ქართველმა გოგონამ იტალიაში კარანტინის პირობებში იქორწინა

0
ქართველმა გოგონამ იტალიაში, მკაცრ საკარანტინო პირობებში იქორწინა. როგორც იგი ყვება, ცერემონია ვირუსის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე იყო დანიშნული. საქორწილო ცერემონიის შესახებ იგი „Emigrantebi.org“-თან საუბრისას ყვება. როგორც ანა ნაკუდაიძე ყვება, ცერემონიაზე მხოლოდ ნეფე-პატარძალს და ორ მეჯვარეს შეეძლო დასწრება. "ქალაქის კომუნა ჩვენ გამო გააღეს. ქორწილს მხოლოდ მე, ჩემი მეუღლე, ორი მეჯვარე, კომუნის ერთი თანამშრომელი და ის პიროვნება ესწრებოდნენ, ვისაც ქორწინება უნდა დაერეგისტრირებინა. ძალიან საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ არც მუსიკა გვქონდა და არც ფოტოგრაფი გვყავდა, სასიყვარულო ლექსიც წაგვიკითხა და ფოტოებიც თავად გადაგვიღო. ეცადა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, შეძლებისდაგვარად გაელამაზებინა. გარეთ გამოსულები პოლიციამ გაგვაჩერა კონტროლზე, რადგან როგორც იცით, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, გარეთ გასვლა, დასჯადია. როდესაც მიზეზი გაიგეს, პრობლემა აღარ შეუქმნიათ“, - ყვება ანა ნაკუდაიძე. მისივე თქმით, ქუჩებში თითქმის აღარავინ დადის. „მხოლოდ ერთი ბიჭი წამოგვეწია, დიდხანს გვაკვირდებოდა, ბოლოს გაბედა მოსვლა და გვკითხა, მართლა ახალდაქორწინებულები თუ ვიყავით. როდესაც დავუდასტურეთ გადაირია, ფოტოების გადაღებაც კი გვთხოვა“, - აღნიშნა მან. ქალაქი, სადაც იგი იმყოფება (რეჯო-ემილია) ის ადგილია, რომელიც კორონავირუსის გავრცელებიდან, სულ ცოტა ხანში, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ რამდენიმე ზონასთან ერთად, თავიდანვე წითელ ზონად გამოცხადდა.
#stopcovid19
#covid19
#italy
#georgia
#marriagestory
0