რა გზით მივიდა ადამიანი ოდესღაც გამოყენებასთან გამოთქმისა „მე მწამს...“? მიაქცია თუ არა მან რომელიღაც მომენტში ყურადღება თავად ფენომენს (რწმენას)?
აკვირდებოდა თუ არა ადამიანი საკუთარ თავსა და სხვებს, და ამგვარად მოიხვეჭა რწმენა?
მურის პარადოქსი შეგვიძლია ასე გადმოვცეთ: გამოთქმა „მე მწამს, რომ საქმის ვითარება სახელდობრ ასეთია“ გამოიყენება ანალოგიურად მტკიცებისა „საქმის ვითარება სახელდობრ ასეთია“; და მაინც ვარაუდი იმისა, რომ მწამს, რომ საქმის ვითარება ასეთია, არ არის ანალოგიური ვარაუდისა, რომ საქმის ვითარება სახელდობრ ასეთია.
ისე სჩანს, თითქოს მტკიცება „მე მწამს“ აქ არ ამტკიცებს იმას, რაც ნავარაუდევია დაშვებაში „მე მწამს“!
ამავე სახით, გამოთქმას „მწამს, რომ იწვიმებს“ ანალოგიური აზრი, ანუ ანალოგიური გამოყენება აქვს, როგორც გამოთქმას „იწვიმებს“, თუმცა „მაშინ მწამდა, რომ იწვიმებდა“ არ არის ანალოგიური მტკიცებისა „მაშინ წვიმდა“.
„მაგრამ გამოთქმა „მე მწამდა“ წარსულში ხომ ზუსტად იგივეს უნდა გვეუბნებოდეს, რასაც გამოთქმა „მე მწამს“ აწმყოში!“ მართლაც, √-1 იგივეს უნდა ნიშნავდეს 1-სთვის, რასაც √1 ნიშნავს ერთისთვის! ეს კი სრულიადაა აზრს მოკლებული.
„პრინციპში სიტყვებით „მე მწამს...“ მე სულიერ მდგომარეობას აღვწერ, მაგრამ ირიბად ეს აღწერა წარმოადგენს თავად იმ ფაქტის მტკიცებას, რომლისაც მწამს“. ისევე, როგორც ზოგიერთ შემთხვევაში მე აღვწერ ფოტოს იმ მიზნით, რომ აღვწერო ის, რის სურათსაც წარმოადგენს ის.
ასევე უნდა დამემატებინა, რომ ეს კარგი ფოტოა. ასევეა აქაც: „მწამს, რომ წვიმს, ჩემს რწმენაზე დანდობა კი შეიძლება, და მეც ვენდობი მას“. ასეთ შემთხვევაში ჩემი რწმენა გრძნობითი შთაბეჭდილების ნაირსახეობა იქნებოდა.
შესაძლოა არ ენდობოდეთ საკუთარ გრძნობებს, მაგრამ არა საკუთარ რწმენას.
რომ არსებულიყო ზმნა მნიშვნელობით „მცდარად რწმენა“, მას არ ექნებოდა გააზრებული გამოყენება აწმყო დროის თხრობითი ფორმის პირველ პირში.
თვითცხადად ნუ ჩათვლით, არამედ ერთობ უცნაურ მოვლენად აღიქვით, რომ ზმნები „რწმენა“, „სურვება“, „სწრაფვა“ იმავე გრამატიკულ ფორმებს ავლენენ, როგორც ზმნები „ჭრა“, „ღეჭვა“, „რბენა“.
მოხსენების ლინგვისტური თამაში შეგვიძლია ისე შევაქციოთ, რომ შეტყობინება მსმენელს არა საგნის შესახებ მოუთხრობს, არამედ მომხსენებლისა.
მაგალითად, ასე ხდება, როდესაც მასწავლებელი გამოცდას უტარებს მოწაფეს. (შესაძლებელია გაზომვა მასშტაბის შესამოწმებლად).
