4 votes
0 comments
0 shares
Save
სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება დასჯადი გახდა
33 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება დასჯადი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციით, კორონავირუსზე ყალბი ამბების გავრცელება დაისჯება ჯარიმით ან ექვს თვემდე პატიმრობით.

სამხრეთ აფრიკის მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს კორონავირუსზე ტესტის იძულებით ჩატარებას, მკურნალობასა და კარანტინში მოთავსებას. მიმდინარე კვირის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის გაუტენგის პროვინციაში ოჯახმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უარი თქვა იზოლაციაზე, რის შემდეგაც ოჯახის წევრები პოლიციამ სასამართლო დადგენილების საფუძველზე იძულებით გადაიყვანა კარანტინში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სამხრეთ აფრიკამ ციხეებში მნახველების მიღება შეაჩერა, ასევე აიკრძალა 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილია კორონავირუსის 116 შემთხვევა.

#stopcovid19 #covid19 #coronavirus
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პირველად ისტორიაში, ევროკავშირმა საზღვრები ჩაკეტა
ევროკავშირის ისტორიაში პირველად ორგანიზაციის წევრი ქვეყნები საზღვრებს კეტავენ. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ მათთვის, ვინც ორგანიზაციის არაწევრია და არც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას მიკუთვნება. აკრძალვა დაუყოვნებლივ აამოქმედა გერმანიამ, რომელმაც დღეს რეისების მიღებაც შეაჩერა. ასევე იკრძალება მედიკამენტების და სამედიცინო საშუალებების ექსპორტი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. გერმანიის დედაქალაქში დღეიდან ამოქმედდა საკარანტინო ზომები. დაიხურა კაფე-ბარები, მუზეუმები და სპორტული დარბაზებიც. ქვეყანამ დღეიდან საჰაერო და სახმელეთო საზღვრებიც ჩაკეტა. ფრანკფურტის აეროპორტში დღეს თურქეთიდან ჩასული ორი თვითმფრინავი უკან გააბრუნეს. კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად დახურულ ზონად გამოცხადდა ბელგიაც. მოსახლეობას სახლებში დარჩენა ევალებათ და მათთვის მხოლოდ აფთიაქები, საავადმყოფოები და სუპერმარკეტები მუშაობს. ევროპის დედაქალაქის ქუჩები ცარიელია, ისევე როგორც პარიზი. ხალხი სახლიდან მხოლოდ პროდუქტის შესაძენად გადის ესპანეთის დედაქალაქში კი უჩვეულო ხმაური იყო. კარანტინში მყოფი მოსახლეობა ქვეყნის ყოფილი მონარქისგან, კორონავირუსთან საბრძოლველად ჯანდაცვის სექტორისთვის იმ თანხების გადაცემას მოითხოვდა, რომელიც გავრცელებული ცნობით, წლების წინ საუდის არაბეთისგან მიიღო. ხუან კარლოსის შვილმა და ესპანეთის დღევანდელმა მეფემ მამის სკანდალურ მემკვიდრეობაზე უარი სწორედ ამიტომ განაცხადა. ხელისუფლებამ კი უკვე გადაწყვიტა ეკონომიკის სტიმულირებისთვის 200 მილიარდი ევრო გამოყოს. დღეს ქვეყნის პრემიერი სიტყვით პარლამენტში გამოვიდა, მაგრამ პანდემიის გამო დარბაზი ცარიელი იყო. ტრილონი დოლარის გამოყოფას გეგმავს ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ხალხის დასახმარებლად შეერთებული შტატებიც. სავარაუდოდ, ამ თანხიდან თითოეული მოქალაქე 1000 დოლარს მიიღებს. ევროპის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსთან საბრძოლველად საზღვარი კანადასთანაც ჩაკეტა. მსოფლიო კოვიდ-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად და ეკონომიკის გადასარჩენად ფინანსური რესურსების მობილიზებას ახდენს. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა უკვე 200 ათასს გადააჭარბა. 8 ათასზე მეტია გარდაცვლილთა რიცხვი. ამ ფონზე რუსეთს კვლავ დეზინფორმაციის კამპანიაში ადანაშაულებენ. ევროკავშირის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, კრემლი მედიისა და სოც.ქსელების საშუალებით კორონავირუსზე გაუგებარ ნარატივს ავრცელებს, რომელიც მიზნად დასავლურ საზოგადოებაში შიშისა და უნდობლობის დათესვას ისახავს. თავად რუსეთში, რომელიც 14 ქვეყანას ესაზღვრება და მათ შორის იზიარებს 2 ათას 400 კილომეტრიან საზღვარს ჩინეთთან, ქვეყანაში დაინფიცირების მხოლოდ 147 შემთხვევას ადასტურებს.#eu #blocked #stopcovid19 #coronavirus #covid19
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
როგორ ხდება კორონავირუსზე ადამიანის შემოწმება
მსოფლიო COVID-19-ის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ იბრძვის და მის შეკავებას ცდილობს. დაავადების გავრცელების შეჩერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საეჭვო ადამიანის სიმპტომებზე გასინჯვაა. როჩესტერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ვირუსების მკვლევარი მორინ ფერანი ამ დიაგნოსტიკური ტესტირებების შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს. ვის უტარდება ვირუსზე ტესტი? ადამიანს ვირუსზე მხოლოდ მაშინ ამოწმებენ, თუ მას სიმპტომები აღენიშება ან ინფიცირებულ ადამიანთან რამე სახის ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა. კორონავირუს SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეული ინფექციის, COVID-19-ის ძირითადი სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველა და სუნთქვის უკმარისობაა. ეს გამოვლინებები გრიპისა და ჩვეულებრივი გაციების სიმპტომებს წააგავს, ამიტომ აუცილებელია, რომ ექიმმა განსაზღვროს, ჩაუტარდება თუ არა ადამიანს ვირუსზე ტესტირება. თავდაპირველად, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ტესტირების რეკომენდაცია მხოლოდ სიმპტომების მქონე და ინფიცირებულთან ფიზიკურ კავშირში მყოფ ადამიანებზე გასცა. თუმცა, ჯანდაცვის წარმომადგენლებისდა გასაკვირად, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ რამდენიმე ადამიანს ვირუსიან ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვირუსი ლოკალურად გავრცელდა — ის