რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ ხუთ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება

0
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტი იმყოფება. როგორც კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, საავადმყოფოში მყოფ ხუთ პირს ლუგარის ლაბორატორია დღეს აუღებს ანალიზს. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტია. დღის განმავლობაში რამდენიმე პაციენტი წავიდა. გუშინ ჯამურად ექვს პაციენტს ჩაუტარდა კვლევა „კოვიდ-19“-ზე და ყველა ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს ხუთ პაციენტს უღებს ლუგარი ანალიზს და მის პასუხებს დაველოდებით. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორს აღენიშნება პნევმონიის ნიშნები, მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ეს პნევმონია არ არის „კოვიდთან“ ასოცირებული“, – განაცხადა ლევან გოფოძემ. მისივე ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია რესპუბლიკური საავადმყოფოს დაქვემდებარებაში მყოფი საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაც. „რაც შეეხება სხვა საკარანტინო სივრცეებს, რომელთაც კურირებს რესპუბლიკური საავადმყოფო, მოგეხსენებათ, ასეთი სამია: ისანი, დიღომი და რუსთავი. ამ საკარანტინო სივრცეებში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა უჩნდება, სასწრაფო წესით გადაგვყავს სხვადასხვა კლინიკაში, თუ საჭიროა ჩვენთანაც. გააჩნია, რა კლინიკური სიმპტომები ექნებათ გამოხატული. მათგან ბევრი ითხოვს უკვე, რომ გავიდეს კარანტინიდან თვითიზოლაციაზე, მაგრამ ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ამას სათანადო ორგანოები ამოწმებენ და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. რუსთავში, სადღაც 88 ადამიანია, 60-მდეა თითქმის ისანში და დაახლოებით 80-მდეა დიღმის საკარანტინე ზონაში“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
#კორონავირუსი
#საქართველო
0