საპნის ხსენებაზე ყველას ჰიგიენა ახსენდება, თუმცა, ცოტას თუ აქვს გააზრებული, რომ საპონი ჩვენი მთავარი იარაღია იმ უხილავ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი პათოგენების წინააღმდეგ თითქმის ყოველდღე აწარმოებს. კაცობრიობამ დიდი გზა განვლო, სანამ საპონს სათანადოდ დააფასებდა, თუმცა მრავალს ჯერაც არ ესმის, რა წვლილი შეაქვს საპონს არა მხოლოდ პირადი ჯანმრთელობის, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენარჩუნების გზაზე.
მიუხედავად იმისა, რომ გამოსაყენებლად საპონი უკიდურესად რბილი და უვნებელი ჩანს, მიკროორგანულ დონეზე მას უკიდურესად დამანგრეველი ძალა აქვს. წყალში მოხვედრილი საპნის ერთი წვეთიც კი საკმარისია მრავალი ტიპის ვირუსისა და ბაქტერიის , მათ შორის, დღეს გავრცელებული ახალი კორონავირუსის (Covid-19) გასანადგურებლად.
საპნის განუმეორებელი ეფექტის საიდუმლო მის ჰიბრიდულ სტრუქტურაშია. იგი წაწვეტებული ჰიბრიდული მოლეკულებისგან შედგება. თითოეულ მოლეკულას ჰიდროფილური თავი და ჰიდროფობიური კუდი აქვს. მოლეკულის თავი წყალთან მის დაკავშირებას ამარტივებს, კუდი კი წყალთან დაკავშირებას უშლის ხელს და ზეთებსა და ცხიმებთან შედის ბმაში.
ზოგიერთ ბაქტერიასა და ვირუსს ლიპიდური მემბრანები აქვს, რომლებიც ცილებისგან შედგება, რაც ვირუსს უჯრედების ინფიცირების საშუალებას აძლევს და მის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. ლიპიდური მემბრანების მქონე პათოგენებია: კორონავირუსები, აივ ინფექცია, ებოლა, B და C ჰეპატიტები და მრავალი სხვა პათოგენი, რომელიც სასუნთქ გზებსა და ნაწლავებს აზიანებს.
როდესაც ხელებს საპნით ვიბანთ, ჩვენს ხელზე არსებული ყველა მიკროორგანიზმი საპნის მოლეკულებით ხდება შემოსაზღვრული. საპნის მოლეკულებში არსებული ჰიდროფობიური კუდები წყალს თავს არიდებს და სხვადასხვა მიკრობისა და ვირუსის ლიპიდურ გარსში ესობა, რის შემდეგაც მათ ნაწილებად შლის. ამასთან ერთად საპნის ზოგიერთი მოლეკულა იმ ქიმიურ ბმებს შლის, რომლებიც ბაქტერიებსა და ვირუსებს ზედაპირზე ხანგრძლივად დარჩენის შესაძლებლობას აძლევს და შედეგად მათ კანისგან აცალკევებს.
ცნობილია, რომ ხელის სადეზინფექციო საშუალებები იმდენად ეფექტურად არ მოქმედებს, როგორც საპონი. იმის მიუხედავად, რომ ისინი იმავე მექანიზმით მუშაობენ, მათ მიკროორგანიზმების კანიდან მოშორება იმდენად ეფექტურად არ შეუძლიათ, როგორც საპონს. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ვირუსისგან თავის დასაცავად სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას ითვალისწინებს.
ყოველდღიური ჰიგიენის ნაწილად საპნით ხელის დაბანა მას შემდეგ იქცა, რაც 1840-იან წლებში უნგრელმა ფიზიკოსმა იგნაც ზემელვაისმა აღმოაჩინა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ექიმები სამედიცინო პროცედურამდე ხელებს საპნით იბანდნენ, მშობიარობის პროცესში დედების გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი მნიშვნელოვნად დაბალი იყო. იმ პერიოდისთვის არ მიიჩნეოდა, რომ დაავადებების უმრავლესობა მიკრობებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც მრავალი ექიმი არ იზიარებდა მოსაზრებას, თითქოს ხელების პროცედურამდე დაბანა მნიშვნელოვნად ამცირებდა პაციენტებში სიკვდილის რისკს. შესაბამისად, იმ დროისთვის მრავალი ექიმი არ იზიარებდა იგნაც ზემელვაისის მოსაზრებებს. კოლეგებისგან გარიყული პროფესორი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოკეტეს, სადაც იგი მცველებმა სასიკვდილოდ სცემეს. იგი ინფიცირებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
ამის შემდეგ მრავალი მკვლევარი ქომაგობდა საპნით ხელის დაბანას, როგორც ყოველდღიურ ჰიგიენურ ზომას, თუმცა საბოლოოდ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 1980-იან წლებში გამოაქვეყნა ხელის დაბანის პირველი ოფიციალური გაიდლაინი.
ხელის საპნით დაბანა მხოლოდ პირადი ჰიგიენური ზომა არ არის. სწორი სიხშირით ხელის საპნით დაბანა პანდემიურ სიტუაციაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მთავარი გარანტია. მოლეკულურ დონეზე საპონი მიკროორგანიზმების დაშლას უზრუნველყოფს, თუმცა საზოგადოებრივ დონეზე სიმშვიდისა და ერთიანობის საუკეთესო განმამტკიცებელიც შეიძლება იყოს.
აუცილებელია გვახსოვდეს ყოველივე ეს, როდესაც ნიჟარას გვერდით ჩავუვლით. საზოგადოებრივი უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანის ხელშია!
წყარო: The New York Times
#covid19
9