რატომ მხოლოდ ,,ყვითელი მარშუტკები”?

0
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ცნობით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთავრობამ გადაწყვიტა, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აკრძალოს. გახარიას შეფასებით, სამარშრუტო ტაქსი ეპიდემიის გავრცელების ყველაზე დიდ კერას წარმოადგენს. ჩნდება კითხვა, აღნიშნული გადაწყვეტილება რატომ არ ვრცელდება მეტროსა და ავტობუსებზე?! როგორც ცნობილია, თბილისის მერია აგრძელებს სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის დამუშავებას, ამიტომაც მთავრობა მიიჩნევს, რომ აქ რისკების მართვა შესაძლებელია. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სადეზინფექციო სამუშაოებისა, საფრთხე მაინც არაებობს და მის აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ყველასათვის ცნობილია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განიხილება კორონავირუსის გავრცელების უკიდურესად მაღალი რისკის შემცველ გარემოდ. ავტობუსებსა და მეტროში პრაქტიკულად შეუძლებელია 1-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, მგზავრები ეხებიან არაერთი სატრანსპორტო ატრიბუტის ზედაპირს: ბილეთის აპარატს, სავარძელს, ძელს, კარს და ა.შ, რაც ზრდის დაინფიცირების საფრთხეს. გარდა ამისა, მეტროს აქვს ცუდი სავენტილაციო სისტემა და იგი სათანადოდ არ ნიავდება. ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მგზავრთა უსაფრთხოებისთვის ეფექტური ღონისძიებები არ ხორციელდება. არაერთ ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მძღოლის სიახლოვეს, პირველ ორ რიგში იკრძალება მგზავრების დასხდომა, მძღოლისთვის უსაფრთხო „ბუფერული ზონის“ უზრუნველსაყოფად. ასევე, მოქმედებს მგზავრების ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომის სპეციალური რეჟიმი და ის ხორციელდება მხოლოდ უკანა კარის საშუალებით, მძღოლებისთვის ეწყობა იზოლირებული კაბინები, კონტროლიორები კი წყვეტენ მუშაობასა და მგზავრებთან კონტაქტს. დედაქალაქის მთავრობას მგზავრთა დასაცავად არც ერთი ზემოხსენებული ღონისძიება არ გაუტარებია და იგი მხოლოდ ტრანსპორტის დეზინფექციით შემოიფარგლება. გარდა ამისა, საერთაშორისო რეკომენდაციების თანახმად, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აუდიო მოწყობილობით უწყვეტად უნდა ცხადდებოდეს მგზავრთა ქცევის წესები. დედაქალაქში მგზავრობის დროს სავალდებულო არ გამხდარა არც ნიღბების ტარება. ამგვარად, მიუხედავად სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილების აკრძალვისა, კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საფრთხეები. მეტრო და ავტობუსი ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კერას წარმოადგენს, ამიტომაც აუცილებელია მთავრობამ მიიღოს დამატებითი ზომები, რათა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რისკების მინიმიზაციას.
#გიორგიგახარია
#სამარშრუტოტაქსები
#აკრძალვა
#tbilisidaily
0