ადამიანიდან ადამიანზე ძალიან ადვილად გადადის და/ან დაინფიცირებული ადამიანები ვირუსს სერიოზული სიმპტომების გამოვლენის გარეშე ავრცელებდნენ. ამის საპასუხოდ, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა რეკომენდაციები შეცვალა და დაუშვა ნებისმიერი ადამიანის COVID-19-ზე ტესტირება, თუ მას ექიმი მოითხოვდა. რადგანაც ტესტირებების რაოდენობა შეზღუდულია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფიზიოლოგებს მოუწოდებს, გონივრულად გამოიყენონ რესურსი. ამ დროის მონაცემებით, ჯერჯერობით COVID-19-ის არანაირი სამკურნალო პრეპარატი და ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტესტირებები უაზროა. საეჭვო ადამიანის სიმპტომებზე გასინჯვა მნიშვნელოვანია, რადგან თუ მას ვირუსი დაუდგინდა, კარანტინში მოათავსებენ და ინფექციის გავრცელება შედარებით შენელდება. გარდა ამისა, ეს ჯანდაცვის ექსპერტებს დაავადების პოპულაციაში გავრცელების უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევს. როგორ ხდება ტესტირება? პაციენტის ტესტირება საკმაოდ მარტივი პროცესია და მისი გაკეთება პოტენციურად ყველგანაა შესაძლებელი. ამ დროს ადამიანის ცხვირის სიღრმეებიდან ნაცხს იღებენ, შემდეგ კი ნიმუში ლაბორატორიაში იგზავნება, სადაც ადგენენ, არის თუ არა პაციენტის უჯრედები ვირუსით ინფიცირებული. ანალოგიური პროცედურაა გრიპის ვირუსზე ტესტირებაც. რამდენად ეფექტიანია ტესტი? მართალია, ნაცხის აღება და ნიმუშის ლაბორატორიაში გადაგზავნა მარტივი პროცედურაა, მაგრამ ვირუსის დადგენა ბევრად უფრო რთულია. ამჟამინდელი მეთოდით, მედიკოსები პაციენტის უჯრედებში ვირუსის გენეტიკურ მასალას (რნმ) ეძებენ. პაციენტის ნიმუშში რნმ-ის არსებობის აღმოსაჩენად, ლაბორატორიები „შებრუნებული ტრანსკრიფციული პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის“ ტესტს ატარებენ. ეს მეთოდი თავიდან ვირუსულ რნმ-ს დნმ-ად გარდაქმნის. შემდეგ ამ დნმ-ის მილიონობით ასლი კეთდება მანამ, სანამ სპეციალური აღჭურვილობით (PCR ინსტრუმენტი) ვირუსს არ დააფიქსირებენ. პაციენტის ნიმუშში ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა პაციენტის ვირუსით ინფიცირებას ნიშნავს. ასეთი ტესტის შედეგების მისაღებად 24-72 საათია საჭირო. ვირუსის ეპიდაფეთქების დროს ჩატარებული ტესტირებების რაოდენობის სწრაფი ზრდისას მის სიზუსტეს ბევრი ეჭვქვეშ აყენებდა. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ჩინეთში ჩატარებული ტესტირებების 3%-ს უარყოფითი შედეგი ჰქონდა, როცა რეალურად ნიმუშები ვირუსით ინფიცირებული იყო. ყველას სჭირდება თუ არა ტესტის ჩატარება? რეალურად თუ მივუდგებით, ყველა ადამიანის ტესტირება შეუძლებელია. გამომდინარე აქედან, ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ის ადამიანები უნდა შევამოწმოთ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ — მაღალი რისკის მქონე ხალხი, რომლებსაც COVID-19-ით ინფიცირებულებთან უშუალო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდათ; მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული სიმპტომებიანი ადამიანები; ქრონიკული დაავადებების (გულის ან ფილტვის დაავადება და დიაბეტი) 65 წლის და მეტი ასაკის ადამიანები. ტესტირებების რესურსების ზრდასთან ერთად უფრო მეტი ადამიანის გასინჯვა შეგვეძლება. ასევე აუცილებელია, რომ იყოს სწრაფი დიაგნოსტირების საშუალებაც, როცა ტესტირება არ მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობასა და მედპერსონალს. პაციენტების შემოწმება ექსპერტებს დაეხმარება, უკეთ განისაზღვრონ ეპიდაფეთქების პროგრესი, რითაც მათ საზოგადოებაზე ვირუსის ზიანის წინასწარმეტყველება შეეძლებათ. როგორც ყველა სხვა, ეს პანდემიაც აუცილებლად დასრულდება. ამასობაში კი აუცილებელია, რომ ადამიანებმა ხშირად დაიბანონ ხელები და ინფიცირების რისკები მაქსიმალურად შეამცირონ. ახალ კორონავირუსზე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს შესასწავლი. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ის პოპულაციიდან ისევე გაქრება, როგორც SARS-ი 2003 წელს, თუ გახდება სეზონური ვირუსი, როგორც გრიპი. მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.#კორონავირუსი #covid19 #coronavirus #stopcovid19
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
თურქეთში, კორონავირუსის შესახებ პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელების გამო 19 პირი დააკავეს
თურქეთში სოციალურ ქსელებში კორონავირუსის შესახებ უსაფუძვლო და პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელების მიზეზით 19 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სულ იდენტიფიცირებულია 93 პირი, რომლებიც კორონავირუსის შესახებ პროვოკაციული ინფორმაციას ავრცელებდნენ. კერძოდ, დაკავებულებს ადანაშაულებენ ისეთი ცნობების გავრცელებაში, თითქოს თურქეთში კორონავირუსი ფართოდ არის გავრცელებული და ხელისუფლება დაავადების პრევენციისთვის არაეფექტიან ზომებს მიმართავს. უწყების განცხადებით, კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი მოსახლეობაში პანიკისა და შიშის გამოწვევა იყო. „ეჭვმიტანილთაგან 19 ადამიანი დაკავებულია და იდენტიფიცირებული პირებიდან სხვების დაკავების პროცესი გრძელდება“, – ნათქვამია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 47 შემთხვევაა გამოვლენილი. კორონავირუსის გავრცელების გამო თურქეთმა დახურა სასწავლო დაწესებულებები, კაფეები და რესტორნები, აკრძალა მასობრივი ლოცვა მეჩეთებში და 20 ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.#stopcovid19 #covid19 #turkey
ამერიკის ხმა
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ღარიბი და ომებით განადგურებული ქვეყნები პანდემიის პირისპირ
მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 10 მილიონზე მეტი, გარდაცვალების კი - 500 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს რიცხვები გაცილებით მცირეა იმ რეალურ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც სავარაუდოდ, ქვეყნებში არსებობს. ტესტირების შეზღუდული შესაძლებლობების თუ მსუბუქი შემთხვევების არ აღრიცხვის და სხვა პრობლემების გამო, პანდემიის მასშტაბები, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია. თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც მსოფლიოში ყველაზე მეტი კეთილდღეობის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებიც კი კორონავირუსის მქონე პაციენტების რაოდენობას გაჭირვებით უმკლავდებოდნენ, ჯანდაცვის ექსპერტები შიშობდნენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მალე ღარიბი ან ომგამოვლილი თუ ახლაც ომში მყოფი ქვეყნები და მათი მოსახლეობა აღმოჩნდებოდა. ამ შიშების ნაწილი უკვე გამართლდა. იემენის სამხრეთში ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლები საკუთარ პოზიციებს მასობრივად ტოვებენ, რადგან საკმარისი დამცავი აღჭურვილობა არ აქვთ, ზოგიერთი ჰოსპიტალი კი სუნთქვის პრობლემების მქონე პაციენტებსაც კი უკან აბრუნებს. ომით განადგურებულ სუდანის დარფურის რეგიონში კი, სადაც ტესტირების ძალიან მცირე შესაძლებლობებია, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებში მცხოვრებთა შორის კოვიდ-19-ის მსგავსი, მაგრამ მაინც უცნობი ვირუსი ვრცელდება. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კვლავ იზრდება ინდოეთსა და პაკისტანში. ორივე ქვეყნის საერთო 1.5 მილიარდი მოსახლისთვის, სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის გამო, მთავრობის აზრით, კარანტინის შესაძლებლობა აღარ არსებობს. სამხრეთ ამერიკა ბრაზილიას ახლა დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მხოლოდ შეერთებული შტატები უსწრებს. ქვეყნის ლიდერს ვირუსის გავრცელების შესაჩერებელი მკაცრი ზომების გატარება არ სურს. შემაშფოთებლად იზრდება მაჩვენებლები პერუში, ჩილეში, ეკვადორსა და პანამაშიც, თუმცა აქ საკარანტინე ზომები საკმაოდ ადრე მიიღეს. სამხრეთ ამერიკაში სიღარიბემ პანდემია გაამწვავა, რადგან მილიონობით ადამიანი იძულებული იყო არაფორმალური სამუშაო გაეგრძელებინა, შემდეგ კი იმ სახლებში დაბრუნებულიყო, სადაც ხშირად დიდ ოჯახებთან თუ ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა. კარანტინმა ვირუსი ვერ შეაჩერა პერუშიც, ქვეყანაში, რომელიც სამთვიანი მკაცრი შეზღუდვების შემდეგაც კი დადასტურებული შემთხვევებით მე-6 ქვეყანაა. პერუს მოსახლეობა 32 მილიონი ადამიანია. სახელმწიფოს ინტენსიური ზრუნვისა და რეანიმაციის 88 % უკვე გამოყენებულია. ვირუსის გავრცელება კი არ ნელდება. აფრიკა სამწუხარო ცნობები ვრცელდება სამხრეთ აფრიკიდანაც, ქვეყნიდან, რომელსაც კონტინენტზე ყველაზე განვითარებული ეკონომიკა აქვს. ინფიცირებული პაციენტები კორიდორებში წვანან, რადგან საავადმყოფოში ადგილი აღარ არის. მთლიანად კონტინენტზე დაფიქსირებული შემთხვევების ერთ მესამედზე მეტი სწორედ სამხრეთ აფრიკაშია. ის პანდემიის პიკს უახლოვდება. მხოლოდ კეიპ ტაუნში იმაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ვიდრე კონტინენტის რომელიმე სახელმწიფოში, ეგვიპტის გარდა. ზოგიერთმა ქვეყანამ აფრიკაში, გაცილებით ადრე დაიწყო მოქმედება და სხვა დაავადებებთან ბრძოლის გამოცდილება გამოიყენა, მათ შორის, უგანდამაც. მაგრამ მცირე გამონაკლისების გარდა, ღარიბი ქვეყნები მაინც გამორჩეულად მძიმე ვითარებაში არიან. დამცავი აღჭურვილობის სიმცირის გამო, მისი ფასი განსაკუთრებით გაიზარდა, ტესტირების შესაძლებლობა ასევე შეზღუდულია. კარანტინის ზომების დაცვა და კონტაქტების კვლევაც ბევრ რესურსს მოითხოვს. ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტები ამბობენ, რომ ტესტირება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ პანდემიის რამდენიმე თვის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე განვითარებად ქვეყანას თუ შეუძლია, რომ კვირაში ათეულობით ათასი ტესტი ჩაააროს, რაც ვირუსის შესაკავებლადაა საჭირო. ინდოეთი ინდოეთში საკარანტინე შეზღუდვებმა ქვეყნის უმთავრეს ქალაქებში ურიცხვი მიგრანტის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია. შიმშილისა და უსახლკარობის შიშით ათასობით ადამიანმა ავტომაგისტრალებს მიაშურა და მშობლიურ სოფლებსა თუ ქალაქებში ფეხით დაბრუნება გადაწყვიტა. ბევრი მათგანი ავიაკატსტროფებში დაიღუპა, ზოგიც - დეჰიდრატაციას შეეწირა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ საკარანტინე დაწესებულებები შექმნა და შინ დასაბრუნებლად ადამიანებს რკინიგზის სპეციალურ რეისებს სთავაზობს. ცალკე საკითხია ის, რომ მიგრაციამ ქვეყნის სასოფლო დასახლებებში ვირუსის გავრცელება უკვე გამოიწვია. ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურა კი ამგვარ დაწესებულებებში გაცილებით სუსტია.#ახალი_ამბები
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
რატომ შეუტია კორონავირუსმა იტალიას ასე მკაცრად — ახალი კვლევა
