საკარანტინო ზონიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ერთი მამაკაცი გადაიყვანეს

0
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით დღეს, საღამოს კიდევ ერთი მამაკაცი მოათავსეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ის ბოქსირებულ განყოფილებაში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია. დაუდასტურდება თუ არა მას კორონავირუსი, ხვალ გახდება ცნობილი. ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად მხოლოდ ორი პაციენტია. ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება ის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, მას მაღალი ტემპერატურა აღარ აქვს. „ინფექციურში ამ დროისთვის ორი მოქალაქე იმყოფება, ერთი დადასტურებული კორონავირუსით და მეორე საეჭვო შემთხვევა, რომელიც გადაყვანილია საკარანტინო ზონიდან. აღებულია ანალიზი და ველოდებით პასუხს. ის საკარანტინო ზონიდანაა შემოყვანილი და არავისთან შეხება არ ჰქონდა. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტს, მინიმალური სიმპტომებით, სტაბილურად აგრძელებს მკურნალობას. მას თავდაპირველად ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია 37, 3, დღეს ეს ტემპერატურაც არ აქვს. მიღებული პროტოკოლის შედეგად, დარჩება კლინიკაში. მოქალაქეებისთვის განვმარტავ, რომ ეს არ არის განაჩენი. მოქალაქეებმა, საზოგადოებამ მისმა ახლობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის განაჩენი, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და დასრულდება წარმატებით. კარანტინში გვყავს 200-ზე მეტი მოქალაქე, კარანტინში იმყოფებიან ევროპის ერთი ქვეყნიდან ერთდროულად ჩამოყვანილები, ისინი არ არიან აჭარის მკვიდრნი. 100-მდე გვყავს თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
#stopcovid19
#coronavirus
#georgia
#batumi
0