დავუშვათ, რომ გამოთქმას „მე მწამს“ მე ვხედავ შემდეგნაირად: ის წინ უნდა უსწრებდეს შეტყობინებას, რომელმაც თავად შემტყობინებლის შესახებ უნდა მომაწოდოს ინფორმაცია. (ანუ ამ გამონათქვამში იოტისოდენა ეჭვიც არ უნდა იყოს. დაფიქრდით იმის შესახებ, რომ მტკიცების თავდაუჯერებლობა შესაძლოა უპიროვნოდ ყოფილიყო გამოხატული: „მას შეეძლო დღეს მოსვლა“.) „მე მწამს... მაგრამ ეს ასე არ არის“ წინააღმდეგობა იქნებოდა.
„მე მწამს...“ შუქს ჰფენს ჩემს მდგომარეობას. ამ გამონათქვამიდან შესაძლოა დასკვნების გაკეთება ჩემი ქცევის შესახებ. შესაბამისად, აქ ანალოგიაა ემოციის, განწყობის და ა.შ. გამოხატვასთან.
მაგრამ თუ „მე მწამს, რომ ეს ასეა“ ჩემს მდგომარეობას ჰფენს შუქს, მაშინ მტკიცებაც „ეს ასეა“ იგივეს აკეთებს. რადგან ნიშანს „მე მწამს“ ამის გაკეთების უნარი არ შესწევს, მას მხოლოდ მინიშნება შეუძლია ამაზე.
დავუშვათ არსებობს რაიმე ენა, რომელშიც ხასიათი გამოთქმისა „მე მწამს, რომ ეს ასეა“ გადაიცემა მხოლოდ ინტონაციით მტკიცებისა „ეს ასეა“. ნაცვლად „მას სწამს“ იქ ამბობენ „ის მომხრეა ამტკიცოს...“; ასევე გამოიყენება ჰიპოთეტური (კავშირებითი): „დავუშვათ, მე მომხრე ვიქნებოდი და ა.შ.“, მაგრამ არა გამოთქმა: „მე მომხრე ვარ ვამტკიცო“.
მურის პარადოქსი ასეთ ენაში არ წარმოიქმნებოდა. ნაცვლად ამისა იქნებოდა რაიმე ზმნა, რომელმაც ერთ-ერთი ფორმა დაკარგა.
ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. გაიხსენეთ ის, რომ თქვენი საკუთარი მომავალი ქმედებები შესაძლოა განზრახვის გამოხატვით იქნას ნაწინასწარმეტყველები.
სხვის შესახებ ვამბობ „მას, როგორც ჩანს, სწამს...“, სხვები კი ამას ჩემს შესახებ ამბობენ. მაგრამ რატომ არასოდეს ვამბობ ამას საკუთარი თავის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც ამას ჩემს შესახებ სრული უფლებით ამბობენ სხვები? გამოდის, მე ვერ ვხედავ და არ მესმის საკუთარი თავის? ეს შეიძლება ითქვას.
„თავდაჯერებულობას ადამიანი საკუთარ თავში გრძნობს, იგი არ გამოჰყავთ საკუთარი სიტყვებიდან ან ინტონაციიდან“. აქ აი რა არის ჭეშმარიტი: საკუთარი სიტყვების საფუძველზე შეუძლებელია საკუთარი თავდაჯერებულობის ან მისგან გამომდინარე ქმედებების შესახებ მსჯელობა.
„ამასთან, ისე სჩანს, თითქოს მტკიცება „მე მწამს“ არ წარმოადგენს იმის მტკიცებას, თუ რა ივარაუდება დაშვებაში“. გამოდის, მე მომხრე ვარ სხვა გაგრძელება ვეძებო ამ ზმნისთვის აწმყო დროის პირველი პირის თხრობით ფორმაში.
მე ასე ვფიქრობ: რწმენა - სულის მდგომარეობაა. მას ხანგრძლივობა გააჩნია დამოუკიდებლად, მაგალითად, წინადადებაში მისი გამოხატვის პროცესისგან. ანუ ეს არის რწმენის მქონე პიროვნების დისპოზიციის სახეობა. სხვა ადამიანში ჩემთვის ის ცხადი ხდება მისი ქცევითა და სიტყვებით. მათ შორის გამოთქმით „მე მწამს...“ უბრალოდ მტკიცების სახით. ჩემთან მიმართებით როგორღაა საქმე, თავად მე როგორ ვიგებ ჩემს დისპოზიციას? აქ მე ყურადღება უნდა მიმექცია საკუთარი თავის, როგორც სხვისკენ, ყური მიმეგდო ჩემი სიტყვებისთვის, შემძლებოდა აქიდან დასკვნების გამოტანა!