რაც უფრო ღრმად ეხვევა მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ ქაოსში, ყველას გვიჩნდება სასოწარმკვეთი კითხვები – კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს იზოლაცია, როდის მიაღწევს პანდემია პიკს და ა. შ. თუმცა, ერთი რამ, რაც ამ ყველაფერში უცხადესია, არის ის, რომ ახალი დაავადება ყველაზე სახიფათოა ხანდაზმულებისთვის. ახალგაზრდებს შეიძლება სიმპტომებიც კი არ გამოუვლინდეთ და ეს ფაქტი მათი ახლობელი მოხუცებისთვის კიდევ უფრო სახიფათოა, რადგან მათ ეს ვირუსი ასაკოვან ადამიანებს შეიძლება სრულიად გაუცნობიერებლად გადასდონ. ახალმა კორონავირუსმა იტალიას განსაკუთრებით მძიმედ დაარტყა, გარდაცვლილია 5000-ზე მეტი ადამიანი. გადაჭედილი საავადმყოფოების პერსონალს უწევს ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება – ვის უმკურნალონ და ვინ სიკვდილს მიანდონ. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეპიდემია იტალიას ასე განსაკუთრებით სასტიკად შეეხო, შეიძლება ორი იყოს; ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები ჟურნალ Demographic Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში წერენ — ქვეყანა მეორეა ევროპაში ხანდაზმულთა რაოდენობით; იტალიელი ახალგაზრდები უფრო ხშირად ურთიერთობენ მოხუც ბებია-პაპებთან. ასეთი დემოგრაფიული კვლევა შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს საფრთხის შესამცირებლად ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგან მრავალ ქვეყანაში პანდემია ჯერ ახლა იწყებს გავრცელებას და ფაქტობრივად, მეცნიერები ახლა სწავლობენ ამ ვირუსის გადადების გზებს ოჯახებსა და საზოგადოებებში. იტალიაში მოსახლეობის 23 პროცენტი 65 წელს გადაცილებულია. ამავე დროს, ახალგაზრდა იტალიელები ბევრს ურთიერთობენ საკუთარ მოხუცებთან. კვლევის იტალიელი თანაავტორები შენიშნავენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები სასოფლო დასახლებებში მშობლებთან და პაპა-ბებიებთან ცხოვრობენ, მაგრამ სამუშაოდ დიდ ქალაქებში, მაგალითად, მილანში დადიან. კვლევის ავტორთა აზრით, ქალაქებსა და ოჯახებს შორის ასეთმა ხშირმა მოგზაურობამ შეიძლება კიდევ უფრო გააძლიერა ახალი კორონავირუსის „ჩუმი“ გაძლიერება. ქალაქში მომუშავე და სოციალიზებული ახალგაზრდები ურთიერთობენ ბევრ ადამიანთან, სადაც შეიძლება ისინი ვირუსით დაინფიცირდნენ და ის სახლში წაიღონ. შეიძლება მათ სიმპტომები სულ არ ჰქონდეთ ან უმნიშვნელოდ აღენიშნებოდეთ, მაგრამ დააინფიცირონ მოხუცები, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი. „ვიცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასაკოვან ადამიანებში მაღალია, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, რატომ“, — ამბობს მკვლევარი კარლოს დელ რიო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ მოხუცებს სუსტი სასუნთქი სისტემები აქვთ, რაც ხანდაზმულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს სხვა დაავადებების, მაგალითად, პნევმონიის შემთხვევებშიც ზრდის. მეცნიერთა ერთი ნაწილი კი იკვლევს, რატომ არ ერჩის COVID-19 ბავშვებს. მათი აზრით, ბავშვებს უფრო „ხელუხლებელი“ ფილტვები აქვთ, რომლებიც ჯერ არ არი დაზიანებული ცხოვრების განმავლობაში ალერგიებით, ჰაერის დამბინძურებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ანთებებით. ეს ფაქტორი მათ შეიძლება უფრო მტკიცეს ხდის ახალი კორონავირუსის შემოტევის მიმართ. მიუხედავად იტალიაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა, ვირუსი უკვე შორს და ფართოდ არის გავრცელებული. კვლევის ავტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის დემოგრაფისა და ეპიდემიოლოგის, ჯენიფერ დოუდის განცხადებით, ამ სახის დემოგრაფიული მონაცემებით, ჯანდაცვის ოფიციალურ უწყებებს გავრცელებასთან უკეთ ბრძოლა შეუძლიათ. „ერთ-ერთი რამ, რის გარკვევასაც ვცდილობდით, არის ის, რომ მხოლოდ ხანდაზმულთა იზოლაცია საკმარისი არ არის და მრუდის გაბრტყელებისთვის საჭიროა ზოგადი სოციალური დისტანცირება. მრუდის გაბრტყელება ნიშნავს ახალი ინფექციების შენელებას, რაც მკვლევრებს დამატებით დროს აძლევს პრეპარატებისა და ვაქცინების შესაქმნელად, საავადმყოფოებს კი სულის მოთქმის საშუალება ეძლევათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებისა და მოხუცების განცალკევება შეიძლება მშვენივრად მუშაობდეს თეორიაში, პრაქტიკაში ის პრობლემებს ქმნის. მაგალითად, მრუდის გასაბრტყელებლად აშშ-ში დაიხურა სკოლები. მშობლები ამასობაში სახლიდან მუშაობენ და ბავშვები ამაში ხელს უშლიან, ამიტომ შეიძლება, ისინი პაპა-ბებიებს მიაბარონ. ქვეყნებში, სადაც ბევრი ხანდაზმულია, ბევრი მათგანი ერთად ცხოვრობს მოხუცებულთა სახლებში, სადაც სოციალური დისტანცირება განსაკუთრებით ჭირს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ხანდაზმულთა დიდი ოდენობა აუცილებლად არ ნიშნავს COVID-19-ის აფეთქებას. იაპონიაში, სადაც მოსახლეობის 28 პროცენტი 65 წელს გადაცილებულია, ამჟამინდელი მონაცემებით (23 მარტი) ინფიცირებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილი კი 41. იტალიაში მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია – 63 928 ინფიცირებული და 6078 გარდაცვლილი. იაპონიამ, მეზობელ ჰონგ-კონგისა და სინგაპურის მსგავსად, გავრცელების ადრეულ დღეებშივე დაიწყო ადამიანთა ტესტირება და შემოიღო მკაცრი სამოგზაურო კონტროლი. კვლევის ავტორის, ჯენიფერ დოუდის განცხადებით, იტალიის მაგალითი პანდემიასთან ბრძოლაში პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაში უნდა დაგვეხმაროს. „წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ ის ზონები, სადაც ხანდაზმულთა რაოდენობა ბევრია და შესაბამისად, საჭიროა მეტი ყურადღება“. გაითალისწინეთ, თუ ბებია-პაპის მონახულება გსურთ, ძლიერ რეკომენდებულია, პანდემიის დასრულებამდე თავი შეიკავოთ მათივე ჯანმრთელობისათვის. უბრალოდ, აიღეთ ტელეფონი და მოიკითხეთ.#italy #covid19 #coronavirus #stopcovid19
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
Headline
Tbilisi, Georgia · 2 months ago
