი ფილოსოფოსები კი მბრძანებლები და კანონმდებლები არიან. ისინი ამბობენ: „ეს ასე უნდა იყოს!“ მხოლოდ ისინი განსაზღვრავენ ადამიანის „საით?“-ს და „რატომ?“-ს და ამ დროს განკარგავენ ყველა ფილოსოფიური მუშაკის მოსამზადებელ სამუშაოს, წარსულზე ყველა გამარჯვებულს. ისინი შემოქმედებით ხელს იწვდენენ მომავალში და ყველაფერი, რაც იყო და არის, მათთვის ამ დროს საშუალებად, ხელსაწყოდ, ჩაქუჩად იქცევა. მათი „შემეცნება“ შემოქმედებაა, მათი შემოქმედება – კანონმდებლობის შექმნა, მათი ნება ჭეშმარიტებისკენ – ძალაუფლებისკენ ნებაა. – არსებობენ კი დღეს ასეთი ფილოსოფოსები? არსებობდნენ ასეთი ფილოსოფოსები ოდესმე? განა არ უნდა არსებობდნენ ასეთი ფილოსოფოსები?