http://pirveliradio.ge/?newsid=139153
„რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა სანიტარული ზომების ინსტრუქცია დაამტკიცა, რომელიც კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით უნდა გატარდეს. გამოცემის მიხედვით, ლიტურგიის დროს, ყოველი მოზიარის შემდეგ კოვზს მოუსვამენ სპირტით გაჟღენთილ ხელსახოცს და შემდეგ ჩადებენ წყალში, რის შემდეგ წყლის უტილიზაცია მოხდება.
ეკლესიებს აგრეთვე ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჭურჭლისა და სხვა ინვენტარის ჰიგიენას და ყველაფერი ცხელი, ადუღებული წყლით გაწმინდონ.
რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, ვლადიმერ ლეგოიდას თქმით, ეს ზომები დაფუძნებულია წმინდა წერილზე - „ნუ გამოსცდი ღმერთს“, რომელიც მართლმადიდებლურ ტრადიციაში ინტერპრეტირებულია, როგორც მოცემულობა, რომ მორწმუნემ საკუთარი თავი და სხვები უაზრო რისკის ქვეშ არ დააყენოს.