მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139363 საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება იქნება აუცილებელი სამუშაო ადგილზე და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე-აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. „საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება იქნება აუცილებელი სამუშაო ადგილზე და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურად მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც მოუწევთ გადაადგილება, რომლებსაც მოუწევთ მისვლა სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისათვის, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს გამოცხადება“, - განაცხადა ჩიქოვანმა. მისივე თქმით, თითოეულ სამინისტროსა და უწყებას, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიეცა ინსტრუქცია, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აქ არ არის საუბარი საგანგებო მდგომარეობაზე, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ პრევენციისთვისაა მიმართული. ამასთან, ჩიქოვანის თქმით, საქართველო უკვე გადადის გავრცელების ფაზაზე, რის გამოც მოსალოდნელია კორონავირუსით დაინფიცირებულთა ოდენობის ზრდა. "სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება ადამიანთა რიცხვი, ვინც არის კორონავირუსით დაინფიცირებული. ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შეკავება მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა. როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც ამ სფეროში არიან. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ის ფაქტები, როცა ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქლაქეები, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნის, თითოეული მათგანისა და სხვებისთვის. აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის. დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველამ ერთად მოვერიოთ კორონავირუსს. მინდა გითხრათ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ პრევენციისთვისაა მიმართული, " - განაცხადა ჩიქოვანმა.
0