BBC: ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსურ მხარდაჭერას წყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბიუჯეტში ამერიკული შენატანის გადახდა შეაჩერა. იგი თვლის, რომ კორონავირუსული პანდემიისას, ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ, სათანადოდ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნულისთვის „პასუხი უნდა აგოს“. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპს, რომელსაც თავად აკრიტიკებენ დაგვიანებული რეაქციების გამო, უბრალოდ ცდილობს „განტევების ვაცის“ პოვნას და პასუხისმგებლობის სხვისთვის დაკისრებას. საინტერესოა ვინ არის მართალი? შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაადანაშაულა WHO კორონავირუსთან დაკავშირებით დაგვიანებულ რეაქციაზე და დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულებაში. მისი თქმით, ამ ორგანიზაციამ COVID-19-თან დაკავშირებით რეალური ფაქტები დამალა. 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას შეატყობინა უჰანის პროვინციაში, გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიური დაავადების ზრდის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია იმავე დღეს ჟენევაში (შვეიცარია) გადაიგზავნა, WHO-ს შტაბ-ბინაში. მომდევნო დღესვე, WHO-მ ექსპერტთა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლებმაც სიტუაციის მონიტორინგი დაიწყეს. სულ რაღაც 3 დღეში ორგანიზაციამ პირველადი ინფორმაცია გამოაქვეყნა უცნობი ვირუსის შესახებ, მის სოციალურ ქსელსა და საექსპერტო ჟურნალებში, ხოლო 10 იანვარს პირველი რეკომენდაცია გასცა სხვადასხვა ქვეყნებისთვის. აღნიშნული დროისთვის WHO-ს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება, რომ უცნობი დაავადება ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. ფაქტი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, როდესაც პნევმონიით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ექიმები გახდნენ შეუძლოდ. გარდა ამისა, ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში. ამის თაობაზე, გამართულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა WHO-ს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერქჰოვემ. აუცილებელია ითქვას, რომ აღნიშნული მომენტისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს არანაირი წვდომა ჰქონდათ ჩინეთში, უჰანის პროვინციაში მყოფ დაავადებულებთან. 28 იანვარს, თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი თედროს ღებრეისუსი შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ცზიპინს და სთხოვა ნებართვა, ამ პროვინციაჩი ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნის თაობაზე, მაგრამ ნებართვა მხოლოდ 16 თებერვალს მიიღეს მათ. კრიტიკოსებისთვის მსჯელობის მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ ღებრეისუსი პოზიტიურად აფასებდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ, უცნობი ვირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს. პოლიტიკოსები და დასავლელი ექსპერტები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ოფიციალური პეკინის მიერ, მსოფლიოსთვის მიწოდებული სტატისტიკისა და მონაცემების სისწორეს, რადგან დოკუმენტებში მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება დიდხანს მალავდა რეალურ სურათს ვირუსთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალიალური სტატისტიკა ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობასთნ შედარებით ეჭვს ბადებს, რადგან რიცხვები საკმაოდ დაბალი იყო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ვაშინგტონს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში ყოველწლიურად $400-დან $500 მლნ-მდე შეაქვს, მაშინ როდესაც ჩინეთი მხოლოდ $40 მლნ-ით აფინანსებს. WHO-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ენტონი კოსტელოს განცხადებით, ამერიკული დაფინანსების გარეშე, ორგანიზაციას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება, რადგან ვერ შეძლებს სხვადასხვა სახელწმიფოებისთვის დროულ დახმარებას, ექიმთა გადამზადებას და ა.შ. „უამრავი ღარიბი სახელმწიფო ჯერ მხოლოდ ეპიდემიის საწყის ეტაპზეა. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ ექნება საკმარისი ფინანსები, შესაძლოა კატასტროფა მოხდეს“, - განაცხადა კასტელომ. WHO-ს მიერ, თებერვლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და პანდემიის შედეგად დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად. აღნიშნულის განსახორციელებლად კი $675 მლნ. იყო საჭირო. ტრამპის თქმით, ორგანიზაციისთვის დაფინანსება შეჩერდება მანამ, სანამ „კორონავირუსის გავრცელების“ საკითხზე WHO-ს რეალური როლი არ გახდება ცნობილი. ექსპერტთა ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უარი თქვას საზღვრების დახურვის რეკომენდაციაზე და ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვაზე. კოსტელოს მოსაზრებით გადაადგილების აკრძალვა არაეფექტურია და ძირითად, გადამწყვეტ როლს ადრეული ტესტირების გამოყენება ასრულებს, როგორც ეს სამხრეთ კორეაში განხორციელდა, როდესაც კვირაში 66 000 ტესტირება ხორციელდებოდა. ტრამპის განცხადების საპასუხოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა განაცხადა, რომ ახლა არ არის სწორი დრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ფინანსების შესამცირებლად. წყარო: Coronavirus: Trump accused WHO of concealing facts and supporting China. He's right? (15.04.2020),#coronavirus #trump #USA #WHO #headline #stopcovid19
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
კორონავირუსის ეპიდემიის გამო საფრანგეთში 6 266 პატიმარი გაათავისუფლეს
საფრანგეთში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო 6 266 პატიმარი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პირველი აპრილის მონაცემებით, საფრანგეთის 188 ციხეში 66 300-ზე მეტი მსჯავრდებული იმყოფებოდა, ახლა მათი რიცხვი თითქმის 10 პროცენტით შემცირდა. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებსაც სასჯელის ვადა ეწურებოდათ ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“ საფრანგეთში 48 პატიმარს დაუდასტურდა.#france #prisoner #stopcovid19 #coronavirus #covid19
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 7 hours ago
აფხაზეთის "თვითგანადგურების" პოლიტიკა - რა როლი აქვს რუსეთს ?
