სამართალდამცავი უწყებები და პოლიცია ძალიან გვეხმარება კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დაცვაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„სამართალდამცავი უწყებები და პოლიცია ძალიან გვეხმარება კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დაცვაში. სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საპატრულო პოლიცია დაეხმარა. მადლობა მათ, რადგან რეჟიმი გამკაცრდა. რეჟიმი უფრო მეტად, უფრო კარგად დაცულია, ვიდრე მაშნ, როდესაც კარანტინისა და თვითიზოლაციას დაცვის წესებს მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა ამონიტორინგებდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. სამინისტროს თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი.
#პოლიცია
#შსს
#კორონავირუსი