მეტაფიზიკოსები ქებას უძღვნიან ტრანსცენდენტურს, მაგრამ საგულდაგულოდ ერიდებიან მასთან შეხებას.
ნიცშეს სძულდა მეტაფიზიკა, ის მიწას უმღეროდა - ძმებო, შევინარჩუნოთ მიწის ერთგულება - და ყოველთვის ტრანსცენდენტურის სფეროში რჩებოდა. მეტაფიზიკოსები, რასაკვირველია, „უკეთ“ იქცევიან, ეს ცხადი და უდაოა. მან, ვისაც მოძღვრობა სურს, მეტაფიზიკური შეხედულება უნდა იქადაგოს: ის აძლევს შესაძლებლობას ადამიანს, ვისაც დენთის სუნი არ უგრძვნია, გმირად იქცეს. ხოლო რადგან მოძღვარი ვალდებულია მოწაფეებისთვის მნიშვნელოვან მიზანთა მიღწევის შესაძლებლობა ყოველგვარი რისკისა და მინიმალური დანახარჯის ფასად უზრუნველყოს, გამოდის, რომ მღელვარებით სავსე იმ პერიოდში, როდესაც პოზიტივიზმი ადამიანებს ცხოვრების მთელი სირთულის საკმარისად ამომწურავ გამოხატულებად აღარ ეჩვენებათ და როდესაც, აღნიშნულის შესაბამისად, ადამიანები სათაკილოდ თვლიან პოზიტიურობის დემონსტრირებას - ასეთ დროს არ არსებობს უკეთესი გამოსავალი, ვიდრე მეტაფიზიკური თეორიებისთვის მიმართვაა. კარგი მეტაფიზიკური თეორიის დახმარებით უცნობი ყმაწვილი, რომელსაც პოზიტიურ გზათა მეათედიც არ აქვს გავლილი, მყისიერად იღებს ყოვლისმცოდნე ბრძენის საიდუმლო და საინტერესო იერს. იგი იძენს პოზიტივიზმის და, რაც უფრო მთავარია, პოზიტივისტების შეძულების უფლებას. იგი პირველ ადგილს იკავებს უკანასკნელთა მასის წინაშე ანუ თითქმის მთელი კაცობრიობისა, რომელსაც ხელი არ მიუწვდება სამეცნიერო წიგნებზე და ამიტომ არანაირი თეორია არ იცის. ასეთი ბრწყინვალე რეზულტატის მიღწევა რამდენიმე ათეული თხზულების წაკითხვის გზით ხდება, თუმცა ისინი მოსაწყენი და რთულად მოსანელებელია. ბუნებრივია, რომ მოძღვარიც და მოწაფეც ღრმა პატივისცემით იმსჭვალებიან ტრანსცენდენტურისადმი, რომელიც ჩვენი თავმოყვარეობისთვის ესოდენ ფასეულ პრეროგატივებს გვანიჭებს არა იქ, პრობლემურ იმქვეყნიურ ცხოვრებაში, არამედ აქ, ყველასათვის უეჭველ სამყაროში. ჩვენ დროს ყმაწვილკაცს აღარ უწევს ალექსანდრე მაკედონელისადმი შურით აღვსება, ვინც ახალგაზრდა ასაკში მთელი სამყაროს დაპყრობა მოასწრო. დღეს წიგნების მეშვეობით არა მხოლოდ მიწიერი სახელმწიფოების, არამედ სამყაროს დაპყრობა შეიძლება! მეტაფიზიკა გახლავთ რთული ცხოვრებისეული გამოცდილებისათვის გვერდის ავლის დიადი ხელოვნება. ამიტომაც მეტაფიზიკოსებს შეგვიძლია ვუწოდოთ პოზიტივისტები უპირატესობით. მათ არა ყველა სახის გამოცდილება სძულთ, არამედ, როგორც თავად ამტკიცებენ, მხოლოდ სახიფათო გამოცდილება. თვითგადარჩენის გრძნობა და შეგუების უნარი მათში იმდენად არის განვითარებული, რომ მტრის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე იწყებენ ისინი თავდაცვით სამზადისს. ხოლო ამ დროს იყენებენ ბრძოლის ყველაზე უსაფრთხო საშუალებას, რომელსაც ინგლისელები უწოდებენ mimicry [მიმიკრია]. საკმარისია ტრანსცენდენტურის მოახლოვება, რომ მეტაფიზიკოსი უკვე თითქმის რეფლექსის დონეზე, ძალისხმევის დახარჯვის გარეშე ირგებს ტრანსცენდენტურ ფერებს. თავისუფალი ნების, სულის უკვდავების, თვით ღმერთის პოსტულატებიც კი - შესაძლოა ვინმემ მათ ან მათ მსგავს მტკიცებულებებში ეჭვი შეიტანოს? როგორღა არ უყვარდეთ მეტაფიზიკოსებს, ვინც ასე იოლად გაუსწორდა „მეტაფიზიკურ მოთხოვნას“, ტრანსცენდენტური? და როგორ უნდა შეურიგდნენ ისინი ნიცშესა და მის სიძულვილს ტრანსცენდენტურისადმი, რაც მისთვის თითქმის ყოველდღიურ ატმოსფეროდ იყო ქცეული? აქედან მოდის წესი - რასაკვირველია მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებმა ეს უჩემოდაც იციან - თუ გსურს ჭეშმარიტი მეტაფიზიკოსი იყო, საგულდაგულოდ უნდა ეცადო თავი აარიდო სარისკო ექსპერიმენტებს. შილერმა ერთხელ ასეთი კითხვა დასვა: როგორ შეუძლია ტრაგედიას სიამოვნება მიანიჭოს ადამიანებს? პასუხი, „საკუთარი სიტყვებით“ თუ გამოვთქვამ, ასეთი იყო: იმისათვის, რომ ტრაგედიამ სიამოვნება მოგანიჭოს, მას მხოლოდ სცენაზე უნდა უმზირო. ტრანსცენდენტურის სიყვარულისთვისაც მისი მხოლოდ სცენაზე ან ფილოსოფოსთა წიგნებში ხილვაა აუცილებელი. ამას იდეალიზმი ეწოდება, ყველაზე ლამაზი სიტყვა, რომელიც კი ფილოსოფიით დაკავებულ ადამიანებს მოუგონიათ.