გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები
44 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

კომუნალური გადასახადების გადავადების ან არგადახდის საკითხი ჯერჯერობით არ დგას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეღავათებზე კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან.

მინისტრის თქმით, ძალიან რთული ვითარებაა და ბევრს შეექმნა ფინანსური პრობლემა. ბანკები ამ საკითხს გაგებით მოეკიდნენ და მოსახლეობას სესხებზე საშეღავათო პერიოდი შესთავაზეს, თუმცა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ჯერ საუბარი არ მიმდინარეობს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ახლა ვითარება არის საკმაოდ რთული. ბევრი ფინანსური პრობლემა დაგვიდგა ყველას, საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან ამას და სამი თვით ხდება რესტრუქტურირება სესხების. ასევე ის, რომ ჩვენ ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს, გვაძლევს საშუალებას, ეს ადამიანები დასაქმებული იყვნენ და ბიზნესებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ თანამშრომლები და გადაიხადონ ხელფასი. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, იქნება ეს „თელასი“,„ენერგოპრო“, თუ „თბილისი ენერჯი“, კერძო კომპანიები არიან, მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ დღეს, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, რადგან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება ან არ უნდა იქნეს გადახდილი, არ დგას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

#stopcovid19 #covid19 #კორონავირუსი
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
4
Write a comment