3 წიგნი, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა წაიკითხოთ

0
3 წიგნი, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა წაიკითხოთ ბათუმსა და აჭარას, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს, ვირუსის კვალი ეტყობა - გაცემულია რეკომენდაცია, დაიხუროს ყველა კაფე და რესტორანი, 70 წელს გადაცილებულ მოსახლეობას კი მთავრობა რეკომენდაციას უწევს, რომ გარეთ არ გავიდნენ. ბათუმის ქუჩებიც დაცარიელდა, კორონავირუსის გავრცელებას ბათუმისთვის დამახასიათებელი წვიმიანი ამინდი დაემატა. ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ახლა გვაქვს, სახლში დარჩენა შეიძლება ბევრისთვის აუცილებელიც კი იყოს. იმისთვის, რომ განმარტოებაში მყოფებმა არ მოიწყინოთ, გირჩევთ 3 ძალიან განსხვავებულ წიგნს, რომელიც გამოგადგებათ ამ რეალობიდან თავის დასაღწევად. სამივე წიგნი ბათუმის ამინდივითაა - ოდნავ მოღუშული, წვიმიანი, მაგრამ რაღაცით საოცრად მიმზიდველი. 1. ნორვეგიული ტყე ნორვეგიული ტყე, ასე ეწოდება იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანს. თუკი სასიყვარულო სამკუთხედი, ფსიქოანალიზი, სტუდენტური ცხოვრება გასულ საუკუნეში და ფსიქიკის სირთულეები გიზიდავთ, ეს წიგნი თქვენთვისაა. ავტორი აღწერს მთავარი გმირისა და ორი ძალიან განსხვავებული გოგოს ურთიერთობას - ოღონდ ეს არ არის ბანალური სასიყვარულო ისტორია, წიგნი მკითხველს ბოლო გვერდამდე იტაცებს. 2. მხევლის წიგნი წარმოგიდგენიათ მსოფლიო, სადაც რადიკალურ რელიგიურ დაჯგუფებას ტერორის ქვეშ ჰყავს მთელი მოსახლეობდა, განსაკუთრებით კი ქალები? წიგნის ავტორის, მარგარეტ ეტვუდის აზრით, ეს გამოგონილი სამყარო მალე შეიძლება რეალობად იქცეს. ის აღგვიწერს მსოფლიოს, სადაც ქალები მხოლოდ მოსამსახურეებად და გასამრავლებლად სჭირდება ტერორისტულ რეჟიმს, მთავარი გმირი კი თავისუფლების წართმევას არ შეეგუება და იბრძვის, ოღონდ მალულად. წიგნი გაგაბრაზებთ, შეგძრავთ და შეიძლება, აგატირებთ კიდეც. ხოლო თუ სერიალის ყურება გირჩევნიათ, წიგნის მიხედვით კარგი სერიალიცაა გადაღებული. 3. დრაკულა 1897 წელს ბრემ სტოკერმა ეს საშინელებათა რომანი ცნობილი ვამპირის, დრაკულას შესახებ დაწერა. იმის მერე ბევრი ფილმი, ანიმაცია თუ ადაპტაცია დაიდგა, მაგრამ კლასიკურ ნაწარმოებს ვერცერთმა აჯობა. ეს არის დრაკულას შესახებ ორიგინალური ისტორია და ვამპირთან ბრმა ბრძოლის ნაცვლად, ადამიანების დაძაბულ ემოციურ ფონს წარმოაჩენს. წიგნში განხილულია ვიქტორიანული ინგლისის წეს-ჩვეულებები, კოლონიალიზმი, ადამიანის ფსიქიკის სირთულე - ერთი სიტყვით, ვამპირებისა და ადამიანების “რეალური” სიტუაციაა აღწერილი, რამდენადაც რეალური შეიძლება იყოს ფანტასტიკა.
#ბათუმი
#კარანტინი
#კორონავირუსი
#ვირუსი
#რჩევები
#წიგნები
#batumidaily
y
0