“ბავშვობაში ხშირად ვხატავდით აფხაზეთს, ნანახი არ გვქონდა, მაგრამ მშობლებისგან დეტალურად ვიცოდით როგორ გამოიყურებოდა” - მარიამი, 24 წლის, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი.
“პირველად აფხაზეთი დავხატე, გამოფენაზეც გაიტანეს, უზარმაზარ ტილოზე მქონდა ზღვის სანაპირო დახატული, ძალიან პატარა ვიყავი და ჩემი პირველი დიდი ნახატი სწორედ აფხაზეთს ეძღვნებოდა” - სალომე გულორდავა, მხატვარი 24 წლის.
ნახატები ყოველთვის საინტერესოა, ადამიანების ფიქრები, გადმოცემული მათივე ხელით ტილოზე..
მითუმეტეს საინტერესოა როგორ ხატავენ აფხაზეთს ბავშვები და უკვე პროფესიონალი მხატვრები.
ეს პოსტი ნახატებს ეძღვნება, რომლებზეც აფხაზეთია დახატული.
ისტორიებს ყველაზე საინტერესოდ ბავშვები გადმოსცემენ და პოსტს ბავშვების ნახატებით დავიწყებთ:
“მე ვარ ამ ნახატის ავტორი თათია გაბუნია. აფხაზეთი ჩემი ტკივილია!
მე ის არასდროს მინახავს, მაგრამ პროექტზე მუშაობამ მაგრძნობინა ტკივილი.
შ. ნიშნიანიძის ლექსმა გამიმძაფრა სურვილი აფხაზეთის ნახვის, აფხაზი თანატოლების გაცნობის.. სურვილი უკვე ოცნებად მექცა. სწორედ ეს ოცნება მინდოდა ამერეკლა ცრემლით სავსე თვალში. ასეთი თვალები აქვს აფხაზეთის დაბრუნების მოიმედე ქართველებს: ლურჯი, უძირო, სიცოცხლით სავსე და ტკივილნარევი, რომელშიაც ირეკლება სოხუმის ზღვა და მზე, პალმები და თოლიები.”
თათია 10 წლის.
“მე ანრი უღრელიძე ვარ. მიყვარს Paint პროგრამაში ხატვა.
შ. ნიშნიანიძის ლექსის მოსმენის შემდეგ მომინდა დამეხატა ზღვის სანაპირო, შორს ლურჯი მთები, ამომავალი მზე, სანაპიროზე პალმები და აფხაზეთში გაზრდილი , , ჩაუქი და რაინდი“ მეგრელი ხვიჩა. ამ ნახატზე მუქი ჩრდილები ქართველთა და აფხაზთა გულისტკენაა, ხოლო წითელი ფერი ის სისხლია, რომელიც ქართველმა ბიჭებმა საკუთარი მიწის დასაცავად დაღვარეს მიწაზე. ასეთია ჩემი თვალით დანახული , , აფხაზური კანტატა“.
ანრი 9 წლის.
მე ანანო კეკელიძე ვარ. შ. ნიშნიანიძის ლექსი , , აფხაზური კანტატა“ ქართველი და აფხაზი ხალხის ტრადიციულ მეგობრობას უმღერის.
მე დავხატე , , აფხაზურ-მეგრულად“ ამღერებული ვაჟკაცები, რადგან მჯერა, რომ მართლაც გადმოლახავენ ენგურს აფხაზი ვაჟკაცები ურაიდარაიდათი და მშიბზიას ეტყვიან უმზრახ ძმებს.”
ანანო. 9წლის.
ხშირად იმართება კონკურსები ბავშვებისთვის აფხაზეთის თემაზე, სამწუხაროდ ყველა მახატი არაა ინტერნეტში ატვირთული.
________________________________________
აფხაზეთი მხარვრების თვალით
დავით ბაძაღუას სერია: “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი”
თანამედროვე ქართველმა მხატვარმა დავით ბაძაღუამ, პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი“-ს ფარგლებში შექმნა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლის – ბედიის, ილორის, მოქვის, ლიხნის, ანაკოფიის, გაგრის, დრანდის ჭუბურხინჯის და სხვ. – ფერწერული და გრაფიკული სურათების სერია.
მხატვრის მიზანს წარმოადგენს აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცოცხლება ფერწერასა და გრაფიკაში, ქართული კულტურის ძეგლების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის ხელშეწყობა.