საბჭოთა სოციალისტური სისტემის გენეზისი და აფხაზეთში სოციალიზმის მშნებლობის პროცესი (ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, კულტურული რევოლუცია, ახალი სოციალისტური მმართველობითი და გამანაწილებელი სისტემის ფორმირება, კომუნისტური ორიენტაციის ინტელექტუალური ელიტის ჩამოყალიბება და ა.შ.) მიმდინარეობდა საერთოიმპერიული კანონზომიერებისა და საერთო-საკავშირო გენერალური მიმართულებების ფარგლებში ადგილებზე ზედმეტი “თვითშემოქმედების” გარეშე. ამ თვალთახედვით უნდა შეფასდეს XXს. 30-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიები აფხაზეთში, 1938წ. დასრულებული დამწერლობის რეფორმა ავტონომიურ რესპუბლიკაში (ლათინური გრაფიკის ქართული გრაფიკით შეცვლა), 1945-46 სასწავლო წლიდან განხორციელებული სასკოლო რეფორმა (“აფხაზურ სკოლებში” სწავლების რუსული ენიდან ქართულზე გადაყვანა აფხაზური ენის სწავლების შენარჩუნებით), მიწისძვრით დაზარალებული მეზობელი რაიონებიდან მოსახლეობის ნაწილის აფხაზეთში ჩამოსახლება (მათმა გარკვეულმა ნაწილმა ასიმილაცია განიცადა და ამჟამად აფხაზურ ეროვნებას მიეკუთვნება). პოლიტიკური რეპრესიები, როგორც ცნობილია, საერთოსაკავშირო “ღონისძიებას” წარმოადგენდა. ავტონომიებში დამწერლობათა გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების გრაფიკაზე, აგრეთვე სწავლების გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენაზე, ხელისუფელბის ცენტრალური ორგანოების დირექტივების შესაბამისად, მთელს საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა. ამიტომ უფრო სამართლიანი და სასარგებლო იქნება თუ სეპარატისტები თავიანთ პრეტენზიებს წაუყენებენ არა ვითომ აფხაზთა გადაგვარების მზაკვრული გეგმის მქონე ქართველებს, არამედ იმპერიას, რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს აფსუა ხალხის ასიმილაციას. მეზობელი რაიონებიდან ადამიანების ჩამოსახლება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში, ასევე მოსკოვის დირექტივებით ხორციელდებოდა. “დათბობის” პოსტსტალინისტური პერიოდი საქართველოში აღინიშნა ანტიქართული გამოხდომების თანხლებით მიმდინარე სტალინის პიროვნების კულტის კრიტიკასთან დაკავშირებით ქ. თბილისში მოწყობილი მშვიდობიანი ახალგაზრდული მანიფესტაციის რუსი ჯარისკაცების მიერ მასობრივი და უმოწყალო დახვრეტით. მანიფესტაციაზე დრო და დრო გაისმოდა მოწოდებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებაც. იმ პერიოდში რესპუბლიკაში მოქმედებდნენ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი იატაკქვეშა ახალგაზრდული ორგანიზაციები (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვ.). კრემლმა გააძლიერა ზეწოლა თბილისზე, დაადანაშაულა რა რესპუბლიკური პარტიული ორგანიზაცია შოვინიზმის გამოვლინებაში, აფხაზების, ოსებისა და სომხების ასიმილაციის მცდელობაში (იხ. სსრ კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1956წ. 10 ივლისის დადგენილება). ეს ბრალდება გახდა თავისებური ნიშანი სეპარატისტებისთვის. ეჭვსგარეშეა, რომ აფხაზეთში სწორედ კრემლმა ერთი ხელით მოახდინა 1957, 1967 და 1977 წლების ანტიქართული გამოსვლების პროვოცირება, თუმცა საბაბად ერთ შემთხვევაში გამოიყენეს სეპარატისტებისთვის მიუღებელი ისტორიული შრომების გამოცემა თბილისში (1957 და 1967წწ.), სხვა შემთხვევაში – საქართველოსა და აფხაზეთის ახალი კონსტიტუციების მიღება (1977წ.); მეორე ხელით კრემლი ყოველთვის ცდილობდა კონფლიქტების ისეთნაირად “მოგვარებას” (განსაკუთრებით სეპარატისტთა სასარგებლო საკადრო გადაადგილებების განხორციელებით), რათა შექმნილიყო უფრო ხელსაყრელი ნიადაგი შემდგომში საჭირო დროს ახალი მასშტაბური გამოსვლებისთვის. ასეთი დრო XXს. 80-იანი წლების ბოლოს დადგა, როცა ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობებმა ძირფესვიანად შეარყიეს საბჭოთა იმპერია, თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში, სხვა რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოდიოდა. დემორალიზებული და დეზორგანიზებული კრემლი შეეცადა, მაგრამ ვერ მახერხა მისთვის სასარგებლო შედეგების მიღწევა 1989წ. 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის შემდეგ. შედეგი სრულიად საპირისპირო გამოდგა. ბევრი ვერაფერი მისცეს იმპერიულ ცენტრს ანტიქართულმა გამოსვლებმა აფხაზეთში 1989წ. ივლისში. კრემლის ხრიკების მიუხედავად, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა დამოუკიდებლობისკენ. 1990წ. 28 ოქტომბერს გამართულ მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობამ გაიმარჯვა, რასაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია მოჰყვა. რესპუბლიკამ არ მიიღო მონაწილეობა სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე 1991 წლის 17 მარტს საკავშირო რეფერენდუმში. აფხაზეთში იგი სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. სასურველი შედეგის მისაღებად, გალის რაიონი, სადაც აფხაზეთის მოსახლეობის 20% ცხოვრობდა (დიდი უმრავლესობა ქართველები), მოსკოვის მითითებით, არჩევნებიდან მოხსნეს საარჩევნო უბნების ვითომ “მოუმზადებლობის” მოგონილი საბაბით. გარდა ამისა, აფხაზურ საარჩევნო უბნებში სსრ კავშირის შენარჩუნების მომხრეთა ხმების რაოდენობამ კურიოზული მაჩვენებელი შეადგინა – ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 120% (?!). ამ გზით სეპარატისტებმა ძლივს დააფიქსირეს 50 პროცენტზე ოდნავ მეტი, მაგრამ ყველასათვის ნათელი გახდა, რომ სსრ კავშირის შენარჩუნებისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი აფხაზეთში ჩაიშალა. იმავდროულად, 1991წ. 31 მარტს აფხაზეთში დიდი წარმატებით ჩატარდა