საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, სინოდის სხდომამდე პირადი მოსაზრებებისგან თავი შეიკავონ

0
საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, რომ სინოდის სხდომამდე ზიარების წესთან დაკავშირებით პირადი მოსაზრებებისგან თავი შეიკავონ. სხდომა ხვალ, 20 მარტს გაიმართება. "კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას", — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 15 მარტს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების გამო სინოდის სხდომა უნდა შეიკრიბოს და ერთიან პოზიციაზე შეჯერდეს. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრა იმისთვისაცაა საჭირო, რომ გაირკვეს რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა. მისი თქმით, გაურკვეველია ვინ არის ის, ვინც ეკლესიის სახელით საუბრობს, რადგან რეკომენდაციები, რომელსაც ეკლესია გასცემს, პირადად პატრიარქისგან არ მოუსმენია. "არის იმის საშუალება მგონი, რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშავოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მხრებზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა მოხდება", — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. კორონავირუსის პრევენციისთვის ერთჯერადი კოვზით ზიარებაზე საპატრიარქომ უარი თქვა, თუმცა განაცხადა, რომ ზიარების შემდგომ სასმლის (სიტკბოების) მიღება მრევლს ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქით შეუძლია. გარდა ამისა, მრევლს მისცეს რეკომენდაცია ყოველ დილას, უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ და სახლსა და სამსახურში აპკურონ. ასევე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ყველა ტაძარში უნდა დაირეკოს ზარი და მრევლმა, ეკლესიაში და სხვაგანაც, ერთად ილოცოს. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
#religion
0