დავით ბაძაღუა: „თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მდიდარი ქართული ისტორიულ – კულტურული მემკვიდრეობაა შემორჩენილი.
ამ ძეგლებმა საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო, როგორც სიმბოლომ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ – კულტურული ერთიანობისა და სულიერი გაუტეხელობისა.
მსოფლიოს საგანძურის თვითმყოფად და საინტერესო ნაწილად აღიარებული ძეგლების კედლებიდან თანდათან შლიან უნიკალურ ფრესკებსა და ისტორიული ინფორმაციის შემცველ უძველეს ქართულ წარწერებს, რითაც ცდილობენ, საბოლოოდ გააქრონ ამ ძეგლების ქართული წარმომავლობის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტები.”
დავით ბაძაღუას დღემდე მრავალ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ნამუშევრები ინდივიდუალობით გამოირჩევა და ხელოვნების მოყვარულთა ყურადღებასაც იმსახურებს.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას თქმით, დავით ბაძაღუას შემოქმედებაში ისახება იმპროვიზაციის, თამაშის, წარმოსახვის აშკარა ნიჭი. ცხადია, ეს ხდება მხატვრული ენის ფლობის თითქმის თანდაყოლილი უნარის საფუძველზე, რომელიც მან განავითარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლისა და საკუთარ თავზე დაუზოგავი მუშაობის პროცესში.
ქეთი დავლიანიძის აფხაზეთი
2019 წლის 7 აგვისტოს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა ქეთი დავლიანიძის გამოფენას - ქეთი დავლიანიძის აფხაზეთი.
ექსპოზიცია ანტისაოკუპაციო აქცენტით, აფხაზეთის თემაზე იყო და სიმბოლურად აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეძღვნებოდა. ავტორს აფხაზეთთან პირადი ისტორია და სახლი აკავშირებს. პეიზაჟების და ემოციების გახსენება ფერებით მხატვრისთვის ერთგვარი გზაა მისი წილი აფხაზეთის დასაბრუნებლად.
ქეთი დავლიანიძის გამოფენა მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში 7 აგვისტოს გაიხსნა და 14 აგვისტომდე გაგრძელდა.
აუდიო-ვიდეო ინსტალაცია, რომელიც გამოფენის ნაწილი იყო, მივიწყებული ემოციების გამოღვიძებას, გულგრილობისა და აპათიის გადალახვას ისახავდა მიზნად. ქეთი დავლიანიძის ფერწერულმა ტილოებმა მელიქიშვილის გამზირზე გაისეირნა - გამოფენა რუსთაველის #7-ში თავად მივიდა დამთვალიერებელთან და ამ ფორმით ქეთის ხელოვნება შეახსენა მას დიდი ხნის მივიწყებულ, ხელოვნურად დათრგუნული გრძნობები.
ვიდეოინსტალაცია ასახავდა გამვლელებისა და ნახატების შეხვედრას, ამ აქტით გამოწვეულ რეაქციებს, ემოციებს. ვიდეოარტის მიზანი იყო, არ დავრჩეთ გულგრილნი და შევახსენოთ ჩვენს თავს ის, რასაც ვერ ვხედავთ, რაც არ უნდა დავივიწყოთ და რაც, ამავე დროს, ჩვენი განუყოფელი ნაწილია.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოები:
ბიჭვინთა
სოხუმის ბულვარი
რიწის ტბა
გაგრიფში
სოხუმის ხედი
გულრიფში
ბოლოსთვის რუსი მხატვრის იმპრესიონიატულ ნახატი შემოვიტოვე,
ოლგა პეტროვსკაია, საქართველო, აფხაზეთის სანაპირო.
სტატიის ავტორი: მარიამ თოფურია / მომო
წყარო:
http://me-8klasi.blogspot.com
Ambrioni.ge
Parlamenti.ge
Finearts.ge
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სოხუმი
#მხატვრები
#პოლიტიკა
#ხელოვნება
#ქართველიმხატვრები
#ქართველიმხატვრობა
#ბავშვები
#ნახატი
#ნახატები
#აფხაზეთი
#აფხაზეთისაქართველოა
#აფხაზეთიჩვენია
#აფხაზეთიჩემია
#აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა
#აფხაზები
#ოკუპირებულიაფხაზეთი
#sokhumi
#sokhumidaily