სხვა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. აფხაზეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვ. არძინბას მეთაურობით გადაწყვიტა თვითონ არ მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, მაგრამ ხელი არ შეუშალოს ავტონომიურ რესპუბლიკაში მის ჩატარებას. იმ კონკრეტულ ვითარებაში ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბლოკი `სოიუზი~ (სსრ კავშირის მომხრეები) რეფერენდუმში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, 1991წ. 31 მარტის რეფერენდუმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (347175 კაცი) 61,27% მონაწილეობდა, ანუ ბევრად მეტი, ვიდრე ქართული მოსახლეობა (45%). რეფერენდუმში მონაწილეთა 97,73% (ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 60%) ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას (დამოუკიდებლობის აღდგენა 1991წ. 9 აპრილს გამოცხადდა). ანალოგიურ ვითარებაში ჩატარდა და დაახლოებით იგივე მაჩვენებლებით დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთის ტერიტორიაზე (1991წ. 26 მაისი). აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის საგანგებოდ ფრთხილი, მშვიდობიანი და კომპრომისული პოლიტიკის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა 1991წ. ზაფხულში, როდესაც ქართულ და აფხაზურ მხარეთა საერთო ძალისხმევით შემუშავდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ახალი კანონი, შევიდა ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. უმაღლესი საბჭოს 65 მანდატი ეთნიკური პრინციპით ჩამოყალიბებულ ერთმანდატიან ოლქებში გადანაწილდა. აფხაზებს 28 მანდატი ერგოთ, ქართველებს – 26, სხვა ეროვნებებს – 11. მანდატები ისეთნაირად გადანაწილდა, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლო კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება და ცალმხრივად კონსტიტუციური, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ქართველთა და აფხაზთა შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იყო არა მხოლოდ სტატუსის საკითხის ლეგიტიმური გადაწყვეტა, არამედ მთავრობის დანიშვნაც კი, ვინაიდან მინისტრის დამტკიცებას ასევე კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა. ეთნიკური ნიშნის მიხედვით გადანაწილდა როგორც მანდატები უმაღლეს საბჭოში, ისე მთავარი თანამდებობებიც. კერძოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აფხაზი უნდა არჩეულიყო, მის პირველ მოადგილედ-ქართველი; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ქართველი ინიშნებოდა, პირველ მოადგილედ – აფხაზი. განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებებიც. მაგალითად, აფხაზეთის კონსტიტუციაში ტერმინი “საქართველოს სსრ” შიცვალა ტერმინით “საქართველოს რესპუბლიკა”. ეს იყო სერიოზული კომპრომისი, ვინაიდან აფხაზეთი კონსტიტუციურად ადასტურებდა, რომ ის ადრე იყო საქართველოს სსრ ნაწილი, მაგრამ ამიერიდან დამოუკიდებლობა გამოცხადებული საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაშია. იმისათვის, რათა სათანადოდ შეფასდეს ამ კონსტიტუციური ცვლილების მნიშვნელობა, საჭიროა გავიხსენოთ სეპარატისტთა მიერ ატაცებული კრემლის უცნაური ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი, მისი კონსტიტუციის მიხედვით, სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს სსრ ნაწილს წარმოადგენდა და არა საქართველოს რესპუბლიკის. განხორცილებული ცვლილებით, მსგავს ინსინუაციებს ბოლო მოეღო. აფხაზეთის კონსტიტუციაში შევიდა ასევე დამატება, რომ კანონი აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ ძალაში შედიოდა საქართველოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ (მუხლი 98). თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკამ გაიმარჯვა, თანაც გაიმარჯვა ორივე მხარემ. ყველაფრიდან ჩანდა, რომ კრემლი ძლიერ იყო შეშფოთებული დამოუკიდებლობისკენ საქართველოს დამაჯერებელი მოძრაობით, 1991 წლის 17 და 31 მარტის რეფერენდუმების, 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, მოსკოვის მედიატორული როლის გარეშე თბილისის მიერ აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირებით. კრემლში გადაწყვიტეს, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობის გზით დამხობა და აფხაზეთში ომის გაჩაღება იყო საჭირო. ასსრ კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობამ, რომელიც მანამდე საკავშირო ცენტრთან ძალაუფლებისათვის ბრძოლით იყო დაკავებული, საქართველოსთვისაც მოიცალა. ამ უკანასკნელმა – თანაც უარი თქვა მაშინ ჯერ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირში, შემდეგ კი ახლადდაფუძნებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანებაზე. ახალ ვითარებაში, როდესაც 1991-1992 წლების მიჯნაზე საქართველოში ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, ე. შევარდნაძის მეთაურობით სახელმწიფო საბჭოს სახით დროებითი არალეგიტიმური ხელისუფლება შეიქმნა, სამოქალაქო დაპირისპირებად წოდებული რუსეთ-საქართველოს გაჩაღდა ომი, აფხაზეთის სეპარატისტული ძალები მეტისმეტად გააქტიურდნენ. მოსკოვის წაქეზებითა და საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა იღებდა ცალმხრივ გადაწყვეტილებებს და იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული. 1992წ. 