ამირან გამყრელიძე - ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემები - ეპიდემია გაფართოვდება

0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვარაუდით, საქართველოში შესაძლოა, კორონავირუსის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდეს. მისი თქმით, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს. „ველით, რომ ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს. ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები დიდი ალბათობით უკვე ამ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირაში. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ზრდა მინიმალური იყოს, ანუ ახალი შემთხვევების მინიმიზაცია გავაკეთოთ. ამიტომ, ყველა ერთად უნდა ვიმოქმედოთ და დავიცვათ ის წესები, რასაც დღეს სახელმწიფო ადამიანებს მოუწოდებს“, -განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ მესამეული გადაცემის შემთხვევებია გამოვლენილი. „გიდასტურებთ, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში გვაქვს მხოლოდ დადგენილი მესამეული გადაცემის ფაქტები, ანუ ადამიანი, რომელიც შემოვიდა ინფიცირებული რომელიმე ქვეყნიდან, გადასცა ქართველ ადამიანს, რომელსაც ჩვენ ამ შემთხვევაში, შემთხვევასთან ასოცირებულს ვეძახით. მეოთხეული გადაცემის ფაქტი ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არის დადგენილი.ერთი პაციენტის შესახებ ყოველდღიურად ვლინდება ახალ-ახალი კონტაქტები, ანუ მის ირგვლივ ადამიანების დიდი რაოდენობა გამოკვლეულია, მათ შორის დადგენილია პოზიტიური რამდენიმე ადამიანი. შემდგომი ჩაღრმავებული ეპიდემილოგიური და ლაბორატორიული კვლევები ტარდება. ამ ეტაპისთვის მეოთხეული გადაცემა ქვეყანაში ჯერჯერობით არ გვაქვს. დღევანდელი დღისთვის ქვეყანაში არის 38 ლაბორატორიულად დადსტურებული ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა. მოგეხსენებათ, რომ მათ შორის ორი გახლდათ ირანის ისტორიასთან დაკავშირებული, ერთი ესპანეთის, უმრავლესობა იტალიის. გვაქვს ასევე საფრანგეთის ისტორიასთან დაკავშირებული შემთხვევები, ასევე მეორეული, მესამეული გადაცემის შემთხვევები. ჯერჯერობით, მეოთხეული, მეხუთეული გადაცემის შემთხვევა, როდესაც უკვე ვერ გავდივართ ინფექციის პირველწყაროზე, ასეთი ქვეყანაში ამ ეტაპისთვის დადასტურებული არ არის“, -განაცხადა გამყრელიძემ. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, რადგან „დღევანდელი რიცხვით, მთელ მსოფლიოში უკვე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 200 ათასს მიუახლოვდა“. „უკვე ჩინეთს გარეთ, შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე თვითონ ჩინეთში. ჩინეთში უკვე ეს მერყეობს 81 ათასის ფარგლებში, ანუ დაახლოებით 120 შემთხვევა ჩინეთს გარეთ გვაქვს“, -აღნიშნავს გამყრელიძე.
#stopcovid19
#coronavirus
#კორონავირუსი
#საქართველო
0