მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ,დავალებებს მასწავლებლებისგან ტელეფონით მიიღებენ

0
1-ელი აპრილის შემდეგ, სკოლებში არდადეგების პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, მასწავლებლები ტელეფონით დაუკავშირდებიან და დავალებებს მისცემენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც დგებუაძემ აღნიშნა, სამინისტრო მოსწავლეებთან კომუნიკაციის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ერთ-ერთი კი სატელეფონო კომუნიკაციაა. „საკომუნიკაციო არხად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. ეს დამოკიდებული იმაზეა, რა სოციალური ფონია და რომელი საკომუნიკაციო საშუალებაა ეფექტური. ჩვენი მიზანია, განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ ყველა მოსწავლისთვის. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. მხოლოდ ონლაინ სწავლება არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა და გზა იმისთვის, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია იყოს დაგეგმილი და განხორციელებული“, - განაცხადა დგებუაძემ. მისივე თქმით, ჩვენ მითითება მივეცით მასწავლებლებს, რომ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებისა და ინტერესების ფარგლებში მისცეს დავალება ინდივიდუალურად. „დღეს განათლების სამინისტროს გახანგრძლივებული აქვს არდადეგები. არდადეგების პერიოდში შესაძლებელია მოსწავლეს მისცე დავალება, მაგრამ ეს არ ხდება სავალდებულო წესად, რომ ნიშანი დაუწეროს მასწავლებელმა. ახლა ვიმყოფებით რეჟიმში, როდესაც სკოლას აქვს გახანგრძლივებული არდადეგები. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია შემდეგია - იმის გამო, რომ არდადეგები გახანგრძლივდა, კომუნიკაცია არა მარტო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ჯანსაღი კომუნიკაცია უნდა იყოს დამრიგებელსა და მასწავლებელს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, დამრიგებელს, მოსწავლესა და მის მშობელს შორის. არდადეგების პერიოდში თუ რა რეკომენდაციას მოამზადებს მასწავლებელი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მითითება მივეცით მასწავლებლებს, რომ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათი ინტერესების ფარგლებში მისცეს დავალება ინდივიდუალურად. ამ ნაწილში მივეცით მასწავლებლებს დაფიქრების, მუშაობის, ლიტერატურის მოძიების შესაძლებლობა. ეს შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეს სატელეფონო კომუნიკაციითაც მიაწოდოს, როდესაც მას იცნობს. მეორე გზა გახლავთ ონლაინ რეჟიმში რამდენიმე მოსწავლის ან კლასის ჩართვა“, - განაცხადა დგებუაძემ და დასძინა, რომ უკუკავშირიც მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ტელეფონის საშუალებით მოხდება.
#stopcovid19
#covid19
#school
#children
#კორონავირუსი
0