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925წლის მკვდრადშობილი კონსტიტუციის (რომლის შესახებ ზემოთ იყო საუბარი) აღდგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა უმაღლესი საბჭოს საბოლოო განხეთქილების ადრე დაწყებული პროცესი და, საბოლოო ჯამში, საქმე ომამდე მივიდა. დღეს ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში და ომი აფხაზეთში წარმოადგენდნენ ერთი ჯაჭვის რგოლებს, ერთიც და მეორეც - ქართული სახელმწიფოს დასუსტების, მისი დანაწევრებისა და ახალი ფორმით რუსეთის იმპერიის წიაღში დაბრუნების საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილებია. ომი აფხაზეთში განხილული უნდა იყოს როგორც რუსეთ-საქართველოს 1991-1992 წლების უთანასწორო ომის გაგრძელება. მისი შედეგები, როგორც ცნობილია, კატასტროფული აღმოჩნდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვის. ორივე მხრიდან ათეულ ათასობით დაღუპულის გარდა, ავტონომიური რესპუბლიკა დატოვა მისი კანონიერი მოსახლეობის სამმა მეოთხედმა. დევნილებად იქცა თითქმის 300 ათასი ქართველი, 40 ათასამდე აფხაზი, ათასობით ბერძენი, ესტონელი, უკრაინელი, ებრაელი, რუსების ნაწილი და ა.შ. ომამდელი 535 ათასი კაციდან (მიმდინარე აღრიცხვის მონაცემები 1992 წლის იანვრისთვის) 1997 წლისთვის აფხაზეთში 145 989 ადამიანი დარჩა; ამრიგად, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 388 075 კაცით – 72,7 პროცენტით, ანუ 3,7 ჯერ შემცირდა. სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე მეტად ქართული მოსახლეობა დაზარალდა. 1992წ. 1 იანვრისთვის მისი რაოდენობა 244 872 კაცს (მონაცემები აშკარად შემცირებულია) შეადგენდა, ეთნოწმენდის შემდეგ, 1997 წლისთვის – 43 442 კაცს. ამრიგად, ეთნიკური ქართველების რაოდენობა 201 430 კაცით – 82,2% ანუ 5,64 – ჯერ შემცირდა. აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ელემენტარული უფლებები არ გააჩნია და საქართველოსთან შემოერთებას უჭერენ მხარს. იმავე პერიოდში ეთნიკური აფხაზების რაოდენობა 94 767 კაციდან 53 993 კაცამდე შემცირდა. აფხაზეთში ცხოვრობენ ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოხუმური და რუსული თემები. საერთო ჯამში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იქ დარჩენილებს 3,5-ჯერ აღემატება. ამიტომ ეუთომ რუსეთის მონაწილეობით სამჯერ აღიარა და დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდა (1994წლის 6 დეკემბერს ბუდაპეშტში, 1996წ. 3 დეკემბერს ლისაბონში და 1999 წლის 17-18 ნოემბერს სტამბულში). ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას ყველანაირად ხელს უწყობდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც 1994 წლიდან ხორციელდებოდა. რუსეთმა უკვე მოახდინა თავისი ე.წ. სამშვიდობო მისიის ნამდვილი მიზნების რეალიზაცია, როდესაც 2008წ. აგვისტოში დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმების უხეში დარღვევით აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა (2008წ. 26 აგვისტო), რაც სინამდვილეში ამ ტერიტორიის ანექსიას, სხვადასხვა ეროვნების სინამდვილეში 400 ათასამდე დევნილის დასაღუპავად გაწირვას ნიშნავს. თავისი უკანონო, მაგრამ კარგად გათვლილი ნაბიჯით, რუსეთმა არაფრად ჩააგდო საერთაშორისო წესრიგი, რეალური საფრთხე შუქმნა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მთელი ევროპის უშიშროებას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოს დაცვაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის, მისი მაშინდელი ხელმძღვანელის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრინციპულმა პოზიციამ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ მთელი ცივილიზებული სამყარო, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო. ამ საკითხში რუსეთი პრაქტიკულად მარტო დარჩა, მას მხარი არ დაუჭირეს დსთ-ს წევრებმაც კი, მათ შორის უახლოესმა მოკავშირეებმა. შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის სჭიროა აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა, ნეიტრალური სახელმწიფოების მონაწილეობით სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და სამართლიანი მოგვარება, მათ შორის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის, ისტორიისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით. სეპარატისტებისა და რუსი აგრესორების მთავარ იარაღს წარმოადგენდა და წარმოადგენს ფიზიკური ძალადობა ეთნოწმენდის თანხლებით, უხეში სიცრუე ფალსიფიცირებული ისტორიის სახით, რაც ასევე სულიერი და იდეოლოგიური ძალადობის, კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა. ვინაიდან საკუთარ პროპაგანდისტულ არსენალში კრემლს არ გააჩნია რამდენადმე დამაჯერებელი სამართლებრივი არგუმენტები ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის აფხაზეთის `აღიარების~ გამართლებისთვის, ის ცდილობს მსოფლიოს თავს მოახვიოს მის მიერვე შეთხზული ყალბი ისტორიული სტერეოტიპები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე “ისტორიული სამართლიანობის” ვითომ აღდგენისთვის მებრძოლის მანტიაში გამოწყობილი წარსდგეს. შემოთავაზებული მოკლე ცნობა, რომელიც საკუთარ ძირძველ ტერიტორიაზე – აფხაზეთზე საქართველოს ისტორიულ უფლებას ადასტურებს, აფსუა-აფხაზებს სულაც არ ართმევს ამა თუ იმ სამართლიანი პოლიტიკური მოთხოვნის წამოყენების უფლებას. იმავდროულად, იგი სრულიად ცალსახად გვიჩვენებს საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარე რუსული აგრესიის გამართლების მიზნით მოხმობილი იმ “ისტორიული არგუმენტების” უსაფუძვლობას, რომლებსაც უშუალოდ კრემლის მესვეურები (მათ შორის დ. მედვედევი, ვ. პუტუნი, ს. ლავროვი და სხვ.) უწევდნენ პროპაგანდას. ნამდვილი და არა მოგონილი ისტორია მთლიანად საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარესაა. შეადგინა ჯ. გამახარიამ. მოწონებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ.#სოხუმი #აფხაზეთი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily