ის, რაც არის მზე ხილულ სამყაროში, არის სიკეთის იდეა აზროვნებით საწვდომ სამყაროში. ხილული სამყარო ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამყაროა, რომელშიც არსებობენ ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, საყოფაცხოვრებო საგნები და
ა. შ. მაგრამ რას ნიშნავს სამყარო, რომელსაც მხოლოდ აზროვნებით შეიძლება მივწვდეთ? პლატონის მიხედვით, ყოველთვის, როდესაც რაღაცის არსს გვინდა ჩავწვდეთ, ჩვენ მის იდეამდე მივდივართ. გვინდა გავიგოთ, რა არის სამართლიანობა?
მაშინ უნდა დავადგინოთ, რა არის სამართლიანობის იდეა. გვინდა გავიგოთ, რა
არის მეგობრობა? უნდა გავარკვიოთ, რა არის მეგობრობის იდეა. იდეის ქვეშ იგულისხმება ის გამაერთიანებელი, რომელიც სხვადასხვაგვარად ვლინდება ცალკეულ
ფენომენებში.
სწორედ აქაა პლატონის მოძღვრების მთავარი აზრი: არსებობს არა მხოლოდ
ცალკეული, ხილული საგნების სამყარო, არამედ იდეების სამყაროც, რომელსაც
თვალით ვერ დავინახავთ და ხელით ვერ შევეხებით. ამ მეორე სამყაროს მხოლოდ
აზროვნებით შეიძლება მივწვდეთ.