სოციალური დისტანცირება და შეზღუდვა ეხება სახლში შეკრებებსაც - კასრაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139251 სოციალური დისტანცირება და შეზღუდვა ეხება სახლში შეკრებებსაც - ამის შესახებ განცხადება, NCDC-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანა კასრაძემ რადიო თავისუფლების ეთერში გააკეთა. მისი თქმით, COVID-19-ის გავრცელების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებმა სოციალური დისტანცირების პრინციპი დაიცვან ყველა სივრცეში - იქნება ეს საჯარო თუ საკუთარი საცხოვრებელი სივრცე. „აქტიურად ვცდილობთ მოვუწოდოთ მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისკენ, რადგან ერთხმად აღიარა ყველამ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი, რაც ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას, არის სოციალური დისტანცირება. ეს მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას: სწავლის შეწყვეტას, რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვას, სპორტული დარბაზების, კაზინოების დახურვას, ანუ - მაქსიმალურად შეზღუდვას თავშეყრის ადგილების, მათ შორის, რა თქმა უნდა, სამარშრუტო ტაქსების, რადგან ყველანი ვთანხმდებით, რომ სამარშრუტო ტაქსებში მჭიდროდ არიან მგზავრები და არასათანადოდ ნიავდება. შესაბამისად, ყველა ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ ამ ეტაპზე რაც შეიძლება მეტად მოხდეს შეზღუდვა ადამიანების ურთიერთობის და ახლო კონტაქტის“. - აცხადებს კასრაძე. ანა კასრაძე ხაზს უსვამს იმას, რომ სოციალური დისტანცირების დაცვა უნდა იყოს თანმიმდევრული: „არ დაგვემართოს ისე, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანას, სადაც, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა არდადეგები და დაიკეტა კაფე-ბარები, თავშეყრის ადგილებმა გადაინაცვლა სახლებში. დისტანცირება და შეზღუდვა ეხება სახლში შეკრებებსაც. დროებით დავივიწყოთ ქეიფები, დაბადების დღეები, მეგობრების შეკრებები. ამან არ უნდა გადაინაცვლოს სახლებში, რადგან იგივე ეფექტი ექნება, რაც რესტორნებსა და კაფე-ბარებში თავშეყრას. მოსახლეობა უნდა იყოს ყურადღებით, რომ დისტანცირება ნიშნავს დისტანცირებას როგორც საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე საკუთარ სახლებში და ბინებში“. - განაცხადა კასრაძემ.
0