ჩვენი საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში არიან გადასული და ხდება ზუსტი აღრიცხვა ყველა ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულ ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მუდმივ კავშირზე ვიმყოფებით. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად უცხოეთში იმყოფებიან, რჩებიან სახლში და სახლის პირობებში თვითიზოლაციას გადიან, მათ უმარავი კითხვა აქვთ, სამწუხაროდ ბევრ ქვეყანაში მათ ამ კითხვაზე პასუხს ვერ იღებენ, ამიტომ საკონსულოები და საელჩოები მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შევთანხმდით, რომ თბილისში სპეციალური მიმართულებით გამოიყოს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ზუსტი პასუხი გასცეს. ალბათ ჩამოვყალიბდებით ამ საკითხზე და მალე საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში საშუალება ექნებათ რეკომენდაციები ჩვენი სპეციალისტებისგან მიიღონ“, - განაცხადა მინისტრმა.
#საქართველო
#georgia
#onlineservice