მე-წითელქუდა

0
კითხვები უამრავია, ათასი ელფერი და შინაარსი აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არსით ერთია. არსით ერთია იმიტომ, რომ ერთი და იგივე ტიპი სვამს ამ კითხვას: მისტერ ეგო. „მისტერ“ იმიტომ, რომ მე ასე წარმომიდგენია ის: მასკულინური ენერგიით სავსე, აგრესიული და ფიცხი, ხმამაღალი, უფრო ხმაურიანი. რა მიზანი აქვს? რატომ ხმაურობს? რატომ სვამს გაუთავებლად კითხვებს? გკიცხავს, გადარებს - რა უნდა? მისტერ ეგოს მარტოსული მგლის იმიჯი აქვს. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი რომ უნდა გქონდეს, არ გავიწყებს. მიზნისკენ დაუღალავად მიიწევს: განცალკევება - ესაა მისი მისია - „შენი მიღწევები შენია! არ გაუზიარო არავის! სხვები შეგჭამენ! ეს მგლების სამყაროა და შენ მარტო ხარ! დროა განცალკევდე!“ ეს ყველაფერი კი დიადი თავისუფლების ჰიმნის ქვეშ: რომ მოგეწონოს იდეა. მიგიზიდოს გარიყულის და მარტოსულის ქარიზმამ. შენც არ აყოვნებ და მიყვები ამ „ხმას“. დღეს ვფიქრობდი და დავასკვენი, რომ მარტო მისტერ ეგო, იგივე მისტერ მგელი, ვერაფერს გახდებოდა. ვიღაც კვებავს მას ან რაღაც, აბა ჭამა ხომ უნდა? სასწრაფოდ კონფლიქტი, დაპირისპირება, დრაკონია მოსაძებნი და თუ დრაკონებს ეძებ, მოძებნი კიდეც ცხრავე თავით: ერთს რომ წააცლი მის ადგილას ორი რომ იზრდება. მისტერ მგელიც ამისთვისაა: გაპოვნინოს დრაკონი, კითხვა-კითხვით მიგიყვანოს ნაკვალევამდე; ნაკვალევი უკვე საკმარისია - შენ ზუსტად იცი რომ ის დრაკონისაა; დრაკონს უნდა რომ გაგანადგუროს და შენ დაასწრებ მას - მანამდე იპოვი, სანამ ის გიპოვის და თვალებში ჩახედავ (აქ ცოტა გაგიჭირდება მინიმუმ 9X2 თვალში უნდა ჩახედო). ჩემი ადრენალინი - დრაკონობანაშია. განწყობა თავგადასავლს ითხოვს! მისტერ მგელიც მშიერია, მკარნახობს, რომ განცალკევებისთვის მჭირდება ერთი-ორი გაბრძოლება; სხვანაირად არ გამოვა; სიმშვიდით გამარჯვებამდე ვერ მივალთ! არასდროს მიკითხავს მისტერ მგლისთვის, რას ეძახის გამარჯვებას? ...და როცა დღის ბოლოს „გამარჯვებული“ ვბრუნდები ჩემს თავთან, დაღლილი და მაძღარი მგელი მიყურებს კმაყოფილი თვალებით და მამხნევებს: -ხვალ მოიკრებ ძალებს და ისევ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი! თავიდან დავიწყო? დილა, მე რომ მიყვარს, ის დროა ; უფრო სწორად, დრო სულაც არაა - ჩემი განწყობაა: მზე მიყურებს, მე თვალს არ ვაშორებ, ბოლომდე ვუძლებ, სანამ თავისით არ მეხუჭება და მეცინება, თავიდანვე ვიცი, რომ მზე გაიმარჯვებს და ამიტომ მეცინება... -და არცერთ კითხვას რომ არ ვუპასუხო? მგელმა ყურები ცქვიტა: - ხომ ხედავ კითხვის გარეშე ვერ ძლებ - მიღმუვლა - ასე აპირებ რამეს? ვინ ხარ? როგორ შეძლებ? გავხედე და მეტად ვიგრძენი როგორ მათბობს მზე : - მე ამ მზის ნაწილი ვარ. - ჰაჰა, მართლა? ბოდვები დაგეწყო უკვე? - მე მიყვარს, როცა ასე ვზივარ - არაფრის მოლოდინში; -ანუ უსაქმურობას ამართლებ? მე არ ვბრაზობ მგელზე. მას ვერ ათბობს მზე და არ იცის... აღარც ვპასუხობ; მისტერ მგელი უძლურია თუ მასთან დიალოგში არ შეხვალ - გავიფიქრე ... აღარ წავალ ბებიასთან ტყის გავლით.
0