მათთვის, ვისაც სერიალი "უმჯობესია დაურეკოთ სოლს" უნახავს, "ელექტრომაგნიტური ჰიპერმგრძნობელობა", როგორც ტერმინი, უცხო სრულიად არ არის. მე-3 სეზონის მე-5 სერიაში, რომელსაც chicanery (ხრიკი, მაქინაცია) სამართლიანად დაერქვა, ჩაკ მაკგილი ცდილობს აუდიტორიას ეჭვი გაუქარწყლოს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ელექტრომაგნიტური ჰიპერმგრძნობელობა ნამდვილია, იგი ფიზიკური რეაქციაა სტიმულებზე და არა უბრალო ახირება. რამდენიმე წამში ჩაკი თავის მკერდის ჯიბეში ტელეფონის ბატარეას პოულობს, რომელიც მან 1 საათის და 45 წუთის განმავლობაში ვერ შეამჩნია. საკუთარი ძმის ხრიკით გაღიზიანებულ ჩაკს აუდიტორია უნდობლობით უყურებს, რის გამოც იგი თავის ადექვატურობას ვერ ამტკიცებს.
მოდით, ცოტა უკან დავიხიოთ და თავიდან დავიწყოთ.
ელექტრომაგნიტური ჰიპერმგრძნობელობა (EHS), იგივე მიკროტალღური სინდრომი, ფართო სპექტრის ორგანული სიმპტომების მქონე კლინიკური სინდრომია, რომელიც ელექტრომაგნიტური ველების მიმართ მგრძნობელობით ხასიათდება. ტექნოლოგიურ ეპოქაში, ინდუსტრიალიზაციის შემდგომ, უპრეცედენტოდ იზრდება ელექტრომაგნიტური ველის (EMF) წყაროების რაოდენობა და მრავალფეროვნება. მათში მოვიაზრებთ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, რადარებს, კომპიუტერებს, ტელევიზორებს, რადიო და სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებს, მობილურ ტელეფონებს და მათ სადგურებს, მიკროტალღურ ღუმელებს, უსაფრთხოების, ქურდობის საწინააღმდეგო მოწყობილობებს და ა.შ.
თუ ბოლოდროინდელ ახალ ამბებს თვალს ადევნებთ, დაფიქრდით, იქნებ ზესტაფონელი მამაკაცი, რომელმაც ინტერნეტანძები გადაწვა, სულაც არ არის კომიკური ამბავი და საქმე უფრო სერიოზულ მიზეზთან გვაქვს...
ელექტრომაგნიტური ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირები სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემას აღნიშნავენ, რომელთა წყარო ელექტრომაგნიტური ველებია. ეს სიმპტომები, როგორც ვახსენეთ, არასპეციფიკურია. ყველაზე გავრცელებული, მათ შორის არის: დერმატოლოგიური სიმპტომები (სიწითლე, ჩხვლეტა და წვის შეგრძნებები), ნევრასთენიული და ვეგეტატიური სიმპტომები (დაღლილობა, კონცენტრაციის სირთულეები, თავბრუსხვევა, გულისრევა, გულისცემა და საჭმლის მონელების დარღვევები). ზოგი ადამიანი იმდენად მძიმედ განიცდის თავს, რომ ისინი წყვეტენ მუშაობას და მთლიან ცხოვრების წესს ცვლიან (გაგახსენდათ ჩაკ მაკგილი?), ზოგი აღნიშნავს მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს და ცდილობენ ველები თავიდან აიცილონ.
ყურადღებას იპყრობს თავად ტერმინი "ელექტრომაგნიტური ჰიპერმგრძნობელობა" და ბადებს კითხვას, რას აღნიშნავს ის, ინდივიდის შესაძლებლობას, სხვებთან შედარებით შეეძლოს აღიქვას EMF-ის დაბალი დონე თუ ამ ჰიპერმგრძნობელობისგან გამოწვეულ სიმპტომებს? ალტერნატიული ტერმინი იქნებოდა "იდიპათიური გარემოს აუტანლობა" (Idiopathic Environmental Intolerance, IEI), რადგან იგი თავის თავში მოიაზრებს მიზეზობრივ კავშირს აღნიშნულ სიმპტომებსა და EMF– ს შორის. მოკლედ, IEI შეგვიძლია სამი პუნქტით დავახასიათოთ:
1. შეძენილი აშლილობა მრავალი განმეორებითი სიმპტომებით;
2. ასოცირედება მრავალფეროვან გარემო ფაქტორებთან, რომლებიც ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს;
3. ვერ აიხსნება რომელიმე სამედიცინო, ფსიქიატრიული ან ფსიქოლოგიური აშლილობით.
მიუხედავად იმისა, რომ სინდრომს უამრავი დაზარალებული ჰყავს (პოპულაციის 2-3%), იგი მაინც სადავო ხასიათს ატარებს. ამის მიზეზია ის, რომ EHS-ს სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია და შესაბამისად არ აღიარდება, როგორც სამედიცინო დიაგნოზი. ამ ეტაპზე, EMF-სა და IEI-ს შორის კაუზალური კავშირი ვერ დგინდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩაკის მდგომარეობა ახირება უფროა, ხოლო ჯიმის ძმის ფიზიკური ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩაუგდია, როდესაც მის სიახლოვეს ტელეფონის ბატარეა შეაპარა. რა თქმა უნდა, იგივეს ვერ ვიტყვით ჩაკის მენტალურ მდგომარეობაზე, რადგან მან, ალბათ, დიდი ეჭვი შეიტანა საკუთარ შერაცხადობაში.
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, EHS ფსიქოლოგიური მექანიზმებიდან, განსაკუთრებით კი ნოცებოდან გამომდინარეობს. ნოცებო რეაქცია მაშინ ხდება, როდესაც საცდელი სუბიექტის სიმპტომები პლაცებოს გამოყენების შედეგად უარესდება მიუხედავად იმისა, რომ წამალს ფიზიოლოგიური ეფექტი არ გააჩნია. სხვა წყაროები პაციენტებში ავტონომიური ნერვული სისტემის დისბალანსზე მიუთითებს.
ელექტრომაგნიტური მგრძნობელობის, როგორც კლინიკური სინდრომის (არა)ნამდვილობაზე ამ მოკლე სტატიაში ვერ შევთანხმდებით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მას მძიმე შედეგები მოაქვს დაზარალებულთა სოციალურ ფუნქციონირებაში. ამ საკითხის ირგვლივ სამეცნიერო ლიტერატურის სიმწირე კი მეტი კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე მიგვითითებს. აქვს თუ არა ჩაკ მაკგილს ფიზიკური რეაქცია ელექტრომაგნიტურ ველებზე არ ცვლის ფაქტს, რომ მას სოციუმთან ადაპტაცია უჭირს და ინტერვენციას საჭიროებს.