რას ამბობენ მძღოლები, რომლებიც შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ

0
კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მთავრობის მხარდაჭერით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და სამარშრუტო ტაქსებს ხვალიდან მუშაობის შეჩერება მოუწევთ. როგორც ცნობილია მძღოლების თითქმის სრული ნაწილისთვის აღნიშნული სამსახური შემოსავლის ერთადერთი წყაროა, შესაბამისად, ისინი ფაქტობრივად იმ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც ვეღარ შეძლებენ, რასაც აქამდე თავიანთი მწირი ხელფასით ახერხებდნენ. PIA.GE-მ სცადა გაერკვია, როგორ მიიღეს სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე მძღოლებმა მთავრობის ახალი აკრძალვა და რა საშიშროების წინაშე დგებიან ისინი. როგორც ჩვენთან საუბარში მძღოლებმა აღნიშნეს, სრულიად გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, მაშინ, როცა სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მძღოლები იმასაც ამბობენ, რომ საკუთარ ტრანსპორტს ისინი დეზინფექციას დადგენილი წესით უტარებენ. "თუ ავტობუსებს აქვთ მოძრაობის საშუალება ჩვენც უნდა გვქონდეს, მითუმეტეს, როცა ჩვენს მიკროავტობუსებში ტარდება დეზინფექცია ყოველდღიურად. გასაგებია, რომ მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ადამიანები დამოკიდებულნი არიან შემოსავალზე, აქვთ ფინანსური ვალდებულებები, მათ შორის, საბანკო დავალიანებები, ეს ყველაფერი ხომ უნდა გაითვალისწინონ", - ამბობს ტარიელ მაცაბერიძე. მიკროავტობუსის კიდევ ერთი მძღოლი გვეუბნება, რომ მისი ოჯახი ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, შიმშილობასთან გასამკლავებლადაც ემზადება და დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრას მოითხოვს. "ათასობით ოჯახი დაგვტოვეს ულუკმაპუროდ. ისედაც პურის ფულს ვშოულობდით და ლუკმა გამოგვაცალეს პირიდან.", - აცხადებს ელდარ ყავრელიშვილი. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქში სამარშრუტო ტაქსები ვეღარ იმოძრავებენ.
0