ჩემი საკუთარი სიტყვებისადმი მე სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე სხვებს.
საკმარისია დავუშვათ, რომ შესაძლებელია თქმა „თითქოს მწამს“, და მე უკვე ვიპოვიდი მოცემული ფრაზის განსხვავებულ გაგრძელებას, თუ ყურს მივუგდებდი სიტყვებს, რომლებსაც ჩემი ბაგეები წარმოთქვამს, შემეძლო მეთქვა, რომ ვიღაც სხვა საუბრობს ჩემი პირით.
„იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რას ვამბობ, მე მწამს ამის“. ისღაა საჭირო, გამოგონებულ იქნას გარემოებები, რომლებშიც ამ სიტყვებს აზრი ექნებოდათ.
ასეთ დროს ვიღაც ასეთის თქმასაც შეძლებდა: „წვიმს, მაგრამ მე ამის არ მჯერა“ ან „ჩემი აზრით ჩემს ეგოს სჯერა ამის, მაგრამ ეს ასე არ არის“. აქ ჩვენ ქცევის ერთგვარი სურათი დაგვჭირდებოდა, რომელიც დაამოწმებდა, რომ ჩემი ბაგეებით ორი განსხვავებული არსება საუბრობს. უკვე ამ ვარაუდშია მოქცეული იმისგან განსხვავებული კონფიგურაცია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. სიტყვებში „დავუშვათ, მე მწამს...“ უკვეა ჩადებული მთელი გრამატიკა სიტყვისა „რწმენა“, მისი ის ყოველდღიური გამოყენება, რომელსაც თქვენ ფლობთ. თქვენ არ გულისხმობთ საგანთა რაიმე მდგომარეობას, რომელიც, ასე ვთქვათ, ერთმნიშვნელოვნად, ერთგვარი სურათის სახით წარმოუდგებოდა თქვენს მზერას; ამიტომაა, რომ მოცემულ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ საკუთარ ვარაუდს რამდენადაც გნებავთ ჩვეული მტკიცება დაუმატოთ. არ ხართ რა ზოგადი ფორმით გაცნობილი გამოყენებასთან სიტყვისა „რწმენა“, შესაძლოა არც გცოდნოდათ, რას გულისხმობთ ასეთ დროს (მაგალითად, იმას, თუ რა გამომდინარეობს ასეთი ვარაუდიდან).
წარმოიდგინეთ შემდეგი სახის გამოთქმა; „მე ვამბობ“. მაგალითად, „მე ვამბობ, რომ დღეს წვიმა იქნება“, რომელიც უბრალოდ ექვივალენტურია მტკიცებისა „დღეს იწვიმებს“. „ის ამბობს, რომ იქნება...“ თითქმის იგივეს ნიშნავს, რაც „მას სწამს, რომ იქნება...“, როდესაც „დავუშვათ, მე ვამბობ...“ სრულებით არ ნიშნავს: „დავუშვათ, დღეს იქნება...“
აქ ერთმანეთს ეხება და ერთად გაივლის გზის ნაწილს განსხვავებული ცნებები. ოღონდ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველა გზა წრეს წარმოადგენს.
ასეთი აბურდული წინადადებაც განიხილეთ: „შესაძლოა იწვიმოს; მაგრამ არ წვიმს“. აქ ასევე უნდა გავფრთხილდეთ იმის მტკიცებისგან, თითქოს წინადადება „შესაძლოა იწვიმოს“ არსებითად ნიშნავდეს „მე ვუშვებ, რომ იწვიმებს“. ასეთ შემთხვევაში რატომ სავალდებულოდ არ ნიშნავს ერთი მეორეს უკუმიმართულებითაც?
ნუ ჩათვლით თავდაუჯერებელ მტკიცებას მტკიცების თავდაუჯერებლობად.