http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139394
მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ იტალიაში, ბერგამოს რაიონის საავადმყოფოებს ფილტვების ვენტილაციის აპარატების საკვანძო ნაწილის - სარქველების დეფიციტი შეექმნა, იტალიურმა სტატაპმა Isinova-მ დეფიციტური ნაწილები 3D პრინტერის საშუალებით, რამდენიმე საათში დაბეჭდა.
საუბარია, ბერგამოსა და ბრეშიას შორის მდებარე კიარის დასახლებაზე, რომლის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში Covid-19-ით ინფიცირებული 250 ადამიანი მკურნალობს. ლომბარდიის პროვინციაში ყველაზე მძიმე ვითარება ინფიცირებულების რაოდენობით სწორედ ამ რეგიონშია.
რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ საავადმყოფოებს ჟანგბადის სარქველების დეფიციტი შეექმნათ, სწორედ ამ მოწყობილობის მეშვეობით ამუშავებენ ფილტვების ვენტილაციის აპარატს, რომელიც მკურნალობის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თითო სარქველი მხოლოდ 8 საათიან მუშაობაზეა გათვლილი და ინფიცირებულების რაოდენობის სწრაფი ზრდის ფონზე მათი რაოდენობა შეზღუდულია.
ჟანგბადის სარქველების უკმარისობის შესახებ პირველად ადგილობრივმა გამოცემა Giornale di Brescia-მ შეიტყო. თავის მხრივ გამომცემლობის ჟურნალისტი დახმარების სათხოვნელად ადგილობრივ ბიზნესმენებს დაუკავშირდა.
"ჩვენ გვითხრეს, რომ საავადმყოფოებს ჟანგბადის სარქველები ჭირდება და მზარდი მოთხოვნის გამო საკმარისი რაოდენობით მიწოდება ვერ ხერხდებოდა, გვითხრეს, რომ ახალი სარქველებს ვერ შოულობდნენ", — ამბობს Reuter-თან საუბარში სტრატაპის მფლობელი კრისტიან ფრაკასი.
მიღებული ზარიდან რამდენიმე წუთში ფრაკასი კიდევ ერთ სტარტაპერთან ერთად ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში სარქველის მოდელის წამოსაღებად მივიდა. აქედან ოთხ საათში კი 3D პრინტერით დამზადებული პირველი სარქველი მედიკოსებს მიაწოდეს.
"ჩვენს მიერ დამზადებული სარქველი ერთ-ერთ პაციენტზე გამოცადეს. ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად მუშაობს, ამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით ოფისში და ჟანგბადი სარქველების ახალი პარტიის ბეჭდვა დავიწყეთ", — ამბობს ფრაკასი.
"ტაბულა"