სავაჭრო დღის გახსნიდან მალევე, აშშ-ის უმსხვილესი საფონდო ინდექსები 5%-ით დაეცა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139305 კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და გადაადგილებაზე ახალი შეზღუდვების ფონზე, აშშ-ისა და მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ინდექსები ვარდნას განაგრძობს. 18 მარტის სავაჭრო დღის გახსნიდან მალევე ინდექსები საშუალოდ 5%-ით შემცირდა. გახსნიდან პირველივე საათში Dow&Jones Industrial Average-ის ინდექსი 4, 6%-ით დავარდა, 4, 3%-ით შემცირდა S&P 500-ისა და NASDAQ-ის ინდექსი. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის თქმით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე აშშ-ში უმუშევრობა შესაძლოა 20%-მდე გაიზარდოს. გუშინ, 17 მარტს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს S&P-ის დასკვნა გამოქვეყნდა. სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შევა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ მომზადებულ სპეციალურ დასკვნაშია [გლობალური რეცესია აქ და ახლა] საუბარი. "ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების, ბაზრებზე შექმნილი ტურბულენტობისა და გაზრდილი საკრედიტო სტრესის ფონზე, ვპროგნოზირებთ გლობალურ რეცესიას - მსოფლიოს ჯამური მშპ-ს 1-1, 5%-იანი ზრდით", — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში. S&P-ის მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის უარყოფითი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე მარტში გაიზარდა. ეკონომიკის სტატისტიკური მაჩვენებლები ჯერ კიდევ ფრაგმენტულია, თუმცა იანვარ-თებერვალში ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზირებულზე გაცილებით უარესი აღმოჩნდა. ფინანსურ ბაზრებზე VIX-ის ე.წ. შიში ინდექსი 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროინდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. არსებობს ლიკვიდურობის უკმარისობის რისკი. კომპანიები და შინამეურნეობები მაღალი ლიკვიდურობის აქტივებს იტოვებენ. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირება. S&P ასევე ვარაუდობს: 2020 წელს ევროზონის მშპ 0, 5-1%-მდე შემცირდება, ყველაზე მძიმე დარტყმას კი ევროპული ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში მიიღებს, რის შემდეგაც უმნიშვნელო ზრდაა მოსალოდნელი; აშშ-ში დარტყმის ქვეშ იგივე სექტორები აღმოჩნდნენ, რაც ევროპაში, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ადგილობრივი ნავთობისა და გაზის ბაზარიც. S&P-ის ვარაუდით წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა უმნიშვნელოდ შემცირდება, თუმცა მეორე კვარტალში დანაკლისი უკვე 1, 5%-ს გაუტოლდება; ორგანიზაციის ვარაუდით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან განვითარებადი ეკონომიკები და მათი ზარალის მასშტაბი ქვეყნებიდან გასული კაპიტალის რაოდენობით იქნება განსაზღვრული. ყველაზე მოწყვლადი ამ ვითარებაში ე.წ. ნედლეულზე [ნავთობი და გაზი] დამოკიდებული ქვეყნებია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მექსიკა, სამხრეთ-აფრიკა და ინდონეზია, ვინაიდან ამ ქვეყნებს უარყოფითი საგადასახადო ბალანსი აქვთ. საგარეო ვალის მაღალი მაჩვენებლის გამო, მომეტებული საფრთხე ემუქრება თურქეთს, რუსეთს და კოლუმბიას კი საფრთხეს ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულება უქმნის. გაუარესებული მოლოდინების ფონზე აშშ-ის მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების ტრილიონიანი პაკეტი მოამზადა, რომელიც სხვა ზომებთან ერთად, მოქალაქეებისთვის 1, 000 დოლარიანი პირდაპირი დახმარებას გაგზავნას ითვალისწინებს. იგივე ნაბიჯებს მიმართავენ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკებიც. ეკონომიკის სტიმულირებისთვის გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკვე წარმოადგინა $397 მილიარდიანი პაკეტი. ანტი-კრიზისულ გეგმის შემუშავების პროცესშია იტალიისა და ესპანეთის მთავრობაც, რომლებიც ეკონომიკის დასახმარებლად 200-200 მილიარდიან პაკეტს ამზადებს. გუშინ, 17 მარტს ევროკავშირმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საზღვრები 30 დღით ჩაკეტა. მოსალოდნელია, რომ პორტების და აეროპორტების დახურვის შესახებ ამ კვირაშივე გამოაცხადებს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაც. "ტაბულა"
0